1967 წელს ნორვეგიულ გამოცემა Orientering-ში გამოჩნდა გაყალბებული დოკუმენტების კოლექცია, რომელიც დროთა განმავლობაში საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებულ კამპანიად იქცა. 1967-1971 წლებში ამ დოკუმენტების ნაწილი ან სრული ვერსიები გაგზავნეს არაერთ გაზეთსა და ჟურნალში, სულ მცირე, დასავლეთ ევროპის 10 ქვეყანაში.
სტატია სათაურით “ეს შეიძლება აქ მოხდეს” (Dette kan skje her!) საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროპული სახელმწიფოები ნატოს და შესაბამისად აშშ-ს გავლენის სფეროს დატოვებას შეეცდებოდნენ, აშშ-ს სამხედრო ძალებს ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიის დაკავების გეგმა ჰქონდა მზად. სტატია აღწერდა, თუ როგორ აპირებდა აშშ ნატოს წევრ ქვეყნებთან საგანგებო შეთანხმების საფუძველზე საკუთარი სამხედრო სტრატეგიულ ინტერესები დაეცვა და ამტკიცებდა, რომ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების ნომერ პირველი სამიზნე ევროპაში ნორვეგია იყო.
1980 წლის ივნისში დოკუმენტები ხელახლა გავრცელდა. მათი გამოჩენა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საკრუიზო რაკეტების განთავსების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებას დაემთხვა. თითქმის ყველა შემთხვევაში ბროშურა ადრესატებთან ლონდონიდან იგზავნებოდა, ზუსტი მისამართის მითითების გარეშე. უმეტეს შემთხვევაში, დოკუმენტები ერთ ბროშურაში იყო გაერთიანებული სათაურით “საიდუმლო დოკუმენტები აშშ-ის ძალების ევროპის შტაბ-ბინიდან: მორიგი ჰოლოკოსტი ევროპისთვის” (Top Secret Documents on U.S. Forces Headquarters In Europe: Holocaust Again for Europe), რომელიც თითქოსდა ინგლისში უცნობი ჯგუფის მიერ იყო გამოქვეყნებული.

რეალურად, 1980 წელს დაბეჭდილი ბროშურა 1960-იანი წლების ავთენტური და გაყალბებული დოკუმენტების ნაზავს ეფუძნებოდა და მისი მიზანი NATO-ს ევროპელ მოკავშირეებში ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ უნდობლობის გაღვივება იყო. ბროშურის შესავალ ნაწილში ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ “აშშ-ის აზროვნება ომისთვის მზადებაზეა ორიენტირებული” და რომ აშშ მზადაა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დასავლეთ ევროპა ბირთვულ ომს შესწიროს.
გაყალბებული დოკუმენტების ხელახალი გავრცელება ევროპაში ბირთვული შეიარაღებისადმი არსებული შიშის გამოყენებით ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს აშშ ამ იარაღს NATO-ს მოკავშირეების ტერიტორიაზე გამოიყენებდა. 1980 წელს დოკუმენტების ხელახლა გამოჩენა მიუთითებს, რომ აღნიშნული დეზინფორმაცია უფრო ფართო კამპანიის ნაწილი იყო, რომლის მიზანსაც დასავლეთ ევროპაში ნატოს ბირთვული ძალების მოდერნიზაციის საწინააღმდეგო განწყობების გაძლიერება და აშშ-ის პოლიტიკასა და ზრახვებზე შიშის დანერგვა იყო. ამ სტრატეგიის გამოყენებით, საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა შეექმნა მოსაზრება, თითქოს დასავლეთ ევროპისთვის საფრთხეს არა სსრკ და მისი მოკავშირეები, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა წარმოადგენდა.
-
ნორვეგიული გამოცემა Orientering-ის შესახებ
გამოცემა Orientering-ი 1952 წელს შეიქმნა და დაარსების დღიდან მკვეთრად გამოხატული NATO-ს საწინააღმდეგო პოზიციით გამოირჩეოდა. გაზეთის დამფუძნებლები მიიჩნევდნენ, რომ პოლიტიკური და საინფორმაციო ბალანსის დასავლეთისკენ გადახრა აზიანებდა ნორვეგიის შიდა პოლიტიკურ დებატებს და ახალ მტრის ხატს ქმნიდა, რაც ტოტალური ომის საფრთხეს შეიცავდა. განსხვავებით ყველა სხვა მემარცხენე გამოცემისგან, Orientering-ი მეინსტრიმული მედიისგან განსხვავებული, ალტერნატიული და ერთგვარი “მესამე პოზიციის” გამოხატვას ცდილობდა, თუმცა, გამოცემა აშკარად პოლიტიზირებული იყო.
ცივი ომის დაპირისპირების აქტიურ ფაზაში გადასვლისას აშკარა გახდა, რომ “მესამე პოზიციის’ მკაფიოდ განსაზღვრა რიგ საფრთხეებს შეიცავდა. მთავარი საფრთხე კი პოტენციურ მიკერძოებაში მდგომარეობდა. შედეგად, Orientering-ი კომუნისტურ იდეოლოგიასთან ასოცირდებოდა, რაც მას კრიტიკის სამიზნედ აქცევდა როგორც მმართველი ლეიბორისტული პარტიის გავლენიანი წარმომადგენლების, ასევე მათი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან.
უფრო გვიანდელმა ანალიზმა დაადასტურა, რომ Orientering-ში ცივი ომის პირველ ეტაპზე (1950-1960-იან წლებში) განსაკუთრებულად მიკერძოებული სტატიები იბეჭდებოდა. საკამათო იყო ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე შეფასებები სსრკ-სა და დასავლურ სახელმწიფოებში. გაზეთი გაცილებით მეტ შემწყნარებლობას იჩენდა საბჭოთა კავშირის მიმართ და თავს იკავებდა საბჭოთა ხელისუფლების კრიტიკისგან, მაშინ, როცა აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაცილებით მეტი ინტერესითა და ენთუზიაზმით საუბრობდა. მაგალითად, 1953 წელს გაზეთმა ერთსა და იმავე გვერდზე გამოაქვეყნა ორი სტატია, საიდანაც ერთი საბჭოთა კავშირში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ნაკლებად მნიშვნელოვან პრობლემად წარმოაჩენდა, ხოლო მეორე სტატია საგანგაშოდ თვლიდა ფაქტს, რომ აშშ-ში ერთ-ერთი კარიკატურა ცენზურას დაექვემდებარა. კარიკატურის შესახებ სტატიის სათაური ირონიულად მიუთითებდა, რომ აშშ-ის მოქალაქეები „ერთმანეთზე სიცილის თავისუფლებას“ კარგავდნენ, ხოლო სტატიის ავტორი აღნიშნავდა, რომ თუ ეს თავისუფლება დაიკარგებოდა, დანარჩენი თავისუფლებებიც საკუთარ მნიშვნელობას დაკარგავდნენ.