28 მაისს ფეისბუქ-გვერდმა Lilkidocap გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ბანკი ვაკანსიებს აცხადებს და 3 წუთიანი დავალებების შესრულების შემდეგ ფეისბუქ-მომხმარებლებს ანაზღაურებას მყისიერად გადაუხდიან. პოსტზე ვხედავთ საქართველოს ბანკის ლოგოს, ხოლო ტექსტი ფეისბუქ-მომხმარებლებს 200-დან 500 ლარამდე საშუალო დღიურ შემოსავალს პირდება. პოსტის მიხედვით, დასაქმების პროცესში ჩასართავად საჭიროა ფეისბუქ-მომხმარებლებს ჰქონდეთ საბანკო ბარათი და რეგისტრაციისთვის “დააწკაპუნონ.”
საქართველოს ბანკის სახელით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა “მითების დეტექტორთან” აღნიშნულ განცხადებასთან კომპანიის კავშირი უარყო და განმარტა, რომ დასაქმების ამგვარი პროგრამა საქართველოს ბანკს არ აქვს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “მითების დეტექტორი” საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანიას დასაქმების ამგვარი პროგრამა არ აქვს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია კომპანიის სპეციალურ ოფიციალურ ვებ-საიტზე ქვეყნდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოქვეყნებულ პოსტში არაერთი გრამატიკული შეცდომაა დაშვებული, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ განცხადების ტექსტი სხვა ენიდან ავტომატური სათარგმნი პროგრამითაა თარგმნილი. ასევე, ტექსტი სოციალური ქსელის მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ „განაცხადისთვის ახლავე დააწკაპუნონ,” მაგრამ არც გვერდზე და არც პოსტზე რაიმე ბმული მითითებული არაა.
გვერდზე კომპანიის შესახებ რაიმე ტიპის ინფორმაცია გამოქვეყნებული არ არის და მხოლოდ მიმზიდველი პირობების მქონე ვაკანსიას ვხედავთ, რაც აჩენს ეჭვს, რომ იგი შესაძლოა კიბერთაღლითების მიზნით იყოს შექმნილი. ამ ტიპის პოსტებს META სამსახურთან დაკავშირებულ თაღლითობად (Job Scams) განიხილავს. თუმცა საინტერესოა, რომ ამ შემთხევევაში მომხმარებლისთვის სარეგისტრაციო ბმული, სადაც მის პირად ინფორმაციას მოითხოვენ, მითითებული არ არის.
გვერდის შესახებ
ნიშანდობლივია, რომ გვერდი Lilkidocap 2022 წლის 14 ოქტომბერს შეიქმნა. თავდაპირველად მას 릴키도캡 Lilkidocap ერქვა. 2023 წლის 2 მაისს გვერდმა სახელი შეიცვალა და სახელიდან კორეული წარწერა წაშალა. აღსანიშნავია, რომ არცერთი სახელი საქართველოს ბანკთან ან მის საქმიანობასთან კავშირში არაა.
ფეისბუქ-გვერდის საქმიანობის კატეგორიაში მითითებულია, რომ ის ტანსაცმლის ბრენდია. გვერდზე კი განთავსებულია მხოლოდ პროფილის და გარეკანის ფოტოები. სწორედ გარეკანის ფოტოზეა მოცემული საქართველოს ბანკის სახელით გამოქვეყნებული განცხადება დასაქმების შესახებ. ხოლო პროფილის ფოტოზე გამოყენებული ლოგო ანდროიდისთვის განკუთვნილ ერთ-ერთი პროგრამის ლოგოს ემთხვევა.
ამას გარდა, გვერდის რეკლამების ბიბლიოთეკაში რამდენიმე პოსტს ვხვდებით. მათგან ორი შინაარსობრივად გარეკანის ფოტოზე გამოყენებული ტექსტის იდენტურია. ხოლო საკონტაქტოდ ფეისბუქის ზოგადი ბმული fb.me არის მითითებული.
ამასთანავე, 31 მაისიდან Lilkidocap რეკლამას ორ განსხვავებულ პოსტს უკეთებდა. აღნიშნული პოსტები ფეისბუქ-მომხმარებლებს ყველანაირი გამოცდილების გარეშე WhatsApp ასისტენტის პოზიციაზე სამუშაოდ იწვევდა. საქართველოს ბანკის სახელით გავრცელებული ვაკანსიების მსგავსად, ამ განცხადებებშიც არაერთი გრამატიკული შეცდომა იყო დაშვებული.
თეიმურაზ კობახიძე
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.