12 ნოემბერს უკრაინულენოვანმა ფეისბუქ გვერდმა Новини України і світу сьогодні გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ბრძოლის ველზე ხელებაწეული უკრაინელი სამხედროები ჩანან. ერთ-ერთი ჯარისკაცი უკრაინულად ამბობს: “ხელმძღვანელობა გაიქცა. კომუნიკაცია არაა. საბრძოლო მასალა არაა. ჩვენ მოგვატყუეს”.
იგივე ვიდეო 13 ნოემბერს ინსტაგრამზეც გავრცელდა.

უკრაინელი სამხედროების გავრცელებული ვიდეო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. ვიდეოს AI-სთვის დამახასიათებელი ხარვეზები აქვს.
ვიდეო ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი, რაზეც რამდენიმე დეტალი მეტყველებს. ნაჩვენები ადამიანების რაოდენობა და ხელების რაოდენობა ერთმანეთთან შეუსაბამოა. ზოგიერთ აწეულ ხელზე თითების რაოდენობა ხუთზე მეტია, ხოლო შედარებით უკან მდგარი ერთ-ერთი სამხედროს სახე გადღაბნილი. ამავე სამხდროს სახე კადრის მიახლოების შემდეგ იცვლება და მისი ულვაში თანდათან უფრო სქელი ჩანს.

გარდა ზემოთ მოყვანილი უზუსტობებისა, მოსაუბრის პირის მოძრაობა მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ზუსტად არ ემთხვევა, რაც, როგორც წესი, ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოებს ახასიათებს.
ამავე შედეგს აჩვენებს AI-ს ამომცნობი ხელსაწყო Hive Moderation-იც. პროგრამის ანალიზის თანახმად, ვიდეოში AI-ის ან დიფფეიკის გამოყენების ალბათობა 86%-ია.

ეს უკრაინული არმიის დისკრედიტაციის მიზნით და AI-ს გამოყენებით შექმნილი პირველი ვიდეო არააა. “მითების დეტექტორმა” ნოემბრის თვეში რამდენიმე ასეთი ყალბი ვიდეო გადაამოწმა. ვრცლად იხილეთ მასალებში:
- გავრცელებული ცნობები და კადრები, პოკროვსკში უკრაინელი ჯარისკაცების ტყვედ ჩავარდნაზე, ყალბია
- ვრცელდება ვიდეოფაბრიკაცია, თითქოს 23 წლის უკრაინელი ჯარისკაცი ომში წაყვანის გამო ტირის
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















