2024 წლის 24-25 თებერვალს ქართულენოვანმა ფეისბუკ ანგარიშმა მაია თვალთვაძე და რუსულენოვანმა ფეისბუქ მომხმარებლებმა (1, 2), ასევე რუსულმა სამთავრობო მედია Царьград-მა და კრემლის პროპაგანდისტმა, ვლადიმირ სოლოვიოვმა გაავრცელეს საფრანგეთის პრეზიდენტის ფოტო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გარბის იგი. ავტორების მტკიცებით, პარიზის სასოფლო-სამეურნეო პავილიონის გახსნისას, იქ შეკრებილი ფრანგი ფერმერები სახელმწიფოს აგრარულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ და მაკრონზე თავდასხმაც სცადეს, რა დროსაც, მაკრონი გაიქცა.
ფოტო, რომელიც, თითქოს, მაკრონის ფერმერებისგან გაქცევას ასახავს, მანიპულაციურად ვრცელდება. ის 2023 წელსაა გადაღებული. რეალურად, საფრანგეთის პრეზიდენტი სასოფოლო-სამეურნეო გამოფენაზე მიწვეულ სტუმრებთან მისასალმებლად მიდის და ის ფერმერებს არ გაურბის.
ემანუელ მაკრონის ფოტო ახალი არ არის, ის ერთი წლის წინაა გადაღებული. პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა 1884 წელს დაფუძნებული ყოველწლიური ფესტივალია, წელს ის მესამოცედ ტარდება. გავრცელებული ფოტო სწორედ ამ ფესტივალზეა გადაღებული, თუმცა 2023 წელს. გასული წლის 25 თებერვალს ემანუელ მაკრონი პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის გახსნას დაესწრო, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო კი ფრანგული გამოცემა AFP-ის ჟურნალისტმა გადაუღო. Getty Images-ის აღწერის მიხედვით, ფოტოს გადაღებისას საფრანგეთის პრეზიდენტი პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე მის მიერ დაპატიჟებული სტუმრების მისასალმებლად ,,მირბოდა”.

პარიზის საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო გამოფენა წელს 24 თებერვლიდან 3 მარტამდე პერიოდში იმართება და ის ფერმერების პროტესტით გაიხსნა. ფრანგი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე ევროკავშირის მწვანე პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად შეიჭრნენ. მათი ნაწილი მაკრონს უყვიროდა და გადადგომისკენ მოუწოდებდა. ემანუელ მაკრონი სასოფლო-სამეურნეო გამოფენის გახსნას დაესწრო, რათა დებატები გაემართა ფერმერებთან, საკვების გადამამუშავებლებსა და საცალო გამყიდველებთან, თუმცა ფერმერებმა საბოლოოდ დებატებზე უარი თქვეს.
ფერმერები ევროპის მასშტაბით რამდენიმე კვირაა საპროტესტო გამოსვლებს მართავენ. მათ წლებია ტვირთად აწევთ საცალო ვაჭრობისა და სასოფლო-სამეურნეო კომპანიების ვალი, მათი ანაზღაურება მცირეა იაფი უცხოური იმპორტის გამო, ასევე ფერმერები აპროტესტებენ სუბსიდირების სისტემასაც. უკრაინაში განახლებულმა ომმა, ევროპელი ფერმერების მდგომარეობა უფრო გაართულა. ამ პერიოდში ხორბალზე ფასი მცირე პერიოდით გაიზარდა, რუსეთის აგრესიამ კი სავაჭრო ნაკადი შეაჩერა.
ფერმერთა საპროტესტო გამოსვლების შესახებ ყალბი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია. ვრცლად, იხილეთ:
- პარიზში თივის ზვინების ამსახველი ფოტო ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული
- უკრაინასა და საფრანგეთზე “ევრონიუსის” სახელით კიდევ ერთი გაყალბებული ვიდეო ვრცელდება
საფრანგეთის პრეზიდენტთან დაკავშირებით მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ცნობები ადრეც გავრცელებულა. მეტი ინფორმაციისთვის, იხილეთ ,,მითების დეტექტორის” მასალები:
- დეზინფორმაცია, თითქოს მაკრონს ევროკავშირიდან წევრი ქვეყნების გარიცხვა სურს
- SPUTNIK-ისა და Russia Today-ს 4 ტყუილი მაკრონსა და ,,ყვითელი ჟილეტების” დემონსტრაციებზე
- რაზე საუბრობს მაკრონი რეალურად და არიან თუ არა გერმანია და პოლონეთი დამოკიდებული რუსულ გაზზე?
წყაროს შესახებ:
ფეისბუქ ანგარიში მაია თვალთვაძე რეგულარულად ავრცელებს დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს. თვალთვაძის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” წარსულშიც არაერთხელ გადაამოწმა.
არქივის ბმულები: მაია თვალთვაძე, Царьград, ვლადიმირ სოლოვიოვი
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.