2 ივნისს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად”, წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლას უკრძალავს.
ნიკოლოზ მჟავანაძე (39:32): „საფრანგეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვუკრძალავთო ჩვენს ტურისტებსო საქართველოში ჩამოსვლასო. ახლა გეკითხებით თქვენ – ევლოპა ლომ გინდათ ბევრს და ენის მოჩლექით ლაპარაკობთ „ევროპაში მინდა“, რომელ ევროპაში გინდა, შენ რომ ჩადიხარ, იქ ფულს ხარჯავ, და ის ევროპელი რომ ვერ ჩამოდის, იმიტომ რომ ხელისუფლება უკრძალავს – არ ჩამოხვიდეთ საქართველოშიო? ესეთი ევროპა გინდათ თქვენ?“
მტკიცება, თითქოს საფრანგეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობას უკრძალავს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება რეკომენდაციული ხასიათისაა, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისას პოტენციური სახიფათო შემთხვევების შესახებ აფრთხილებს.
-
რა განცხადება გაავრცელა საფრანგეთის საელჩომ საქართველოში?
ინფორმაცია, რომელიც ნიკოლოზ მჟავანაძემ არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა, საფრანგეთის საელჩოს მიერ 12 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებას ეყრდნობა. რეალურად, საფრანგეთის საელჩომ საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განაახლა. განცხადებაში საუბარია იმ პოტენციურ სახიფათო სიტუაციებზე, რომელიც მოსალოდნელია საქართველოში ვიზიტის შემთხვევაში. საელჩოს განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ დემონსტრაციები 28 ნოემბრიდან ყოველდღიურად იმართება, ეს ხშირად იწვევს პოლიციის მხრიდან დაპატიმრებებსა და დაშლას, განსაკუთრებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამიტომ, საელჩო საფრანგეთის მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ შეკრებებისგან.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მოგზაურებმა წინასწარ გამოიკვლიონ ის ფაქტორები, რამაც შესაძლოა რისკქვეშ დააყენოს მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. საელჩოს განცხადებაში არსადაა ნახსენები, რომ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლას უკრძალავს.
“საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე შეიძლება უარი ეთქვათ იმ პირებსაც კი, რომლებსაც აქვთ საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვა. მოგზაურებს მოვუწოდებთ, მოგზაურობამდე გამოკვლიონ ის ფაქტორები, რომლებიც მათ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკის ქვეშ აყენებს, მათ შორისაა საქართველოში გამართულ დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ ქსელებში აქტიურობა. საქართველოში შემდგომი შესვლა შესაძლოა განპირობებული იყოს ასეთ დემონსტრაციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაუყოვნებლივი გადახდით“ – აღნიშნულია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის საელჩოს შემდეგ საქართველოში მოგზაურობის რეკომენდაიცები პოლონეთის საელჩომაც განაახლა. ისინი საკუთარ მოქალეებს მოუწოდებენ საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ, არსებობს თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკს.
ამრიგად, ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება, თითქოს საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ჩასვლას უკრძალავს, არ შეესაბამება სიმართლეს. გავრცლეებული განცხადება რეკომენდაციული ხასიათისაა, რათა საფრანგეთის მოქალაქეებმა შეძლონ უსაფრთხოების ზომების დაცვა საქართველოში მოგზაურობისას.
მოამზადა მარიამ ჭრიკიშვილმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.





















