25 მარტს პროსახელისუფლებო მედიებმა იმედი, ნიუსჰაბი, საინფორმაციო სააგენტო INFO9 და Exclusive Media გამოაქვეყნეს პოსტები, რომლებიც არაპირდაპირ აკავშირებს 24 მარტს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე და 25 მარტს გერმანიის პრეზიდენტის მიერ კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტის “თანამდებობიდან გათავისუფლებას”.
გავრცელებული პოსტები მანიპულაციურად უკავშირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას და გერმანიის პრეზიდენტის მიერ შოლცის კაბინეტის დათხოვნას. პოსტები ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს შოლცის მინისტრთა კაბინეტი არაკომპეტენტურია და გერმანიის პრეზიდენტმა გადააყენა. გერმანიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დათხოვნა გერმანიის პრეზიდენტის ოფიციალური მოვალეობაა და ძალაუფლების გადაბარების პროცედურის ნაწილია.
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 23 თებერვალს ჩატარდა. არჩევნების შედეგებით პირველ ადგილზე 25.5%-ით ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) გავიდა, რომლის კანცლერობის კანდიდატი ფრიდრიხ მერცია. მეორე ადგილი 20.6%-ით ულტრა-მემარჯვენე პატრიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე 20.1% სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა. 25 მარტს ახალი ბუნდესტაგის პირველი სხდომაც გაიმართა, თუმცა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიასა და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
არჩევნების შემდეგ ძველი მთავრობის დათხოვნა, ისევე როგორც ახალი კანცლერის კანდიდატურის წამოყენება და შემდგომ მინისტრთა ახალი კაბინეტის დანიშნვა გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტის უფლება-მოვალეობაა და ხელისუფლების გადაბარების პროცესის ნაწილია. შესაბამისად, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ოლაფ შოლცის კაბინეტის 14 მინისტრი 25 მარტს დაითხოვა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა შოლცის მთავრობას მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ ბევრ კრიზისულ სიტუაციაში, კორონავირუსის პანდემიასთან, უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან და ისრაელზე ჰამასის თავდასხმის და ღაზაში შემდგომი ომთან გასამკლავებლად სწრაფი და თავდაჯერებული გადაწყვეტილელები მიიღეს. შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა გერმანიის მთავრობის პასუხს რუსეთის აგრესიაზე უკრაინაში. პრეზიდენტის თანახმად, შოლცის მთავრობამ წარმატებით შეძლო გერმანიის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და ომის ლტოლვილების შეფარება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლების ეს მიღწევა პატივისცემას იმსახურებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებამდე და დანიშვნამდე შოლცის კაბინეტი აღმასრულებელი ხელისუფლების მოვალეობების შესრულებას გააგრძელებს. როგორც გარდამავალი ხელისუფლების, შოლცის კაბინეტის წევრების ყველა არსებული უფლებამოსილება ძალაში დარჩება, თუმცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს აღარ მიიღებს და მხოლოდ განსაკუთრებულად აუცილებელ შეხვედრებს დაესწრებიან, მაგალითად ოლაფ შოლიც პარიზში უკრაინის სამიტს დაესწრება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს თანამდებობის პირებისთვის სანქციები 24 მარტს დაუწესა. განცხადების მიხედვით, დამატებით 3 პირს გერმანიაში შესვლაზე შეზღუდვა პროტესტის ჩახშობისთვის დაუწესდათ.
“თითქმის სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში საკუთარი მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს მმართველების კურსის წინააღმდეგ დემონსტრაციებს მართავს. ისინი [ქართველი ხალხი] კვლავ დგანან დაშინების, დაპატიმრებისა და ძალადობს პირისპირ“. დღეს გერმანიამ ქვეყანაში შემოსვლაზე დამატებითი შეზღუდვები დაუწესა ქართველი თანამდებობის პირებს, რომლებიც პროტესტის ჩახშობაზე არიან პასუხისმგებელი.” – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გერმანიამ პროტესტის ჩახშობაზე პასუხისმეგებლ 9 თანამდებობის პირს სანქციები 2024 წლის 31 დეკემბერს დაუწესა.
არქივის ბმულები: იმედი, ნიუსჰაბი, საინფორმაციო სააგენტო INFO9 და Exclusive Media