20 მარტს “სალტეზე” გასულ გადაცემაში “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად” პოლიტოლოგმა ედიშერ გვენეტაძემ თქვა, რომ თბილისში ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებისას 1-2 დემონსტრანტი დაშავდა და მათ ჯანმრთელობისათვის საშიში დაზიანებები არ მიუღიათ.
ედიშერ გვენეტაძე (1:00:00): “ხუთი დღე რუსთაველზე ომი მიმდინარეობდა. ტყუილს ვლაპარაკობ? ომი იყო, ფაქტობრივად, ეგა, რა. სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ გამოცხადებული ომი. და ისე ჩაატარეს ეს ოპერაციები [შსს-მ], რომ რაღაცა ერთი თუ ორი ადამიანი იქნა დაშავებული, ისე, რომ მათ… როგორ გითხრათ, იცი, მთელი ცხოვრების მანძილზე თავისუფლად შეეძლებათ ცხოვრება და ჯანმრთელობისათვის არავითარ, ისა, საშიში დაზიანებები არ მიუღიათ. […] ეს არის ქართული სახელმწიფოს უდიდესი მიღწევა, მე ასე მიმაჩნია, ყოველი შემთხვევისათვის.”
მცდარია ედიშერ გვენეტაძის მტკიცება საპროტესტო აქციებისას დაშავებული ადამიანების სტატისტიკაზე. ნოემბერ-დეკემბრის დემონსტრაციებზე ასობით ადამიანი დაშავდა, რაც სახალხო დამცველის ანგარიშით, დაშავებულების გამოხმაურებით, მედიასა და სოციალურ ქსელში არსებული ინფორმაციითა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებით დასტურდება. ამასთანავე, არაერთი უფლებადაცვითი ორგანიზაცია საუბრობს აღნიშნული მოვლენებისას შსს-ს თანამშრომლების მიერ ძალადობის მასშტაბსა და პროპორციულობაზე.
საქართველოში 2024 წლის 28 ნოემბრიდან ყოველდღიური სამოქალაქო პროტესტია. დემონსტრაციები მოჰყვა “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს. მოსახლეობისა და პოლიტიკოსების, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ნაწილმა აღნიშნული განცხადება აღიქვა, როგორც ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარის თქმა.
“ქართული ოცნებისა” და მათთან დაკავშირებული მედია დღემდე საუბრობს გასული წლის ბოლოს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე. საპროტესტო აქციებს იმგვარად წარმოაჩენენ, თითქოს საპოლიციო ძალებსა და სპეცრაზმის დანაყოფებს ძალისთვის არ გადაუმეტებიათ და დაშავებულებზე საუბრისას მხოლოდ პოლიციელებს ახსენებენ.
საპროტესტო აქციებზე არაერთი დემონსტრანტი დაშავდა. დააკავეს ასობით მათგანი, რომელთაგან 50-მდე პირის მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. არ არსებობს საერთო სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა პროტესტის პირველ დღეებში, თუმცა მედიისა და უფლებადაცვითი ორგანიზაციების მონაცემებით, ასევე თავად დაშავებულების მონაყოლით, აშკარაა, რომ მათი სტატისტიკა “ერთ თუ ორ ადამიანს” ბევრად აღემატება.
-
დაშავებული დემონსტრანტები
საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში ასობით ადამიანი დაშავდა. საქართველოს სახალხო დამცველია აპარატის თანამშრომლებმა 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით დაკავებული და კლინიკაში გადაყვანილი 268 პირი მოინახულა. მონიტორინგის შედეგად დაადგინეს, რომ მათი უმრავლესობა 191 პირი საპოლიციო ძალების მიერ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, ხილული დაზიანებები კი 138 მათგანს აღენიშნება.
საგამოძიებო მედიამ “სტუდია მონიტორი” ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე საპოლიციო ძალებისა და სპეცრაზმის მიერ დაშავებულ ადამიანებთან ისაუბრა. 10 რესპონდენტი ჰყვება, ძირითადად, დაკავების შემდეგ როგორ სცემეს და დაემუქრნენ. მათ უმრავლესობას ფიზიკური დაზიანება, მოტეხილობები, სახეზე აღენიშნება, ზოგიერთი ისევ კლინიკაში მკურნალობდა. ამავე საგამოძიებო სიუჟეტში სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ ის მოპყრობა, რაც მან დემონსტრანტების წინააღმდეგ ნახა, წამებას უტოლდება, ხოლო კანონით ის არასათანადო მოპყრობად ფასდება.
არაერთი მედია ცდილობდა დეკემბრის დასაწყისში დაკავებული და ძალოვანი უწყების თანამშრომელების მიერ დაშავებული ადამიანების სრული რაოდენობის დადგენას. ონლაინგამოცემა Jam News-მა, ყველაზე მეტი, 300-მდე ადამიანის იდენტიფიცირება მოახერხა. არაერთმა დემონსტრანტმა საკუთარი დაშავებისა თუ ცემის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მედიასთანაც ისაუბრა.
განსაკუთრებით რთული იყო 3 დეკემბერს დაშავებული ერთ-ერთი დემონსტრანტის, ალექსი თირქიას მდგომარეობა. როგორც მაშინ ექიმები ამბოდნენ, პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის, თვალბუდის ზედა კიდის მოტეხილობითა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით. ის რამდენიმე დღე მედიკამენტური ძილში ქვეშ იყო. კლინიკის დატოვების შემდეგ თირქიამ მედიასთან თქვა, რომ მისი დაშავების მომენტი ზუსტად არ ახსოვს, თუმცა ვიდეომასალით, მონაყოლითა და სამედიცინო დასკვნით ადგენენ, რომ მას სახეში, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა. თირქიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20 დეკემბერს მისმა ბიძამ თქვა: „თვალი აქვს საოპერაციო და შუბლზე აკლია ძვლის ფრაგმენტი – საკმაოდ დიდი, რაც მოხვედრილმა საგანმა შეუმტვრია და თვალს ვერ ახელს. დიდი ალბათობით, დაზიანებული აქვს სამწვერა ნერვი, რომელიც პასუხს აგებს თვალის დახურვა-გაღებაზე.”
კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ძალოვანი უწყების თანამშრომლების მიერ დემონსტრანტზე ძალადობა ჩანს, ზვიად მაისაშვილის ცემის ვიდეოა. კადრებში ჩანს ძირს დაგდებულ დემონსტრანტს როგორ ურტყამს ორი სპეცრაზმელი. მაისაშვილმა მაშინ ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირი ჰქონდა გატეხილი.
აღსანიშნავია, რომ გარდა ფიზიკური ძალადობისა, შსს-ს დანაყოფები აქციის დასაშლელად სპეციალურ საშუალებებს, ცრემლმდენ გაზს, წიწაკის სპრეისა და წყლის ჭავლს იყენებდნენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის ასევე არაა უსაფრთხო.
-
დაშავებული ჟურნალისტები
გასული წლის ბოლოს საპროტესტო აქციების პირველივე დღეებში არაერთი ჟურნალისტიც დაშავდა. მათ შორის იყო ონლაინგამოცემა “პუბლიკის” რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი. მოგვიანებით ჟურნალისტმა დაწერა, რომ ნიღბიანმა პირებმა დააკავეს და სცემეს. ჟურნალისტს ფიზიკური დაზიანებები, ძირითადად, სახის არეში აღენიშნებოდა. როგორც თავად ჰყვება, ჰქონდა ცხვირის მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც, ოპერაცია ჩაუტარდა.
28 ნოემბრის ღამეს სპეცრაზმელის ძალადობის შედეგად დაშავდა ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, გურამ როგავაც. მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელი ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის შესრულებისას თავს ესხმის და ურტყამს. მალევე ჟურნალისტის მკურნალი ექიმის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ გურამ როგავას სახის ძვლები და კისრის მალა ჰქონდა მოტეხილი.
ასევე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სპეცრაზმელების მიერ ცემის შესახებ საუბრობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჩართვის ოპერატორი, დავით ბეჟანიშვილი. როგორც ის პირველი არხის სიუჟეტში საუბრობს, სახეზე ჩალურჯებები აღენიშნებოდა და ცხვირი გაბზარული ჰქონდა. “ეს რომ წამოვიდა, ეს სადამსჯელო ჯგუფი და რაღაცა, არა, ჩვეულებრივად გავჩერდი ერთ ადგილას. ხელი მკრა და შემომაგდო და ერთი მომხვდა თვალის მიდამოში და მერე კარგავ გონს, გაბრუებული ხარ და ვეღარ იგებ, აბსოლუტურად, დანარჩენ დარტყმას ვეღარ იგებ, რა. თავზე მაწვებოდნენ, რომ ნიკაპით დამეკეტა ხორხის ესა და ჰაერი აღარ ჩავიდა, ვიგუდებოდი,” – ამბობს ის “პირველი არხის” სიუჟეტში.
მედიის თანამშრომლებზე თავდასხმის კიდევ ერთი შემთხვევა 7 დეკემბრის საღამოს მოხდა. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს ნიღბიანი პირები იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი პირდაპირ ეთერში იმყოფებოდნენ. კადრებში ჩანს, რომ უცნობი პირები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და შემდგომ ფიზიკურად უპირისპირდებიან ჟურნალისტს. მოგვიანებით გავრცელდა ოპერატორის ცემის კადრებიც. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა თავდამსხმელებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დაჰკისრებიათ.
მედიაკრიტიკისა და ანალიზის პლატფორმა “მედიაჩეკერმა” საპროტესტო აქციის პირველივე ღამეს 40-მდე დაშავებული ჟურნალისტი დაითვალა.
-
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება საპოლიციო ძალების ძალადობაზე
საქართველოში ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების დარბევას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია გამოეხმაურა და ძალადობის მასშტაბი და კანონიერება შეაფასა. ორგანიზაციამ “საერთაშორისო ამნისტია” საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა ანგარიში და დაადგინა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა დარბევის სასტიკ მეთოდებს, თვითნებურ დაკავებას, წამებასა და სხვა არასათანადო მოპყრობას. “საერთაშორისო ამნისტიის” თანახმად, აქციებისას დააკავეს 460-ზე მეტი ადამიანი და მათი უმრავლესობა, 300-მდე დემონსტრანტი არაადამიანურ მოპყრობაზე მიუთითებს.
ნოემბერ-დეკემბრის მოვლენები შეისწავლეს გაერო-ს ექსპერტებმაც. ექსპერტები გამოვიდნენ მოწოდებით, გამოძიებული იქნას სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადამეტების, არაადამიანური მოპყრობის, თვითნებური დაკავებისა და წამების შემთხვევები. ამასთანავე, გაერო-ს ექსპერტები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ აღნიშნული მოვლენებით გამოწვეული ზიანის სიმძიმე, “შესაძლოა წამებასა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, ან დასჯას უთანაბრდებოდეს”.
19 დეკემბერს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესა და “მაგნიტსკის სიაში” შეიყვანა. ამ სიაში ხვდებიან ისეთი ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანების უფლებების დარღვევაზე, კორუფციასა და ან სხვა მძიმე დანაშაულებზე.
ამდენად, მცდარია მტკიცება, თითქოს ნოემბერ-დეკემბერში გამართულ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დაშავდა და ისინიც მსუბუქად. დემონსტრანტების მონაყოლით, მედიაში არსებული ინფორმაციისა და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებების თანახმად, გასული წლის ბოლოს შსს-ს დანაყოფები სპეციალური საშუალებებით არბევდნენ აქციებს და ფიზიკურად ძალადობდნენ დემონსტრანტებზე. ასევე, არ გავრცელებულა ცნობა აღნიშნული მოვლენებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საბაბით რომელიმე პოლიციელის ან სპეცრაზმელის პასუხისგების შესახებ.
28 ნოემბრის შემდგომ საპროტესტო აქციებში ჩართული დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული არაერთი ყალბი ცნობა და ვიზუალური მანიპულაცია გავრცელდა, რასაც “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.