საიდან ადევნებდა სალომე ზურაბიშვილი თვალს ტრამპის ინაუგურაციას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ტრამპის იანუგურაცია
7.3k
VIEWS

20 იანვარს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიის POSTV-ის ფეისბუკ გვერდმა POSTV – პოლიტიკა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ყოფნის ამსახველი ვიდეო გაავრცელა.
პოსტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ტრამპის ფიცის დადების ცერემონია ტელევიზორში ნახა. ვიდეოში კი, რომელიც პოსტს ერთვის, ჩანს როგორ ადევნებს თვალს სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ფიცის დადების ცერემონიას დარბაზში განთავსებული ეკრანიდან.
იდენტური ვიდეო POSTV – პოლიტიკა-ის მიერ პოსტის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 7 წუთის შემდეგ, საქართველოში პროევროპული პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით შექმნილმა გვერდმა “Anti Maidani” გაავრცელა.

ამავე თემაზე იდენტური შინაარსის ვიდეო 20 და 21 იანვარს გამოაქვეყნეს მცდარი ინფორმაციის ხშირად გამავრცელებელმა ანგარიშებმა: ფანტინა ფანტინა, ირაკლი ზაქარეიშვილი სათადარიგო ფბ, დავით ჯებაშვილი,  ირმა ხახუტაიშვილი (1,2).

ტრამპის იანუგურაცია ტრამპის იანუგურაცია

კადრები შეცდომაში შემყვანია, რეალურად, ზურაბიშვილი ტრამპის ინაუგურაციას აშშ-ის კაპიტოლიუმში, ემანსიპაციის დარბაზში ესწრებოდა, რომელიც კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრში მდებარეობს. დარბაზში მყოფი პირები ეკრანის საშუალებით  თვალს ადევნებდნენ კაპიტოლიუმის როტონდაში ტრამპის ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც ინაუგურაციის ფარგლებში გამართული ღონისძიებების ერთ-ერთი ნაწილი იყო, ხოლო ფიცის დადების შემდეგ ტრამპი ასევე იმყოფებოდა ემანსიპაციის დარბაზში, სადაც სიტყვით მიმართა სტუმრებს, რომელთა შორის ზურაბიშვილიც იყო.

2025 წლის 20 იანვარს დონალდ ტრამპის ფიცის დადების ცერემონია  კაპიტოლიუმის როტონდაში გაიმართა. ტრადიციულად, ფიცის დადების ცერემონია ამერიკის კაპიტოლიუმის დასავლეთ ნაწილში, ღია ცის ქვეშ, კიბეებზე იმართება, თუმცა, მოსალოდნელი დაბალი ტემპერატურის გამო, გარეთ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება კაპიტოლიუმის როტონდაში დაანონსდა.

  • ვინ ესწრებოდა ფიცის დადების ცერემონიას კაპიტოლიუმის როტონდაში?

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად დაახლოებით 220 000 ბილეთი იყო გაცემული, თუმცა კაპიტოლიუმის როტონდას შეზღუდული ტევადობა აქვს, შესაბამისად ფიცის დადების ცერემონიას დაახლოებით 600 ადამიანი დაესწრო. რესტიჟული ადგილები მაღალი თანამდებობის პირებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სამხედრო ლიდერებს, ყოფილ პრეზიდენტებსა და მათ მეუღლეებს, აგრეთვე სტუმარ უცხოელ ლიდერებს, მათ შორის, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ჰან ჭენსა და არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მილეის დაეთმოთ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ტექნოლოგიური სამყაროს უმნიშვნელოვანესი ფიგურები, მათ შორის Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი, Alphabet-ის ხელმძღვანელი სუნდარ პიჩაი, Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი და Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი. ისინი, დონალდ ტრამპის ოჯახის უკან, მეორე რიგში ისხდნენ. ღონისძიებას ესწრებოდა ასევე TikTok-ის აღმასრულებელი დირექტორი შოუ ძი ჩიუ.

ტრამპის იანუგურაცია
კაპიტოლიუმის როტონდა ტრამპის ინაუგურაციის დროს

უამინდობის გამო კაპიტოლიუმის როტონდაში ფიცის დადების ცერემონიის გადატანამ მნიშვნელოვნად შეზღუდა დამსწრეთა რაოდენობა; და გამომდინარე იქიდან, რომ როტონდაში ადგილების შეზღუდული რაოდენობა იყო, ინაუგურაციაზე მიწვეული დანარჩენი სტუმრები ფიცის დადების ცერემონიას თვალს ემანსიპაციის დარბაზიდან ადევნებდნენ.  შეიძლება ითქვას, რომ ემანსიპაციის დარბაზი წარმოადგენდა დამხმარე ადგილს იმ სტუმრებისთვის, რომლებიც როტონდაში ფიზიკურად ვერ მოთავსდებოდნენ. ამდენად, დარბაზი აღჭურვილი იყო ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაციის ეკრანებით, რაც საშუალებას აძლევდა დამსწრეებს, ღონისძიებისთვის თვალი ედევნებინათ. ფიცის დადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა, საინაუგურაციო ღონისძიებების ფარგლებში, ემანსიპაციის დარბაზში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

კაპიტოლიუმის როტონდა და ემანსიპაციის დარბაზიც ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმშია განლაგებული, თუმცა ისინი შენობის კომპლექსის სხვადასხვა განყოფილებაში მდებარეობს. ემანსიპაციის დარბაზი (Emancipation Hall) კაპიტოლიუმის ვიზიტორთა ცენტრის (CVC) ნაწილია და კაპიტოლიუმის მთავარ შენობასთან არის დაკავშირებული. ეს დარბაზი მოიცავს ექსპონატებს და საგანმანათლებლო მასალებს აშშ-ის კაპიტოლიუმის შესახებ.

მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემანსიპაციის დარბაზში სხვა ოფიციალური დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად  იმყოფებოდა და ის ფიცის დადების ცერემონიას ემანსიპაციის დარბაზში განთავსებული ეკრანიდან ადევნებდა. სალომე ზურაბიშვილის ემანსიპაციის დარბაზში ყოფნის ამსახველი ვიდეომასალა ხელმისაწვდომია YouTube-ზეც. დონალდ ტრამპის მიმართვისას კი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუკზე პირდაპირი ეთერის საშუალებითაც ჩაერთო.

ტრამპის იანუგურაცია
სალომე ზურაბიშვილის ამსახველი კადრები ემანსიპაციის დარბაზიდან
ტრამპის იანუგურაცია
სალომე ზურაბიშვილის “პირდაპირი ეთერი” ემანსიპაციის დარბაზიდან

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის ფარგლებში 18-დან 20 იანვრის ჩათვლით რიგი ღონისძიებები, მათ შორის წვეულებები და დახურული ღონისძიებები გაიმართა. პროსახელისუფლებო მედია და აქტორები ზურაბიშვილზე მიანიშნებდნენ, თითქოს მან ინაუგურაციაზე დასასწრები ბილეთები შეიძინა. რეალურად, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიწვევით დაესწრო. ზურაბიშვილის შესახებ გავრცელდა ფოტოფაბრიკაციაც. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist