26-27 მაისს ფეისბუქის ქართულ და რუსულენოვანმა მომხმარებლებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ძალადობს საფრანგეთის პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი ფიზიკურად საფრანგეთის პრეზიდენტზე, ემანუელ მაკრონზე. ვიდეოში ისინი თვითმფრინავიდან ჩამოდიან, რა დროსაც პირველი ლედი მის მეუღლეს ხელით იჭერს, შემდეგ კი ხელს კრავს.
ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის ჩხუბის შესახებ ვიდეოფაბრიკაცია ვრცელდება. ვიეტნამში მათი ვიზიტი არაერთმა მედიამ გააშუქა და თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას მსგავსი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ვიდეო, თვითმფრინავიდან ჩამოსვლამდე მომხდარი ინციდენტის გამო, სავარაუდოდ, სატირული მიზნით შეიქმნა.
26 მაისს ემანუელ მაკრონი მეუღლესთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ვიეტნამს ეწვია, რა დროსაც კამერამ დააფიქსირა როგორ მოარტყა ხელი სახეში ბრიჯიტ მაკრონმა ქვეყნის მეთაურს, მაშინ როდესაც თვითმფრინავის კარი გაიღო. ამ საკითხს პრეზიდენტი მალევე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ ეს ხუმრობით გააკეთა. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ინტერნეტში არაერთი გასართობი შინაარსის, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მასალაც გავრცელდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა იმ ვიდეოს შექმნის საფუძველი, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი და პირველი ლედი უკვე კიბეებზე ჩხუბობენ. აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეოფაბრიკაცია სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება.
ემანულ მაკრონის ვიზიტს ბევრი საერთაშორისო მედია აშუქებდა და კადრებში კარგად ჩანს მისი და მისი მეუღლის თვითმფრინავიდან ჩამოსვლის მომენტიც, სადაც არანაირი დაპირისპირება არ დაფიქსირებულა. მათ ჩამოსასვლელი კიბეები მშვიდად ჩაიარეს და ვიეტნამის დელეგაციას შეხვდნენ.


ავთენტიკური კადრების გადამოწმების გარეშეც, აშკარაა, რომ ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო გაყალბებულია და სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი. მასზე დაკვირვებისას მარტივად შესამჩნევია არაერთი უზუსტობა. კერძოდ, უკანა ფონზე მოძრავი ხალხი, რომლებიც პრაქტიკულად “ჰაერში დადიან”.



წყაროს შესახებ:
ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო კვარაცხელია, რომელიც წარსულში “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი იყო, ამჟამად ძირითადად “ქართული ოცნების” მხარდასაჭერ პოსტებს და ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მადისკრედიტებელ ინფორმაციას აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაციის შემცველი პოსტები ”მითების დეტექტორს” წარსულში არაერთხელ აქვს გადამოწმებული.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















