26 აგვისტოს ფეისბუქ გვერდზე “სალტე” გამოქვეყნდა გადაცემა “პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად”, სადაც სტუმრად იმყოფებოდა ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი. მან 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის საფრანგეთის შუამავლობით დადებულ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე ისაუბრა. ზარდიაშვილის თქმით, სააკაშვილის მხრიდან შეთანხმებიდან ამოღებული იქნა ის პუნქტი, რომელიც რუსეთს ცალმხრივად ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას უკრძალავდა.
დავით ზარდიაშვილი: “ინტერესი გლობალური ომის პარტიის 2008 წელსაც ეგ იყო და დღესაც იგივე არის, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღმოიფხვრას კაზუს ბელი რუსეთსა და საქართველოს შორის. ამის მიმანიშნებელი პირდაპირი ფაქტი არის ის, რომ სააკაშვილის მოთხოვნით იქნა ამოღებული მედვედევ-სარკოზის შეთანხმებიდან ის პუნქტი, რომელიც რუსეთს უკრძალავდა ცალმხრივად დამოუკიდებლობის აღიარებას.”
მანიპულაციურია მე-6 პუნქტის იმგვარი ინტერპრეტაცია, თითქოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებაში ეს პუნქტი რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ცალმხრივად დამოუკიდებლობის აღიარებას უკრძალავდა. თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც ქართულმა მხარემ მართლაც შეცვალა, აღნიშნული იყო საერთაშორისო განხილვების დაწყება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ. ქართული მხარისთვის ასეთი ჩანაწერი პრობლემური იყო იმ მიზეზით, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი რჩებოდა ღია და არსებობდა ტერიტორიების აღიარების შესაძლო საფრთხე.
2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოსკოვიდან თბილისში ჩამოვიდა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის მაშინდელ პრეზიდენტთან, დიმიტრი მედვედევთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ – 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერა ხელი.
საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემური აღმოჩნდა შეთანხმების მე-6 პუნქტი, რომელშიც საუბარი იყო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების შესახებ საერთაშორისო განხილვების დაწყებაზე. ხელისუფლება სიტყვა ”სტატუსის” არსებობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენების და სხვადასხვა ინტერპრეტაციის წარმოქმნის შესაძლებლობად მიიჩნევდა.
მიხეილ სააკაშვილმა ამ საკითხზე 2008 წლის ნოემბერში, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წინაშე ისაუბრა. მისი თქმით, შეთანხმების თავდაპირველ ვარიანტზე ხელმოწერის შემთხვევაში საქართველო ღიად დატოვებდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და სწორედ ამიტომ განაცხადა უარი მის მიღებაზე.
მიხეილ სააკაშვილი: “აქ როცა სარკოზი ჩამოვიდა, მან ჩამოიტანა 6 პუნქტი შეთანხმება. მე–6 პუნქტში იყო ნათქვამი, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უფრო სწორად, საქართველოს ამ ტერიტორიების საერთაშორისო სტატუსი უნდა გაირკვეს მომავალი მოლაპარაკების შედეგად. და ნუ აი, ეს იყო ჩემთვის სრულიად მიუღებელი. ესე იგი, ჩვენ ღიად უნდა დაგვეტოვებინა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ამ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შედეგად…”
საქართველოს პრეზიდენტის უარის შემდეგ ნიკოლა სარკოზიმ მოლაპარაკებები განაახლა რუსულ მხარესთან და მალევე მიიღო დასტური მე-6 პუნქტის ცვლილების შესახებ.
2010 წლის განცახდებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თავადაც ადასტურებს, რომ ისინი საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მზად იყვნენ გაეგრძელებინათ დისკუსია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე, თუმცა სააკაშვილის მოთხოვნას დათანხმდნენ.
სერგეი ლავროვი: “ჩვენ საერთოდ არ გვქონდა არავითარი მოსაზრება, რომელსაც გეოპოლიტიკური განზომილება ჰქონდა. ჩვენ მზად ვიყავით საომარი მოქმედებების დასრულების დღეს გაგვეგრძელებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე დისკუსია. დოკუმენტი იყო შეთანხმებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წაიღო ის თბილისში. შემდეგ კი დარეკა და გვითხრა, რომ სააკაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ რესპუბლიკების სტატუსის განხილვის, რომ მისთვის სტატუსი გასაგებია და ეს ფრაზა უნდა ამოღებულიყო. ჩვენ დავთანხმდით”.
საბოლოოდ 6-პუნქტიანი გეგმიდან ამოღებული იქნა ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის საერთაშორისო დონეზე განხილვის საკითხი და შეთანხმება შემდეგი ფორმით ჩამოყალიბდა:
- ძალის გამოყენებაზე უარის თქმა;
- საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა;
- ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა;
- საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში;
- რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს;
- საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ.
2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მე-6 პუნქტის თავდაპირველი ვერსია | 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების მე-6 პუნქტის საბოლოო ვერსია |
“საერთაშორისო განხილვების დაწყება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების შესახებ” | “საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ” |
რუსეთი მე-6 პუნქტის ცვლილებით უკმაყოფილო იყო, მოგვიანებით კი მათ მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების მიზეზად, მეტწილად, სწორედ ეს ცვლილება დაასახელეს. სერგეი ლავროვის განცხადებით, სააკაშვილის მიერ მე-6 პუნქტის ცვლილებით მათთვის “ყველაფერი ნათელი გახდა” და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.