რუსული თუ ბიზანტიური არწივი – რა სიმბოლოა გამოსახული სვეტიცხოვლის ეზოში?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

72
VIEWS

22 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Threads-ის მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო აღწერით: “სვეტიცხოვლის შესასვლელი დღეს, ალბათ თქვენც ხედავთ ორთავიან რუსულ არწივს ამ კაცის ხელთან ახლოს”. ფოტოზე ვხედავთ, რომ სვეტიცხოვლის ეზოში სვეტზე, რომელსაც სივრცეების შემოსაღობად იყენებენ, ორთავიანი არწივია გამოსახული. პოსტის ავტორი ასევე აქვეყნებს რუსული გერბის ფოტოს და ორ სიმბოლოს ერთმანეთს უკავშირებს. 

Screenshot 2024 11 04 130402 რუსული თუ ბიზანტიური არწივი - რა სიმბოლოა გამოსახული სვეტიცხოვლის ეზოში?

მტკიცება, თითქოს სვეტიცხოვლის ეზოში ორთავიანი არწივი რუსული სიმბოლოა, მანიპულაციურია. სიმბოლო მხოლოდ რუსეთის გერბზე არ არის გამოყენებული და ის მანამდე ბიზანტიის იმპერიის სიმბოლო იყო. საპატრიარქოში განგვიმარტეს, რომ სიმბოლოს რუსეთთან კავშირი არ აქვს და საბერძნეთშია შეძენილი. 

ფოტო, რომელსაც პოსტის ავტორი ავრცელებს, ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას მიერ 12 ოქტომბერს გამოქვეყნებული ვიდეოდან არის ამოჭრილი. ჟურნალისტი წერდა, რომ სასულიერო პირი მოქალაქეებს სვეტიცხოვლის ეზოში არ უშვებდა. სწორედ ამ ვიდეოში ჩანს ზონის გამყოფი ბარიერიც, რომელზეც გამოსახულია არწივი ორი თავით. 

Screenshot 2024 11 04 130441 რუსული თუ ბიზანტიური არწივი - რა სიმბოლოა გამოსახული სვეტიცხოვლის ეზოში?

Threads-ზე გამოქვეყნებული პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ არწივი რუსულ გერბზე გამოსახულ სიმბოლოსთან არის დაკავშირებული. თუმცა, რეალურად, სიმბოლოს რუსულ გერბზე გამოსახვამდეც იყენებდნენ. ზოგადად, არწივი ძალაუფლების სიმბოლოა და მისი გამოსახვა დროშაზე, გერბზე თუ არქიტექტურაში, სიძლიერის პროექციას წარმოადგენს. არწივი თავიანთი ძალაუფლების სიმბოლოდ ანტიკურ ხანაში ჯერ კიდევ რომის იმპერატორებმა აირჩიეს. აღმოსავლეთ რომის, ანუ ბიზანტიის იმპერიამ, რომის იმპერიის მემკვიდრემ, აღნიშნული სიმბოლო გადაიღო და ერთთავიან რომაულ არწივს მეორე თავიც დაუმატა. პირველ რიგში, სიმბოლო აღნიშნავდა ბიზანტიის იმპერატორის საერო და სულიერ ძალაუფლებას, ასევე, აღმოსავლეთითა და დასავლეთით მმართველობას. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ რუსეთის მმართველებმა იმპერიული ტიტული (ცარი მომდინარეობს სიტყვიდან კეისარი) და სიმბოლიკა (არწივი) გადაიღეს. 

დეტალების გასარკვევად, თუ რას უკავშირდება სვეტიცხოვლის ეზოში არწივის სიმბოლო, საქართველოს საპატრიარქოს დავუკავშირდით. როგორც საპატრიარქოში განმარტავენ, “ორთავიანი არწივი ბერძნული ატრიბუტიკის ნაწილია, რომელსაც საბერძნეთის ეკლესიაში ყველგან შეხვდებით… ის ქრისტიანული ბიზანტიის იმპერიის სიმბოლოა და საეკლესიო და საერო იერარქიის თანა ერთობით მართვას აღნიშნავს. ეპისკოპოსი ნიშნავს ზედამხედველს, რაც არწივის ლოგოთი გამოიხატება და მას რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს”.    

საპატრიარქოში ასევე განგვიმარტეს, რომ სურათზე გამოსახული ზონის გამყოფი ბარიერი საბერძნეთშია შეძენილი და გამოგვიგზავნეს ბმული, სადაც მისი და სხვა საეკლესიო ატრიბუტიკის ყიდვაა შესაძლებელი

Screenshot 2024 11 04 130447 რუსული თუ ბიზანტიური არწივი - რა სიმბოლოა გამოსახული სვეტიცხოვლის ეზოში?

ორთავიანი არწივის სიმბოლოს იყენებს კონსპანტინოპოლის საპატრიარქო

Screenshot 2024 11 04 130454 რუსული თუ ბიზანტიური არწივი - რა სიმბოლოა გამოსახული სვეტიცხოვლის ეზოში?

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ არწივის სიმბოლო მხოლოდ რუსეთის გერბზე არ არის გამოსახული და გვხვდება სხვა ქვეყნების – მაგალითად, ალბანეთის, მონტენეგროსა და სერბეთის დროშებზე. 

Screenshot 2024 11 04 130459 რუსული თუ ბიზანტიური არწივი - რა სიმბოლოა გამოსახული სვეტიცხოვლის ეზოში?
ალბანეთის, მონტენეგროსა და სერბეთის დროშები

მოამზადა ზურაბ აბაშიძემ
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist