3 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა Goria Shiva-მ გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, ბილ გეიტსი ამერიკელმა სამხედროებმა ბავშვებით ვაჭრობის, ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლისა და სხვა “ენითაღუწერელი დანაშაულების” გამო დააკავეს. Goria Shiva-მ იდენტური ინფორმაციის შემცველი პოსტები გამოაქვეყნა ფეისბუქ ჯგუფებში: სიცოცხლის დაცვისა და გენოციდის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ალიანსი, ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი და არა სტუდენტების ძალით ვაქცინირებას. იდენტური ინფორმაცია მომხმარებელმა Karen Jitsuryoku-მ რუსული საიტიდან tengri.ucoz.ru ფეისქბუქ ჯგუფში “კორონა მაფია” გააზიარა.
გავრცელებული მტკიცება იმის შესახებ, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ბილ გეიტსი დააკავეს, ყალბია და სათავეს სატირულ-იუმორისტული შინაარსის ვებსაიტიდან იღებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას მითითებული არ აქვს, რომ მისი პირველწყარო სატირულია.
ბილ გეიტსის დაკავების შესახებ ინფორმაცია ონლაინ გამოცემა Real Raw News-მა პირველ აგვისტოს გაავრცელა. სტატიის მიხედვით, ბილ გეიტსი 27 ივლისს რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ სამხრეთ კაროლინაში დააკავეს.
რეალურად, ონლაინ გამოცემა Real Raw News-ის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში მითითებულია, რომ საიტი საგანმანათლებლო და გასართობი მიზნებისთვის შეიქმნა, ამავე ტექსტში ხაზი ესმება იმ ფაქტს, რომ საიტი იუმორს, პაროდიას და სატირას შეიცავს. საიტს მაიკლ ბექსტერი მართავს და ყველა მასალა სწორედ მისი ავტორობით ქვეყნდება.
Real Raw News-ზე გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია აშშ-ში სხვადასხვა ანტივაქსერულ ჯგუფში ფაქტის სახით გავრცელდა, ინფორმაცია Lead Stories-სა და Reuters-ის ფაქტების ანალიტიკოსებმაც გადაამოწმეს. ბილ გეიტსი 27 ივლისის მერეც საკუთარ ინსტაგრამ და ტვიტერის ანგარიშებზე პოსტებს აქტიურად აქვეყნებდა, მათ შორის ვიდეოებს მისივე მონაწილეობით.
ბილ გეიტსის სასამართლო პროცესების, დაკავებებისა და დაჯარიმების შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” არაერთხელ გადაამოწმა:
- იჭერენ თუ არა ფაუჩის და ბილ გეიტსს აცრების გამო?
- მოითხოვს თუ არა იტალია ბილ გეიტსის დაკავებას?
- დააკისრეს თუ არა ბილ გეიტსს ჯარიმა ვაქცინებისათვის?
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა
სატირულ-იუმორისტული გამოგონილი ამბების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა პროპაგანდის ერთ-ერთი მეთოდია. ასეთ დროს გამოგონილ ინფორმაციას აუდიტორიას რეალურ ამბად, მასალის გამოგონილი შინაარსის შესახებ მკაფიო მითითების გარეშე აწვდიან. “მითების დეტექტორმა” ქართულ მედიაში რეალურ ამბების სახით გამოქვეყნებული სატირული ინფორმაცია ადრეც გადაამოწმა:
- დაუდგა თუ არა კიმ ჩენ ინმა სტალინს ჩრდილოეთ კორეაში ძეგლი?
- დაიხრჩო თუ არა ჯანმოს მაღალჩინოსანი ბროკოლით?
- Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ.
- გამოგონილი ამბავი ფლორიდელი მამაკაცის მიერ თევზის გაუპატიურების შესახებ.
- დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე
- როგორ იქცევა “სხვისი” სატირა “სპუტნიკზე” “ნიუსად” – განმეორებითი გაყალბების ქრონიკა
- კისინჯერის ინტერვიუ სსრკ-ზე ყალბია და პროგრესნიუსმა რუსულ სატირულ გამოცემაზე დაყრდნობით გაავრცელა
- ცნობა “ცათა სასუფევლის” შესახებ სატირა აღმოჩნდა
- როგორ იქცა რუსული “სატირა” საქინფორმის დეზინფორმაციად?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.