24-25 თებერვალს სოციალურ ქსელში, მათ შორის, ჯგუფში “ანტი-მაიდანი! ერის ხმა!” გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილონ მასკის ხელმძღვანელობით მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტმა (DOGE) აღმოაჩინა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის USAID-ის მიერ გადმორიცხული $41 მილიონი. ავტორები გავრცელებულ ინფორმაციას თან ურთავენ X-ზე ანგარიშ “Peacemaker-ის” პოსტს, რომლის თანახმადაც გადმორიცხული თანხა 2024 წლის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად.
USAID-ის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის თანხის გადმორიცხვაზე დეზინფორმაცია ვრცელდება. 1) USAID-მა $41 მილიონი, რომელიც საარჩევნო პროცესებისთვის იყო განკუთვნილი, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში გამოყო და რაიმე მტკიცებულება, რომ ის პრეზიდენტმა მიიღო, არ არსებობს. თანხა აშშ-ის ოფიციალურ ვებ-საიტ USASPENDING-ზეც არის ასახული. 2) ღია წყაროებით არ იძებნება რაიმე მტკიცებულება, რომ DOGE-მ ზურაბიშვილისთვის ჩარიცხულ თანხას მიაკვლია.
-
მტკიცებულება, რომ ზურაბიშვილმა $41 მილიონი მიიღო, არ იძებნება
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზურაბიშვილმა USAID-ისგან თანხა მიიღო, ღია წყაროებით არ იძებნება. პოსტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას ილონ მასკის ხელმძღვანელობით DOGE-მ მიაკვლია. თუმცა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-საიტზე, ასევე, X-ის გვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ინფორმაცია, თითქოს არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით USAID-მა პრეზიდენტს თანხა ჩაურიცხა, არ გაუვრცელებია არც დეპარტამენტის ხელმძღვანელ ილონ მასკს.
გადარიცხული თანხის DOGE-ს მიერ აღმოჩენის შესახებ ცნობებს მხოლოდ X-ისა და Facebook-ის მომხმარებლები ავრცელებენ. სავარაუდოა, რომ პირველწყარო X-ის ანგრიში Peacemaker-ია, რომელმაც ზურაბიშვილის შესახებ 22 თებერვალს დაწერა.
მიუხედვად იმისა, რომ USAID-ი თანხას გასცემდა სტუდენტებისთვის სწავლის დასაფინანსებლად, ღია წყაროებით ასევე არ დასტურდება, რომ სააგენტო პირდაპირ, პერსონალურად აფინანსებდა ინდივიდუალურ პირებს, მაგალითად, სახელმწიფოს მეთაურებსა თუ პრეზიდენტს. USAID-ის მიერ სხვადასხვა მიზნით გამოყოფილი თანხით სამუშაოების უმეტესობას ახორციელებენ ორგანიზაციები, რომელთანაც სააგენტოს კონტრაქტი აქვს გაფორმებული. USAID-ის ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქვეყნებში ჯანდაცვის პროგრამებზე იხარჯება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, საქართველოს პრეზიდენტსაც ეკრძალება ნებისმიერი მომსახურების ან საჩუქრის მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.
-
რისთვის გამოყო USAID-მა $41 მილიონი?
პრეზიდენტისთვის გამოყოფილი $41 მილიონის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება არც USASPENDING-ზე. აღსანიშნავია, “არჩევნების აყირავებითვის” ამ რაოდენობით გამოყოფილ თანხაზე თებერვალში ინფორმაცია გაავრცელეს პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკოსებმაც. მონაცემები ორი გრანტის შესახებ, რომელთა ჯამური რაოდენობა, დაახლოებით, $41 მილიონია, ინფორმაცია USASPENDING-ზეა გამოქვეყნებული (1;2). თანხა არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების (CEPPS) პროგრამის ფარგლებში გამოიყო.
ერთ შემთხვევაში, USAID-ის მიერ გამოყოფილია $26.5 მილიონი და პროგრამის ვადებში 2019 წლის 1 აპრილიდან 2025 წლის 31 მარტამდე პერიოდია მითითებული. აღწერაში ვკითხულობთ: “საქართველოს არჩევნები და პოლიტიკური პროცესების აქტივობა”. მეორე შემთხვევაში, გამოყოფილი თანხა $15.2 მილიონს შეადგენს და პროექტის ვადები 2018 წლის 10 სექტემბრიდან 2025 წლის 5 სექტემბრამდეა. აღწერაში ვკითხულობთ, რომ პროგრამა ფოკუსირებული იქნება სამოქალაქო საზოგადოებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან პოლიტიკურად აქტიურ ახალგაზრდებს შორის დემოკრატიული ლიდერობის უნარების გაძლიერებასა და განვითარებაზე. ასევე, გამოყოფილი თანხა უნდა დახარჯულიყო ანტიდემოკრატიული გავლენების მიმართ მთავრობის ზედამხედველობის, პოლიტიკური ჩართულობის, ინსტიტუციური და საზოგადოებრივი მდგრადობის გაზრდაზე. ასევე, გამოყოფილი თანხის მიზანი იყო საარჩევნო ადმინისტრაციის ეფექტურობის გაზრდა.
იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა განხორციელებულიყო პროექტები საქართველოში, ინფორმაცია ასევეა გამოქვეყნებული CEPPS-ის ვებ-საიტზე. მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის განვითარების მხარდასაჭერად CEPPS საქართველოში 2 000 წლიდან მუშაობს. როგორც მათ აქვთ მითითებული, ისინი მუშაობენ პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მარგინალიზებულ ჯგუფებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერის ახალ პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ინფორმაცია 2019 წელს მედიამაც გააშუქა. ღონისძიებაზე სიტყვით არჩილ თალაკვაძეც გამოვიდა და საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე ისაუბრა:
“მოგეხსენებათ, რომ ერთ წელიწადშია არის უკვე საპარლამენტო არჩევნები და შესაბამისად, პრიორიტეტები, რომელიც აქვს ამერიკის საელჩოს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ბუნებრივია, მორგებულია ამ საკითხებზე. არის საპარლამენტო არჩევნები, შემდეგ ადგილობრივი არჩევნები და ბუნებრივია, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა გამოყოფს რესურს და მხარდაჭერას საარჩევნო რეფორმებსა და საარჩევნო არჩევითი დემოკრატიის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაზე”.
საქართველოში მუშაობის განმავლობაში მთავარ მიღწევებში CEPPS-ს მითითებული აქვს ისიც, რომ ცესკო-სთან პარტნიორობით ხელს უწყობენ მეტად სამართლიანი და ინკლუზიური არჩევნების განხორციელებას, რაც გამოიხატება ტექნიკური უზრუნველყოფითა თუ დამხმარე პროგრამებით. ვებ-საიტზე ასევე მითითებულია, რომ CEPPS მხარს უჭერს კიბერუსაფრთხოების სისტემების გაძლიერებით. ასევე, საქმიანობაში მითითებულია, რომ პროექტის ფარგლებში მხარს უჭერდნენ ქალებს, რომლებიც შემდგომ მუშაობდნენ პარლამენტსა და სხვადასხვა სამთავრობო/არასამთავრობო ორგანიზაციებში. ასევე, CEPPS ეხმარებოდ აპარტიებს, რათა სანდო კვლევების საფუძველზე შეექმნათ მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული პროგრამები.
პროექტში, ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციები – IFES, NDI და IRI-იც იყვნენ ჩართული. IFES-თან და USAID-თან პარტნიორობით განხორციელებულ აქტივობებზე ღია წყაროებით იძებნება ინფორმაცია – მაგალითად, ცესკო-ს საგანმანათლებლო პროექტი “საარჩევნო განვითარების სკოლა”; ინფორმაციის დაცულობის ცენტრის შექმნა საარჩევნო ადმინისტრაციაში; სასერვერო ინფრანსტრუქტურის გადაცემა ცესკო-სთვის; პროექტები ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის მიზნით; მედიის წარმოამდგენლების ტრენინგები და ა.შ.
ნეტგაზეთმა ცესკო-ს მიმართა კითხვით, თუ რა მოცულობის დახმარება გაუწია მათ USAID-მა 2019 წლიდან. გამოცემას უპასუხეს, რომ “2020 წელს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, “არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი“ (CEPPS) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სასერვერო ინფრასტრუქტურის (კომიუტერული ტექნიკა, პროგრამები, ინფრასტრუქტურა) მოწყობის პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 1 693 811.60 აშშ დოლარი იყო”.
ამრიგად, ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ინფორმაციით ნათელი ხდება, რომ USAID-ს $41 მილიონი ერთჯერადად, კონკრეტულად 2024 წელს, საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენისთვის არ გამოუყვია, პროექტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და პარტნიორი ორგანიზაციები თანამშრომლობდნენ, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან.
-
რა ვიცით X-ანგარიშზე, რომელმაც დეზინფორმაცია გაავრცელა?
X-ის ანგარიში, სახელად “Peacemaker”, სავარაუდოდ, ზურაბიშვილისთვის გამოყოფილ თანხაზე გავრცელებული დეზინფორმაციის პირველწყაროა.
ანგარიშს მითითებული აქვს, რომ ის მედიას/ახალი ამბების კომპანიას ეკუთვნის და X-ზე 2015 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა. ანგარიშის აღწერაში ვკითხულობთ: “მათ, ვისაც არ მოსწონთ ჩემი აზრი… აკოცეთ… თქვენც იცით, რას”.
ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული პირველი პოსტი 2025 წლის 31 იანვარს იძებნება. მთავარი საკითხები, რომლებზეც ის წერს, რუსეთ-უკრაინის ომს, ევროპასა და აშშ-ს შეეხება. “Peacemaker-ი” სისტემატურად აზიარებს ანტიდასავლურ და უკრაინის პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს. ასევე, დასავლელი ლიდერებისა და თანამდებობის პირების დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებს მათ AI ფოტოებს (1;2).

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ასევე ავრცელებს მანიპულაციურ ინფორმაციას. მაგალითად, გავრცელებული აქვს ვიდეომანიპულაცია უკრაინელების მიერ დონალდ ტრამპის ფიტულების დაწვის შესახებ. ასევე, გავრცელებული აქვს ვიდეომანიპულაცია, თითქოს კიევში შეკრებილი მომიტინგეები ზელენსკის გადადგომას ითხოვენ.

X-ის ანგარიშს საქართველოსთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენჯერმე აქვს გამოქვეყნებული. ერთი პოსტი თბილისში პროტესტსა და სამართალდამცავების მოქალაქეებთან დაპირისპირებას ეხება. მომდევნო პოსტში ანგარიში მიხეილ ყაველაშვილის მიერ მთავრობის ადმინისტრაციიდან ევროკავშირის დროშის აღებაზე წერს და აღნიშნავს, რომ მან “ნაგავი მოიშორა”, ხოლო ბრიუსელი და ლონდონი სამყაროში ბოროტების ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან. კიდევ ერთ პოსტში “Peacemaker-ი” წერს, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, “საქართველომ თავიდან აიცილა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა”.

ანტი-მაიდანის პოსტის არქივის ბმული
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.