3 ივლისს ტელეკომპანია “იმედმა” ფეისბუქზე გაავრცელა ორი ვიდეო, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია საპარლამენტო კომისიაზე საუბრობს. პირველ ვიდეოში, რომელიც 14 აპრილის სხდომას ასახავს, გახარია ამბობს: “…ეს ტერიტორია [ჩორჩანის ტყე] ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხარეს და აქეთა ნაწილი არასოდეს, ასე ვთქვათ, ინტენსიურად კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით საკითხი არ დამდგარა…” ხოლო 2 ივლისის ჩანაწერში ოპოზიციის ლიდერი განმარტავს: “…ამ ტერიტორიაზე [ჩორჩანის ტყე] კონტროლი, ეფექტური კონტროლი, საქართველოს არ ჰქონდა…”
“იმედი” ვიდეოს აღწერაში აღნიშნავს, რომ პოლიტიკოსმა საგამოძიებო კომისიის სხდომებზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა.
ტელეკომპანია “იმედი” საპარლამენტო კომისიაზე გიორგი გახარიას გამოკითხვის შესახებ ვიდეომანიპულაციას ავრცელებს. რეალურად, გახარიამ ორივე სხდომისას აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჩორჩანის ტყის კონტროლი უჭირდა. 14 აპრილის სხდომაზე გიორგი გახარიამ განმარტა, რომ 2019 წლამდე არ არსებობდა ჩორჩანის ოკუპაციის ინტერესი და ის ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიად ითვლებოდა. მან ამავე სხდომაზე დაასახელა ის პრობლემები, რაც ქართულ მხარეს ტყის პატრულირებისას ექმნებოდა. შესაბამისად, მტკიცება, რომ გახარიამ ჩორჩანასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გააკეთა, სიმართლეს არ ასახავს.
2 ივლისს გიორგი გახარია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე გამოკითხეს. ეს საპარლამენტო კომისიაზე გახარიას მეორე გამოკითხვა იყო. 14 აპრილის სხდომაზე ოპოზიციის ლიდერმა 20 ივნისის დარბევის, პარტნიორებთან ურთიერთობის, გადადგომისა და ჩორჩანის ტყეში საგუშაგოს აშენების შესახებ ისაუბრა. 2019 წელს სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, პოლიციის საგუშაგო აიგო. გიორგი გახარიას მოწინააღმდეგეების პოზიციით, საგუშაგოს აგებამ ომის საფრთხე წარმოშვა. კომისიის წევრები პოლიტიკოსს ბრალს სდებენ ოფიციალურ უწყებებთან შეუთანხმებლად მოქმედებასა და ტერიტორიების დაკარგვაში. გახარიამ ორივე სხდომაზე ისაუბრა, თუ ვინ აკონტროლებდა ჩორჩანის ტყეს და რა საფრთხე ემუქრებოდა ტერიტორიას.
14 აპრილის სხდომაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჩორჩანის საკითხზე საუბარი ტერიტორიისა და შექმნილი ვითარების აღწერით დაიწყო:
გიორგი გახარია [3:47:30]: “ეს არის დიდი ტყის მასივი, დაახლოებით, 2000 ჰექტარი, მომიჯნავე სოფელ ჩორჩანასა და საოკუპაციო ხაზთან. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხარეს და აქეთა ნაწილი არასოდეს ინტენსიური, აქტიურად კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ტერიტორიასთან საკითხი არ დამდგარა. რაღაც მომენტში ამ ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების მიერ დაიწყო ადამიანების გატაცება […], რაღაც მომენტში ჩორჩანას ტყეში გაჩნდა აღნიშვნები, ესეთი მარკირებები, მცოცავი ანექსიის დროს როდესაც ჩნდება,” – თქვა გიორგი გახარიამ.
კომისიის წევრების შეკითხვების პასუხისას, პოლიტიკოსმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჩორჩანის ტყის გაკონტროლება უჭირდა. გახარიამ ისიც რამდენჯერმე გაიმეორა, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ტყეში ინტენსიური პატრულირების პრობლემა ჰქონდათ, რაც გზის გაუმართაობით ახსნა.
გიორგი გახარია [3:50:25]: “პრობლემა იყო იმაში, რომ ამ ტყეში გზა, რომლითაც პატრულირებდა გდდ-ს შესაბამისი უწყებები, იყო გაფუჭებული, პატრულირების დროს, პატრულირება შემდგომ უკვე ისეთი ინტენსიურობით ვერ ხდებოდა…”
გიორგი გახარია [3:58:56]: “ეს მარშრუტი, რომელზეც პატრულირება არ ხორციელდებოდა, იყო ძალიან დიდი ბნელი ლაქა, რომელზეც სერიოზული რისკი იყო, სერიოზული რისკი იყო, რომ წაიღებდნენ.”
14 აპრილის საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას გიორგი გახარიამ ისიც თქვა, რომ ტყეს არა ქართული მხარე, არამედ სეპარატისტები აკონტროლებდნენ. იმჟამინდელი შანაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით, მაშინ ტყის ტერიტორიაზე სეპარატისტები პატრულირებდნენ და იქ ქართული მხარე ვერ შედიოდა.
გიორგი გახარია [4:03:40]: “არა, არავის საგუშაგოები არ იყო, უბრალოდ ისინი აკონტროლებდნენ ამ ტყეს, იმიტომ რომ ისინი პატრულირებდნენ ამ ტყეში, ქართველები არ პატრულირებდნენ და იქ პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი და ჩვენ იქ ვერ შევდიოდით.”
აღსანიშნავია, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შესახებ საუბრისას, კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანიც ეთანხმება [4:17:03] გიორგი გახარიას ნათქვამს, რომ ტყის ნაწილში სეპარატისტები პატრულირებდნენ. ის გახარიას შეხსენებას, რომ ტყეს საოკუპაციო ძალები აკონტროლებდნენ, ეთანხმება:
თეა წულუკიანი: – “მანამდე რუკაზე და რეალობაში, არ არის არც ერთი საგუშაგო, ეს თქვენ დაადასტურეთ, არც ჩვენი და არც სეპარატისტების. თქვენ მიერ დასწრების პრინციპით…”
გიორგი გახარია: – “მაგრამ პატრულირებდნენ სეპარატისტები ამ ტყეს.”
თეა წულუკიანი: – “კი, კი, კი, კი, დიახ.”
გიორგი გახარიამ ჩორჩანის ტყის ნაწილის კონტროლის შესახებ სხდომაზე მეორედ, დისტანციურად ჩართვისასაც იგივე გაიმეორა. მისი თქმით, ქართულ მხარეს ჩორჩანის ტყეზე ეფექტური კონტროლი არ ჰქონდა [20:20 – 21:10]. მან ისიც განმარტა [22:40], რომ ქართული ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ტერიტორიაზე დროდადრო პატრულირებდნენ, რადგან მუდმივი კონტროლის რესურსი არ არსებობდა.
ამდენად, ტელეკომპანია “იმედი” მანიპულაციურად ავრცელებს გიორგი გახარიას გამოკითხვის ჩანაწერს. რეალურად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჩორჩანის ტყის გამკონტროლების შესახებ ორივე სხდომაზე მსგავს განცხადებებს აკეთებს და აღიარებს, რომ ქართულ მხარეს ტერიტორიის კონტროლი უჭირდა და იქ საოკუპაციო ძალები პატრულირებდნენ.
13 თებერვალს საქართველოს პარლამენტის დროებითმა კომისიამ მუშაობა დაიწყო. მისი თავმჯდომარე “ქართული ოცნების” წევრი, თეა წულუკიანია. კომისიის მიზანია შეისწავლოს 2003-2012 წლებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა. სხდომებზე არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაიბარეს, ნაწილმა სხდომაზე გამოცხადებაზე უარი თქვა, რის გამოც პატიმრობა შეეფარდათ. “მითების დეტექტორმა” მიმდინარე თვეში გადაამოწმა თეა წულუკიანის მიერ კომისიის ერთ-ერთ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რომელიც მოლდოვის მიერ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღებას შეეხებოდა. წულუკიანის მტკიცება “მითების დეტექტორმა” დეზინფორმაციად შეაფასა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















