30 მარტს დეზინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშმა “დავით ჯებაშვილი” გამოაქვეყნა ვიდეო, აღწერით “გზას აცდენილები”, რომელსაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას უკავშირებენ. კადრებში ჩანს, რომ ქუჩაში ქალები ცეკვავენ, პარალელურად კი ისმის შემდეგი შეძახილები: “არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა, გეშინოდეთ ხალხის ძალის – მოდის ხალხის ქარიშხალი, მოუსმინეთ ხალხის ხმას – ხალხი ითხოვს სამართალს, არ გაჩერდება ხალხის მდინარე – ქვეყნის გულიდან გამომდინარე, არ გავჩერდებით – ჩანიშნეთ არჩევნები, გამარჯვება ხალხშია…” ფეისბუქ-ანგარიშების ნაწილი ვიდეოზე ნაჩვენებ ქალებს პროტესტის მონაწილეებად აღიქვამენ.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო თბილისის საპროტესტო აქციას არ უკავშირდება. რეალურად, ის არგენტინაში, ერთ-ერთი აქციის დროსაა გადაღებული და მედიაში არსებული ინფორმაციით, ფემინისტების ცეკვას ასახავს. ვიდეოს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისთვის დამახასიათებელი ფრაზები მოგვიანებით აქვს დადებული.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ღია წყაროებშიც იძებნება (1, 2), თუმცა არც ერთ მათგანის ყურებისას არ ისმის უსამართლობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით საქართველოში გამართული საპროტესტო აქციებისთვის დამახასიათებელი ფრაზები. შეცვლილი აუდიო ვიდეოს მოგვიანებით დაადეს.
იდენტურ ვიდეოს ავრცელებს არგენტინული მედია Tucumán Digital. პოსტით ცნობილი ხდება, რომ ვიდეო არგენტინაში, პრეზიდენტ ხავიერ მილეის წინააღმდეგ 24 მარტს გამართულ აქციაზეა გადაღებული.
24 მარტი არგენტინაში ეროვნული დღესასწაულია. 1976 წლის 24 მარტს ქვეყანაში რამდენიმეწლიანი დიქტატურა დამყარდა. თარიღის გასახსენებლად კი არგენტინელები “ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის ხსოვნის დღეს” აღნიშნავენ. სწორედ ეროვნულ დღესასწაულზე გააპროტესტეს არგენტინელებმა მოქმედი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მმართველობაც. დემონსტრანტების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამდა პრეზიდენტის მიერ არგენტინის “ბინძურ ომში” მსხვერპლის რაოდენობის შემცირებაზე. მილეის თქმით, ომს 9000 ადამიანი ემსხვერპლა, რაც კრიტიკოსების შეფასებით სიმართლეს არ შეესაბამება, და მსხვერპლის რეალური რიცხვი 30 000-ს უახლოვდება. ამასთანავე, აქტივისტების ნაწილი პროტესტს შეუერთდა ხავიერ მილეის ინფლაციის წინააღმდეგ მიმართული მკაცრი პოლიტიკის გასაპროტესტებლად.
ქალების ცეკვის ვიდეოზე დაკვირვებითაც შეიმჩნევა, რომ ის თბილისში არაა გადაღებული. 24 მარტს არგენტინელი დემონსტრანტები ბუენოს აირესის საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის Google Maps-ით დათვალიერებით აშკარა ხდება, რომ ვიდეო სწორედ შენობის წინაა გადაღებული. შენობის ერთ-ერთი კარი, დეტალები და გარე განათების ბოძი ვიდეოში ნაჩვენების იდენტურია.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების დისკრედიტაციას სხვადასხვა გზით ცდილობენ. დეზინფორმაციულ პოსტებთან ერთად, მათ შორის, ხშირად ვრცელდება ვიდეოფაბრიკაციები და სხვა სახის ვიზუალური მანიპულაციები. ამგვარ საეჭვო პოსტებს “მითების დეტექტორი” სისტემატურად ამოწმებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.