29 ნოემბერს ქართულენოვანმა ფეისბუქ-ანგარიშებმა (1;2;3;4) გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის დაზვერვამ თბილისში საიდუმლო რუსული ლოჯისტიკური ცენტრი აღმოაჩინა. პოსტებში ვკითხულობთ, რომ ეს თბილისს ომის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ აქცევს და უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ცენტრების განადგურების შესახებ განაცხადა. ერთ-ერთ პოსტში იმასაც ვკითხულობთ, რომ კომუნიკაციის ტერმინალები ბურკინა ფასოს დედაქალაქ უაგადუგუსა და საქართველოში, თბილისსა და გორშია აღმოჩენილი.

რეალურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში თბილისი ან საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქი ნახსენები არ არის. განცხადებაში წერია, რომ კომუნიკაციების ტერმინალები უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ და აფრიკის კონტინენტზე გამოავლინეს. თანდართულ რუკაზე ლოკაციების აღმნიშვნელი წითელი წერტილებია დასმული – ერთ-ერთი წერტილი გვხვდება საქართველოზეც. უკრაინის დაზვერვას დამატებითი დეტალები არ განუმარტავს, შესაბამისად, მტკიცება საქართველოს კონკრეტული ქალაქების შესახებ არ დასტურდება.
რა წერია დაზვერვის განცხადებაში?
29 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГУР МО України) გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამმართველოს ქვედანაყოფებმა ოპერატიულ მეთოდებთან ერთად ტექნიკური დაზვერვის საშუალებების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური, დაცული კომუნიკაციის ტერმინალების ქსელი გამოავლინა უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ და აფრიკის კონტინენტზე.
“უკრაინის სამხედრო დაზვერვა წარმატებით ააშკარავებს რუსი ოკუპანტების გეგმებს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ მაღალტექნოლოგიური ომის პირობებში, მტრის გეგმებისა და განზრახვების დროულ გამოაშკარავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
შიდა სამხედრო დაზვერვა დიდ ყურადღებას აქცევს მტრის სამეთაურო პუნქტების გადაადგილების მიმართულებების გამოვლენისა და თვალთვალის საკითხებს, ცდილობს მათგან მაქსიმალური ინფორმაციის მოპოვებას, ხოლო ხელსაყრელ პირობებში – მტრის ხელმძღვანელობის განადგურებას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ, ტექნიკური დაზვერვისა და ოპერატიული მეთოდების კომბინაციით, გამოავლინეს რუსული შეიარაღებული ძალების, სპეციალური დაცული კომუნიკაციის ტერმინალების კავშირი უკრაინასთან ფრონტის ხაზის გასწვრივ და აფრიკის კონტინენტზე.
რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ მითითებული ტერმინალებიდან მიღებული ინფორმაციის ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი გეოლოკაციის გასაჯაროებისა და განადგურების შესახებ.
სანამ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია გაგრძელდება, მტერს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ ექნება უსაფრთხო ადგილი.”
აღნიშნულ განცხადებას დართული აქვს რუკის ამსახველი ორი ფოტო, რომლებზეც კომუნიკაციის ტერმინალებია მონიშნული. რუკებიდან ვხედავთ, რომ ტერმინალების უდიდესი ნაწილი რუსეთში, უკრაინასთან ფრონტის ხაზთან ახლოსაა განლაგებული, ოთხი ტერმინალი აფრიკის კონტინენტზეა მონიშნული, ხოლო ერთი – საქართველოში.

გავრცელებული განცხადების ტექსტში საქართველო ან თბილისი ნახსენები არაა. რუკაზე დატანილი წერტილი კი აღმოსავლეთ საქართველოს უდიდეს ნაწილს ფარავს და უცნობია ზუსტად სადაა განთავსებული კომუნიკაციის ტერმინალი. აღსანიშნავია, რომ მონიშვნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნაწილსაც ფარავს.
შესაბამისად, ГУР МО України-ის განცხადებაში არაა აღნიშნული, რომ საკომუნიკაციო ტერმინალი თბილისში ან გორშია, ხოლო რუკაზე დასმული წერტილით შეუძლებელია მტკიცება, ზუსტად რა ლოკაციაზეა აღნიშნული კომუნიკაციის ტერმინალი.
გავრცელებულ განცხადებასა და ქართულ მედიაში მის გაშუქებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც გამოეხმაურა. სამსახურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელის შესახებ არასწორია. სუს-ი ასევე განმარტავს, რომ მას უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურისგან მსგავსი ინფორმაცია არ მიუღია და “განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ”.
“მითების დეტექტორი” ინფორმაციის დასაზუსტებლად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოსაც დაუკავშირდა. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.



















