11 ნოემბერს ფეისბუკ ანგარიშმა “სულიერი სამყარო” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც, პეკინში სკოლის მოსწავლეებს COVID-ის საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიან. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი ბავშვები, თანმხლებ პირებთან ერთად, რომლებიც ასევე ეკიპირებულები არიან, ავტობუსებში ადიან.
ვიდეო არა ბავშვების საკონცენტრაციო ბანაკებში, არამედ მათ საკარანტინო სივრცეებში გადაყვანას ასახავს. დაწყებითი სკოლის მოსწავლეები იზოლაციაში ერთ-ერთ მშობელთან ერთად ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადადიან.
რა ზომები ტარდება ჩინეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით და რას ასახავს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო?
ბოლო პერიოდში ჩინეთი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყნად მიიჩნეოდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირეა. გარდა იმისა, რომ ჩინეთში ვაქცინაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის მოსახლეობის 75.96% უკვე აცრილია, ხელისუფლება კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას ახორციელებს და შეზღუდვები ამ დრომდე არ შემსუბუქებულა. ბოლო დროს ჩინეთის ზოგიერთ რაიონში, „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების გამო, შეზღუდვები უფრო მეტად გამკაცრდა. გამკაცრებული ღონისძიებები მოიცავს უბნების სრულად ჩაკეტვას, დღეში მილიონობით მაცხოვრებლის ტესტირებას და ინფიცირებული ადამიანებისა და მათი ახლო კონტაქტების სწრაფ იზოლირებას სპეციალურ სივრცეებში. მკაცრი ზომები ვრცელდება სკოლის მოსაწავლეებზეც, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო დაწესებულებაში კორონავირუსი ვინმეს დაუდასტურდება, იწყება მასობრივი ტესტირება და ინფიცირებულთა იზოლირება.
2 ნოემბერს, მას შემდეგ რაც პეკინის ერთ-ერთ დაწყებითი სკოლის თანამშრომელს კოვიდ-19 დაუდასტურდა, ათობით მოსწავლე სკოლაში დატოვეს, სადაც მათ გვიანობამდე ტესტირება უტარდებოდათ. ბავშვებს მშობლები სკოლის გარეთ ელოდებოდნენ.
BBC-ის ინფორმაციით, სკოლის დირექტორი დაახლოებით 23:30 საათზე გამოვიდა და მომლოდინე მშობლებს განუცხადა, რომ ზოგიერთ ბავშვს იზოლაციაში გადასვლა ორი კვირით მოუწევდა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ მშობელს შესაძლებლობა ჰქონდა იზოლაციაში ბავშვებთან ერთად გადასულიყო. იზოლაციაში გადასვლა საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც მოუწიათ. პეკინის ჩაოიანგის რაიონში კიდევ 16 სკოლა დაიხურა.
შეზღუდვები ჩინეთში სხვა სფეროებსაც ეხება. მაგალითად, შანხაის Disneyland-ში დაახლოებით 34 ათასი ვიზიტორი რამდენიმე საათით პარკის ტერიტორიაზე დატოვეს მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდგინდა. ჯანდაცვის წარმომადგენლებმა ვიზიტორების ტესტირება დაიწყეს, რომლებიც შემდეგ სახლებში სპეციალური ავტობუსებით დააბრუნეს.
ვირუსი ყველაზე დიდ გამოწვევად ზამთრის ოლიმპიადისთვის რჩება, რომელიც მომავალი წლის თებერვალში უნდა ჩატარდეს.
“დელტა” შტამის გავრცელების თავის არიდების მიზნით, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ჩინეთმა უცხოელი ტურისტების დასწრება აკრძალა, ოლიმპიადის მონაწილეეები კი მაყურებლებისგან მოშორებულ სივრცეში იასპარეზებენ.
Worldometers-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ჩინეთში ინფიცირების 98,403 შემთხვევაა აღწერილი. მათ შორის 4 636 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1,233 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
წყაროს შესახებ
ფეისბუკ ანგარიშს “სულიერი სამყარო”, რომელსაც URL მისამართში gocha.gocha.39 უწერია, კორონავირუსის ვაქცინებთან და პანდემიასთან დაკავშირებით დეზინფორმაციული და მანიპულაციური მტკიცება არაერთხელ გაუვრცელებია.
ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:
უარყო თუ არა პილოტმა პანდემია და ბაიდენი ჩინეთის მარიონეტ კომუნისტად გამოაცხადა?
რა მოხდა რუმინეთის საავადმყოფოში?
კორონავირუსის ტესტების ჩხირებზე არა “მორგელონის ჭიები” არამედ ქსოვილის ბოჭკოებია
ვაქცინაცია თუ რეგულაციები – რას ეხებოდა ბერლინში გამართული დემონსტრაცია?
ცნობა, თითქოს ვენაში 10 ბავშვს პირბადის ტარებით სოკოვანი ინფექცია განუვითარდა, მცდარია
დააკავეს თუ არა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი შვეიცარიაში?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.