6 ნოემბერს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია “იმედმა” და POSTV-იმ გამოაქვეყნეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციტატა, რომლის მიხედვითაც 2013 წელს დონალდ ტრამპმა მას ჰკითხა, რას ფიქრობდა, პრეზიდენტობისთვის ხელმეორედ რომ ეყარა კენჭი. მედია ციტატას ურთავს კომენტარს, რომ ტრამპი პირველად პრეზიდენტად 2016 წელს აირჩიეს. “იმედის” საინფორმაციო ბარათი და იგივე მტკიცება ასევე გამოაქვეყნეს პროსახელისუფლებო ექსპერტმა, გია აბაშიძემ და სხვა ფეისბუქ-მომხმარებლებმა (1;2;3).
პროსახელისუფლებო მედია სააკაშვილის განცხადებით მანიპულირებს, თითქოს ტრამპი 2013 წელს მას ხელმეორედ კენჭისყრაზე ვერ ჰკითხავდა, რადგან პრეზიდენტად პირველად 2016-ში აირჩიეს. რეალურად, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა პირველად 2000 წელს დააყენა.
6 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. გამარჯვება ტრამპს მიულოცა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც და საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა ამონარიდი თავისი წიგნიდან “ძალის გამოღვიძება”.
“2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი.
მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.
ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: – რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო”.
აღნიშნული ციტატა ტელეკომპანია “იმედმა” და POSTV-იმ გააშუქეს და მიუთითეს “რეალობაზე”, რომ ტრამპი პირველად 2016-ში გახდა პრეზიდენტი. მედიის მიერ გამოქვეყნებული საინფორმაციო ბარათით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოფილი პრეზიდენტი იტყუება, როცა 2013-ში ტრამპთან საუბრის შესახებ წერს.
რეალურად, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება პირველად 2016-ში არ მიუღია. 2000 წელს 53 წლის ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა პირველად დააყენა და წინასაარჩევნო კაპმანია “Trump 2000” აწარმოა. ის არჩევნებში მონაწილეობას რეფორმების პარტიიდან გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მთავარ მიზეზად რეფორმების პარტიაში მიმდინარე განხეთქილება დასახელდა. ტრამპი დარწმუნებული იყო, რომ ამგვარი დაპირისპირებით აშშ-ის არჩევნებს პარტიის წარმომადგენელი ვერ მოიგებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის.

ამრიგად, “იმედისა” და POSTV-ის საინფორმაციო ბარათები მანიპულაციურია. დონალდ ტრამპს შეეძლო, 2013 წელს ხელმეორედ კენჭისყრაზე ესაუბრა, რადგან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა პირველად 2000 წელს დააყენა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.




















