“სალტეს” ეთერში ფერტილურობასა და ოჯახის წინააღმდეგ პროპაგანდაზე 3 დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

სალტე
57
VIEWS

21 მარტს ფეისბუქ-გვერდზე “სალტე” გამოქვეყნდა გადაცემა “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად”, სადაც სტუმრად პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა იმყოფებოდა. გოგავამ გადაცემაში შემდეგი მტკიცებები გააჟღერა:

  1. ოჯახის წინააღმდეგ პროპაგანდის ნიმუშია “ნესტლეს” ლოგო სხვადასხვა წლებში – 50-60-იან წლებში “ნესტლეს” ლოგოზე გამოსახული იყო ჩიტების ბუდე: დედა, მამა და სამი ბარტყი, შემდეგ კი 70-იან წლებში 2 ბარტყი მოაკლეს;
  2. ექოსკოპია ნაყოფისკენ მიკროტალღებს უშვებს და ფაქტობრივად, რადიაციაა.
  3. კვების ბიზნესი საკვებსა და სასმელში “შობადობის მარეგულირებელი ნივთიერებებს” – კონსერვანტებს და ფტორს – ამატებს, ფტორი კი შობადობას ამცირებს; 90-იან წლებში თბილისის სასმელ წყალში ქლორი ემატებოდა, 2007 წლიდან კი მიხეილ სააკაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრს წყალში ფტორის დამატების დაშვებაზე ბრძანებულება მიაღებინა;

სალტე

“სალტეს” ეთერში ირაკლი გოგავას მიერ გაჟღერებული მტკიცებები სიმართლეს არ შეესაბამება:

  • ნესტლეს ლოგოზე მამა ჩიტი გამოსახული არასდროს ყოფილა, მასზე დედა ჩიტი და 3 ბარტყი იყო გამოსახული, 1988 წელს კი ლოგოს ერთი ბარტყი მოაკლეს, რაც მის გამარტივებას ისახავდა მიზნად. არსებობს ინტერპრეტაცია, რომ ეს ცვლილება სტანდარტული ოჯახის ზომის შემცირებასაც ასახავდა. ასევე დეზინფორმაციაა, თითქოს ნესტლე ოჯახის წინააღმდეგ პროპაგანდას ავრცელებს, კომპანია აქტიურად უჭერს მხარს საკუთარ თანამშრომლებს, რომლებსაც შვილები ჰყავთ ან სურთ შვილების ყოლა;
  • ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა ერთ-ერთი მთავარი სადიაგნოსტიკო საშუალებაა მედიცინაში, ის ფეხმძიმე ქალებისა და ყველა სხვა ადამიანისთვის სრულიად უსაფრთხო პროცედურაა და რადიაციას არ ასხივებს;
  • ფტორის ზოგიერთ ქვეყანაში სასმელ წყალში დამატების მიზანი მოსახლეობის კბილის კარიესისგან დაცვაა და მისი ფერტილურობაზე უარყოფითი გავლენა კვლევებით არ დასტურდება; რაც შეეხება საქართველოს, “ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერში” აცხადებენ, რომ თბილისის სასმელი წლის ფტორირება არასდროს განუხორციელებიათ და მხოლოდ ქლორს იყენებენ.
  1. ნესტლეს ლოგოდან მხოლოდ ერთი ბარტყი ამოიღეს, რაც მის გამარტივებას ისახავდა მიზნად და სტანდარტული ოჯახის ზომას ასახავდა

დეზინფორმაციაა, თითქოს “ნესტლეს” ლოგოზე თავდაპირველად დედა და მამა ჩიტები და სამი ბარტყი იყო გამოსახული, შემდეგ კი ორი ბარტყი მოაკლეს. ლოგოზე მამა ჩიტი არასდროს ყოფილა გამოსახული და მას 1968 წელს მხოლოდ ერთი ბარტყი მოაკლეს. რაც შეეხება იმას, რომ ლოგოს ეს ცვლილება ოჯახის წინააღმდეგ პროპაგანდაა, ეს პერსონალური ინტერპრეტაციაა და რეალურ მტკიცებულებებს არ ეფუძნება.

კომპანია “ნესტლე” ჰენრი ნესტლემ 1866 წელს დააფუძნა და მისი თავდაპირველი ლოგო სწორედ ჰენრი ნესტლეს ოჯახის გერბს ეფუძნებოდა. გერბზე გამოსახული იყო ერთი ჩიტი, რომელიც ბუდეში იჯდა. დიზაინი გვარის მნიშვნელობაზე მიანიშნებდა, რომელიც გერმანულიდან ითარგმნება, როგორც “ბუდე” (nest).

სალტე

ნესტლეს ლოგომ მკვეთრი ცვლილებები ბრენდის ისტორიაში ორჯერ განიცადა. ლოგოში პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება 1968 წელს შევიდა და ფაქტობრივად ახალი ლოგო შეიქმნა, მასზე ბუდეში 3 ბარტყი და დედა ჩიტია გამოსახული, რომელიც მათ საკვებს (ჭიას) აწვდის. ეს დიზაინი ხაზს უსვამდა იმას, რომ კომპანია ჩვილებისთვის ხელოვნური საკვების ფორმულას აწარმოებდა.

1988 წლამდე ნესტლეს შვილობილი კომპანიები ბაზარზე საკუთარი სახელით პოზიციონირებდნენ, ამ პერიოდიდან კი მათი “ნესტლეს” ბრენდის სახელწოდებით სტანდარტიზება მოხდა. სწორედ 1988 წელს ლოგოში მეორე მკვეთრი ცვლილება შევიდა და ის მნიშვნელოვნად გამარტივდა. ლოგოზე დედა ჩიტის ნისკარტიდან ჭია მოაშორეს, ამასთანავე 3 ბარტყის ნაცვლად ლოგოზე 2 ბარტყი დატოვეს. 

სალტე

ნესტლეს ოფიციალური განმარტება ლოგოს რედიზაინის მიღმა სიმბოლურ მნიშვნელობაზე არ გაუკეთებია, თუმცა არსებობს ინტერპრეტაცია, რომ ცვლილება იმ დროისთვის საშუალო, სტანდარტული ოჯახის ზომას უკავშირდება, 1980-იან წლებამდე კი ოჯახებში 3 ბავშვი უფრო ხშირი იყო. რაც შეეხება, დედა ჩიტის ნისკარტიდან ჭიის გაქრობას, ეს კომპანიის წარმოების გაფართოებასა და ამიერიდან არა მხოლოდ ბავშვთა კვებაზე ორიენტირებაზე მიანიშნებს.

სალტე
ბავშვების საშუალო რაოდენობა ერთ ამერიკულ ოჯახზე წლების მიხედვით წყარო: POPULATION CONNECTION

მტკიცება, თითქოს “ნესტლე” ოჯახის წინააღმდეგ პროპაგანდას ეწევა მანიპულაციურია და რეალურ მტკიცებულებებს არ ემყარება. კომპანის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია მშობლების მხარდაჭერის პოლიტიკის შესახებ, რომელიც როგორც ბიოლოგიურ მშობლებს, ისე მშვილებელ დედას ან მამას სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს. მშობლების მხარდაჭერის პოლიტიკის ფარგლებში ნესტლე უზრუნველყოფს 18-კვირიან ანაზღაურებად და 8-კვირიან არანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას, უნაყოფობის სამკურნალოდ გამოწერილი მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას, სურვილის შემთხვევაში მკერდის ტუმბოსა და დამატებით მასალებს მეძუძური დედებისთვის, ამასთან ლაქტაციის სპეციალისტისა და სხვა მრჩეველების დახმარების პროგრამას ახალბედა დედებისთვის.

სალტე

  1. ექოსკოპია უსაფრთხო პროცედურაა და რადიაციას არ ასხივებს

ექოსკოპია ანუ ულტრაბგერითი კვლევა თანამედროვე მედიცინაში სხვადასხვა დაავადების ერთ-ერთი უმთავრესი სადიაგნოსტიკო საშუალებაა. ის უმტკივნეულო და არაინვაზიური (ზედაპირული, სხეულში შეჭრის გარეშე) მეთოდია, გარდა ამისა, პროცედურა მაიონიზებელ გამოსხივებას/რადიაციას არ იყენებს, შესაბამისად ის სრულიად უსაფრთხოა ფეხმძიმე ქალებისთვის. ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება ორსულობის მონიტორინგია, სწორედ ამ გზით ფასდება ნაყოფის ჯანმრთელობა და დგინდება მისი ბიოლოგიური სქესი.

ულტრაბგერითი გამოსახულების ტექნიკა 20 წელზე მეტი ხანია აქტიურად გამოიყენება და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით ხასიათდება. ეს არის ტექნიკა, რომელიც სხეულის შიგნით არსებული გამოსახულების გადასაღებად მაღალი სიხშირის ხმის ტალღებს იყენებს. რენტგენის ან სხვა დიაგნოსტიკური მეთოდებისგან განსხვავებით, ულტრაბგერითი გამოსახულება რადიაციაზე დამოკიდებული არ არის. ამის ნაცვლად, ხმის ტალღები შედიან სხეულში, შემდეგ კი ექოები კომპიუტერის დახმარებით ვიზუალურ სურათებად გარდაიქმნება.

სალტე
ულტრაბგერითი კვლევის პროცესის ილუსტრაცია ღვიძლის სიმსივნის მაგალითზე წყარო: Omar S. Al-Kadi

აშშ-ს საკვებისა და წამლის მარეგულირებელი სააგენტოს (FDA) თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ულტრაბგერითი კვლევა უსაფრთხო პროცედურაა, არაგონივრულად გამოყენების შემთხვევაში მას გარკვეული ბიოლოგიური ეფექტის წარმოქმნის პოტენციალი აქვს, მაგალითად მან შეიძლება გამოიწვიოს სხეულის ქსოვილების ოდნავ გახურება. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, FDA პაციენტებსა და ექიმებს ულტრაბგერითი კვლევის არასაჭიროებისამებრ გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

  1. საქართველოში წყლის ფტორირება არ ხდება. ზოგადად, ფტორის სასმელ წყალში დამატების მიზანი მოსახლეობის კბილის კარიესისგან დაცვაა და ფერტილურობაზე მისი უარყოფითი გავლენა კვლევებით არ დასტურდება

მსგავსი ბრძანებულება, თითქოს მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2007 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ წყალში ფტორის დამატება დაუშვეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე არ იძებნება. 2006 წლით დათარიღებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაში კი ცენტრალიზებული და ადგილობრივი წყალმომარაგების სასმელ-სამეურნეო წყლის ქლორით გაუსნებოვნებისა და წყალსადენის ნაგებობების დეზინფექციაზეა საუბარი.

სალტე

იმის გადასამოწმებლად, ხდება თუ არა თბილისის სასმელი წყლის ფტორირება, “მითების დეტექტორი” “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” (GWP) დაუკავშირდა, რომელიც სასმელი წყლით დედაქალაქის გარდა, ქალაქ რუსთავსა და მცხეთასაც ამარაგებს. GWP-ის მიერ წერილობით გაცემულ პასუხში აღნიშნულია, რომ კომპანიის მიერ ქალაქებისთვის მიწოდებული სასმელი წყლის გაუსნებოვნება მხოლოდ ქლორირებით ხდება და კომპანიას სასმელი წყლის ფტორირება არც ახლა და არც წარსულში არ განუხორციელებია.

სალტე

ფტორი ქანებში არსებული ბუნებრივი ნივთიერებაა, რომელიც უმეტესწილად წყალში გვხვდება. ფტორის მცირე რაოდენობა ბუნებრივად გვხვდება სხვადასხვა საკვებშიც, თუმცა როგორც წესი, ფტორი საკვებს გადამუშავების პროცესში არ ემატება და ადამიანები ფტორს უმეტესწილად ფტორირებული წყლისა და კბილის პასტებიდან იღებენ.

თუმცა, გარკვეული გადამუშავებული საკვები და სასმელი შეიძლება შეიცავდეს ფტორის უფრო მაღალ დონეს, თუ ისინი მზადდება ფტორირებული წყლით ან შეიცავს ფტორით მდიდარ ინგრედიენტებს. მაგალითად, შავი ჩაი და ყავა ბუნებრივად შეიცავს ფტორს, რადგან მცენარეები შთანთქავენ ნიადაგში არსებულ მინერალს, ასევე მოლუსკები შეიძლება შეიცავდეს ფტორს, რომელიც მათ ნიჟარაში წყლიდან გროვდება.

ზოგიერთ ქვეყანაში სასმელი წყლის ფტორირება ნამდვილად მიმდინარეობს, ამის მიზანი კბილის კარიესის რისკის შემცირება და კბილებისა და ძვლების გაძლიერებაა. 2000-იანი წლების დასაწყისში პაკისტანში ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ფტორირებული სასმელი წყლის მომხმარებელებში კარიესის გავრცელება საკმაოდ დაბალი იყო იმ მოსახლეობასთან შედარებით, რომლებსაც არაფტორირებული სასმელი წყალი მიეწოდებოდათ.

წყლის ფტორირება 1960 წლიდან მიმდინარეობს აშშ-ში. აშშ-ში წყლის ფტორირებასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში:

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, ზრდასრული მამაკაცებისთვისთვის ფტორის დღიური რეკომენდირებული დოზა 4 მილიგრამია, ხოლო ზრდასრული ქალებისთვის (ფეხმძიმე და მეძუძური დედების ჩათვლით) 3 მილიგრამი, რაც შეეხება ზედა ზღვარს, ის 10 მილიგრამია.

რაც შეეხება ფტორის გავლენას ფერტილურობაზე, ამ მიმართულებით კვლევები არსებობს, თუმცა ისინი მწირია და არ იძლევა დაზუსტებით იმის თქმის საშუალებას, რომ ფტორი პირდაპირ გავლენას ახდენს ფერტილურობის დონეზე.

მაგალითად, კანადის იმ ქალაქებში მცხოვრებ ფეხმძიმე ქალებზე ჩატარებულმა კვლევამ, რომლებშიც წყლის ფტორირება სისტემტიური მოვლენაა, ფერტილურობაზე გავლენა არ დაადგინა. კვლევის შედეგების მიხედვით, წყლის სისტემატიური ფტორირება (0.7 მგ/ლ) ფერტილურობაზე, ახალდაბადებულის წონაზე, ზომასა და სქესზე, ორსულობის ხანგრძილოვობასა და ნაადრევ მშობიარობაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს.

მეორე მხრივ, 2003 წელს მექსიკაში მცხოვრებ მამაკაცებში ჩატარდა კვლევა, რომელმაც ფტორის დაბალი ექსპოზიციისა და მაღალი ექსპოზიციის მქონე მამაკაცებში განსხვავებული შედეგები აჩვენა. მაღალი ექსპოზიციის (3-27 მგ/ლ) მქონე მამაკაცებში (რომლებიც ფტორის ინდუსტრიაში მუშაობდნენ) ფტორმა სერტოლის უჯრედებზე (რომლებიც სპერმის განვითარებას უწყობენ ხელს) ტოქსიკური ეფექტი იქონიეს. კვლევის ავტორების თანახმად, ფტორის ფერტილურობაზე გავლენის დასადგენად მეტი კვლევაა საჭირო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებსა და პოპულაციებში, რომლებსაც ფტორის მაღალი კონცენტრაცია აქვთ. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist