6 აპრილიდან ქართულ (1,2) და რუსულენოვანი (1,2,3,4,5,6,7,8) ფეისბუქ ანგარიშები სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველ ვიდეოს ავრცელებდნენ. თანდართული აღწერის მიხედვით, ფინეთის ნატოში გაწევრიანების შემდეგ სასაზღვრო ქალაქ ვიბორგში ბირთვული იარაღის მობილური დანადგარები გამოჩნდა.
ვიდეო მცდარი აღწერით ვრცელდება, მასში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-24 Ярс-ის გადაადგილებას ვხედავთ, თუმცა, ის არა ქალაქ ვიბორგში, არამედ მოსკოვის სიახლოვეს, ქალაქ კოლჩუგინოშია გადაღებული.
ვიდეო, რომელშიც დასახლებულ ადგილას სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას ვხედავთ, ტვიტერზეც გავრცელდა და რამდენიმე ანგარიშმა გეოლოკაციის გამოყენებით მისი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა მოახერხა. ის არა ფინეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ ვიბორგში, არამედ მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვლადიმირსკაიას ოლქის ქალაქ კოლჩუგინოშია გადაღებული.
მთავარი მსგავსებები, რომლებიც გუგლის საძიებო სისტემის რუკაზეც და გავრცელებულ ვიდეოშიც შეგვიძლია ვიპოვოთ, კორპუსი მწვანე აივნებით და მის გვერდით, გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე მაღაზიათა ქსელი “მაგნიტის” შენობაა, რომელსაც წითელი ზოლი გასდევს და მაღაზიის დასახელებაც წითლად აწერია.


რაც შეეხება ვიდეოში ასახულ სამხედრო ტექნიკას, აღნიშნულ საკითხზე “მითების დეტექტორი” შეიარაღების სპეციალისტს – გიგა ინაშვილს დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, ვიდეოში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი РС-24 Ярс-ი (RS-24 Yars) ჩანს, რომლის დაფარვის ზონა 12 000 კილომეტრამდეა.
ინაშვილის მიხედვით, სისტემა ახლოს მდებარე ქვეყნებისთვის არაა გათვლილი და ვიდეოში ასახულ კომპლექსებს, შესაძლოა, 9 მაისის აღლუმისთვის ამზადებდნენ.


ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ფინეთის საზღვართან რუსული ბირთვული არსენალის მობილიზების შესახებ მცდარი ინფორმაცია ვრცელდება. 2022 წლის ივნისში მსგავსი აღწერით გავრცელებული ვიდეო Reuters-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ მასში ასახულ ტექნიკას ბირთვული ქობინების გადატანა არ შეეძლო. ამ შემთხვევაშიც, რუსული ტექნიკის ფინეთის საზღვართან განთავსება ფინეთის ნატოსთან დაახლოებასთან იყო დაკავშირებული.
წყაროების შესახებ:
ფეისბუქ მომხმარებელი იოსებ სირაბიძე ალტ-ინფო/კონსერვატიული მოძრაობის მხარდამჭერია და ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს, მათ შორის მცდარ ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს.
ანტიდასავლური შინაარსის მცდარ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ ანგარიშები Nero Nero და Николай Балясников.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.