სადაა გადაღებული და რას ასახავს ვიდეო, რომელშიც უკრაინის დროშას წყალს ასხამენ?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

უკრაინული დროშა
102
VIEWS

2 ნოემბერს რუსულენოვანმა ფეისბუქ-მომხმარებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ ორ ადამიანს, რომლებსაც სლოვაკეთის დროშა უჭირავთ. ერთ-ერთი მათგანი წყალს ასხამს მათ წინ მდგომ პირებს, რომლებსაც უკრაინის დროშა უჭირავთ. ვიდეოში ასევე ვხედავთ უცნობ პირს, რომელმაც ზემოთხსენებულ პირებს უკრაინის დროშა ხელიდან გამოგლიჯა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ, რომ კადრები ევროპარლამეტში მომხდარ შემთხვევას ასახავს. 

უკრაინის დროშა
Screenshot

დაპირისპირების ამსახველი ვიდეო, რომელშიც უკრაინის დროშას წყალს ასხამენ, მცდარი აღწერით, მანიპულაციურად ვრცელდება. რეალურად, ინციდენტი 2022 წლის 8 თებერვალს, სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტში მოხდა, სადაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მმართველი კოალიციის დეპუტატებს დაუპირისპირდნენ.

ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეო 2022 წლის 8 თებერვალს სლოვაკეთის პარლამენტშია გადაღებული. საპარლამენტო სხდომა აშშ-სა და სლოვაკეთს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების (DCA) განხილვის მიზნით გაიმართა. დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში სლოვაკეთის ორი სამხედრო აეროდრომის გამოყენების უფლება ექნებოდა, რის სანაცვლოდაც, აშშ მათი მოდერნიზებისთვის 100 მილიონ დოლარს გამოყოფდა. 

შეთანხმების მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტის რატიფიკაცია სლოვაკეთის სუვერენიტეტს საფრთხეს შეუქმნიდა, ქვეყნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ძალების მუდმივი ყოფნის რისკს გააჩენდა და შესაძლოა, საქმე ქვეყანაში ბირთვული იარაღის განთავსებამდეც მისულიყო. რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, ის მიიჩნევდა, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე კონტრ-ზომების გამკაცრება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება ქვეყნის სამომავლო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტორი იქნებოდა.  

დოკუმენტის განხილვის დროს ულტრა-მემარჯვენე “სახალხო პარტია ჩვენი სლოვაკეთის” (ĽSNS) წევრებმა, პეტერ კრუპამ და ანდრეი მედვეცკიმ, სპიკერის ტრიბუნის უკან სლოვაკეთის დროშა გაშალეს. ამ ქმედების საპასუხოდ, მმართველი კოალიციის პარტია “თავისუფლება და სოლიდარობის” (SaS) წარმომადგენლებმა, იანა ბიტო ციგანიკოვამ და მიროსლავ ჟიაკმა, მათ წინ უკრაინის დროშა გამოიტანეს. ĽSNS-ის წევრმა ანდრეი მედვეცკიმ უკრაინის დროშასა და მიროსლავ ჟიაკს წყალი გადაასხა, რამდენიმე წამში კი პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ციგანიკოვასა და ჟიაკს დროშა ხელიდან გამოგლიჯა. 

შესაბამისად, ვიდეოს ევროპარლამენტთან კავშირი არ აქვს და ის 2022 წლის 8 თებერვალს სლოვაკეთის პარლამენტშია გადაღებული. 


მოამზადა სესილი ადამიამ 

“მითების დეტექტორის” ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist