7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედმა” (1; 2) “რუსთავი 2-მა” და “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, და სხვა მედიასაშუალებებმა (მხარე; InfoPostalioni; ექსკლუზივ ნიუსი; SULinfo/სულინფო; Georgian Best News) გაავრცელეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომლითაც ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ატყობინებს, რომ საქართველოს მონაწილეობა რამდენიმე რეგიონულ პროექტში შეჩერებულია. მედიების მიხედვით, წერილში მთავარი ნაწილი ჰერჩინსკის “აღიარებაა”, რომ ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს ევროპის საბჭოს დასკვნების საფუძველზე შეაჩერა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს “სკანდალური წერილი” “თავდაყირა აყენებს” ევროკავშირის კამპანიას, რომელიც ეფუძნებოდა მტკიცებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი თავად საქართველომ შეაჩერა. მედიასაშუალებების მიხედვით, წერილი ამტკიცებს, რომ ირაკლის კობახიძის განცხადებამდე 5 თვით ადრე ევროკავშირს თავად ჰქონდა გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიღებული.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმაც გააკეთა, რომლის მიხედვითაც წერილი სკანდალურია, რადგან მასში ევროკავშირის ელჩი ადასტურებს, რომ საქართველოს გაწევრიანების საკითხი არა ირაკლი კობახიძის განცხადებით, არამედ 5 თვით ადრე ევროკავშირის გადაწყვეტილებით შეჩერდა.
რეალურად, ინფორმაცია პაველ ჰერჩინსკის წერილის შესახებ მანიპულაციურად ვრცელდება. წერილში ნახსენები 2024 წლის 27 ივნისის დასკვნა საჯაროდაა ხელმისაწვდომი. საჯარო განცხადებები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია, პაველ ჰერჩინსკისაც არაერთხელ გაუკეთებია, როგორც ირაკლი კობახიძის განცხადებამდე, ასევე მის შემდეგ. 5 ნოემბრით დათარიღებული წერილის შინაარსი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის აქამდე გაცხადებულ პოზიციას. საჯარო განცხადებებსა და დასკვნებში ვკითხულობთ, რომ პროცესის შეჩერება საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია და კურსის შეცვლის შემთხვევაში, ორგანიზაცია მზადაა ქვეყანას დაეხმაროს ევროკავშირთან დაახლოებაში.
- რა ეწერა 2024 წლის 27 ივნისის დასკვნაში?
2025 წლის 5 ნოემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც, მედიასაშუალებების მტკიცებით, ჰერჩინსკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს გაუგზავნა, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლასთან დაკავშირებულ რამდენიმე რეგიონულ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობა შეუჩერდა.
მედიები ყურადღებას წერილის იმ ნაწილზე ამახვილებენ, სადაც ევროპის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნაზეა საუბარი. წერილის მიხედვით, ამ დასკვნებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია. “იმედის” სტატიაში ვკითხულობთ, რომ წერილი “თავდაყირა აყენებს მთელს იმ ისტერიულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლითაც ევროკავშირი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ საქართველომ თავად თქვა უარი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე”.
მედიასაშუალებები წერილის შინაარსს მანიპულაციურად ავრცელებენ და ამტკიცებენ, რომ ჰერჩინსკის წერილში მოცემული ინფორმაცია ევროკავშირის აქამდე გაჟღერებულ პოზიციას არ ემთხვევა.
წერილში ნახსენებია ევროპის საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის დასკვნა. დასკვნის დოკუმენტში ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე ძირითადი საკითხია განხილული. დოკუმენტში რამდენიმე პუნქტი საქართველოსაც ეთმობა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება კომისიის რეკომენდაციებს არ ასრულებს და მისი მიმდინარე კურსი ფაქტობრივად აჩერებს ქვეყნის გაწევრიანებას ევროკავშირში.
ევროპის საბჭოს შეხვედრის დასკვნები (27/06/2024): “ევროპის საბჭო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონი წარმოადგენს უკუსვლას იმ ნაბიჯებიდან, რომლებიც განსაზღვრული იყო კომისიის რეკომენდაციაში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტოს თავისი განზრახვები მიმდინარე კურსის შეცვლით, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას და ფაქტობრივად იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.”
შემდგომ პუნქტებში ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის მზარდი ფაქტების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. ასევე ვკითხულობთ მოწოდებას ოქტომბრის არჩევნების ღიად და სამართლიანად ჩატარების შესახებ. ბოლო პუნქტში საქართველოს შესახებ ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზადაა დახმარება გაუწიოს ქართველებს ევროპულ გზაზე.
შესაბამისად, დოკუმენტში გარკვევითაა განმარტებული, რომ გაწევრიანების გზაზე შეფერხების მიზეზი არა ევროკავშირის ლიდერების პოლიტიკური ნება, არამედ საქართველოს ხელისულების ნაბიჯებია და მას შეუძლია გადაწყვეტილების შეცვლა და გაწევრიანების გზაზე დაბრუნება. ქართულ მედიაში გავრცელებული ცნობები ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ევროპის საბჭოს დასკვნაში ამგვარი ჩანაწერის შესახებ ჰერჩინსკის წერილიდან ვიგებთ, თუმცა, დოკუმენტი მისი მიღების შემდეგ საჯაროდაა ხელმისაწვდომი.
გარდა ამ დოკუმენტისა, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებიდან მომდინარე შედეგებსა და ევროკავშირის პოზიციაზე პაველ ჰერჩინსკიც საუბრობდა. ჯერ კიდევ 2024 წლის 19 ივნისს, ანუ ევროპის საბჭოს შეხვედრამდე ჰერჩინსკი აცხადებდა, რომ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონის მიღებამ საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინა.
ამავე წლის 9 ივლისს, ანუ ევროპის საბჭოს ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული იყო:
პაველ ჰერჩინსკი (9/07/2024): “ევროკავშირის ლიდერებისთვის გაუგებარია საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების განზრახვები. კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აშკარად უკან ხევს ცხრა საფეხურს და ასევე ანტიდასავლური, ანტიევროპული რიტორიკა სრულიად შეუთავსებელია ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანთან… ასე რომ, სამწუხაროდ, ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია”.
ამავე განცხადებაში ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ ევროკავშირმა გაყინა ევროპის სამშვიდობო ფონდიდან (EPF) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი 30 მილიონი ევრო და სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, სხვა ნაბიჯებიც იყო მოსალოდნელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ განცხადებაშიც ჰერჩინსკიმ გაიმეორა მოწოდება ევროკავშირის მზადყოფნის შესახებ დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, თუ ის დაინტერესებული იქნება ევროკავშირში გაწევრიანებით.
2024 წლის 29 ნოემბერს, ოქტომბერში ჩატარებული არჩევნებისა და ირაკლი კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების შესახებ, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დადგებოდა, ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში ახალი სტიმულის მოლოდინი ჰქონდა თუმცა, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა და პრემიერ-მინისტრის განცხადება დასანანია.
პაველ ჰერჩინსკი (29/11/2024): „გვქონდა იმედი, რომ არჩევნები ახალ სტიმულს მისცემდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებს, მაგრამ პოზიტიური ბიძგის ნაცვლად, იყო სერიოზული დარღვევები, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს. გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროინტეგრაციას, არის ნამდვილად დასანანი“.
შესაბამისად, როგორც ევროკავშირის დოკუმენტიდან, ასევე ჰერჩინსკის სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიდან ვხედავთ, რომ გაწევრიანების პროცესის შეფერხებასა და ფაქტობრივ შეჩერებაზე ორგანიზაცია პასუხისმგებლობას ყოველთვის “ქართულ ოცნებას” აკისრებდა და 5 ნოემბრით დათარიღებული წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პოზიციას. ხოლო რეგიონული პროგრამებიდან საქართველოს გამოთიშვა იმ საპასუხო ზომების ნაწილია, რომლებზეც ჰერჩინსკი ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში საუბრობდა.
ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ევროკომისიის სპიკერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერი გამოეხმაურა. მან ბრიფინგზე პროცესს ფაქტებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა უწოდა და განაცხადა, რომ 2024 წლის დასკვნა გამოსაფხიზლებელი მოწოდება იყო ხელისუფლებისთვის შეეცვალა აღებული კურსი. ჰიპერის მიხედვით, ამის ნაცვლად, დემოკრატიის მიმართ დესტრუქციული ქმედებები გაგრძელდა, რაც შემდგომ ანგარიშებსა და გასულ კვირას გამოსულ გაფართოების ანგარიშშიც აისახა და დღეს საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ნომინალურადაა.



















