რუსული ენის სწავლაზე მარკ რუტეს კომენტარი უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

მარკ რუტე
168
VIEWS

2025 წლის 10 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ლონდონში, Chatham House-ის ანალიტიკურ ცენტრში გამოსვლისას ბრიტანელებს მოუწოდა – „ისწავლეთ რუსული ენა“. ციტატა სოციალურ ქსელში გაავრცელა პროსახელისუფლებო ექსპერტმა, გია აბაშიძემ.

მარკ რუტე

რუსულ ენასთან დაკავშირებით მარკ რუტეს კომენტარი კონტექსტის გარეშე ვრცელდება. ფაქტების გადამოწმებით ირკვევა, რომ რუტეს განცხადება არ შეიცავდა მოწოდებას, ბრიტანელებს რუსული ენა შეესწავლათ. მისი გამოსვლის რეალური შინაარსი წარმოადგენდა გაფრთხილებას — თუ დასავლეთი არ გააძლიერებს თავდაცვას, შესაძლოა, მომავალში მოქალაქეები იძულებულნი გახდნენ ისწავლონ რუსული ენა. რუტე ამ გზით ხაზს უსვამს თავდაცვით მზადყოფნასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და რუსეთის მხრიდან მომავალი საფრთხეების სერიოზულობას.

2025 წლის 7 ივნისს, ლონდონში Chatham House-ის ანალიტიკურ ცენტრში სიტყვით გამოვიდა ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე. გამოსვლისა და შემდგომი დისკუსიის ვიდეო პირდაპირ ეთერში გააშუქა The Guardian-მა.
მარკ რუტე

რუტეს გამოსვლა ძირითადად შეეხებოდა ნატოს სამომავლო სტრატეგიას, კოლექტიური თავდაცვის მექანიზმების გაძლიერების საჭიროებას და ევროპული უსაფრთხოების წინაშე არსებულ რეალურ საფრთხეებს. მან მკაფიოდ განაცხადა, რომ რუსეთისგან მომდინარე გრძელვადიანი საფრთხე რეალურია და თუ დასავლეთი ვერ მოახერხებს თავდაცვითი ხარჯების გაზრდას, შედეგები შესაძლოა სერიოზული იყოს. რუტემ დაასახელა კონკრეტული საფრთხეებიც – მათ შორის ევროპაში ომის განახლების შესაძლებლობა და ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსეთის პოტენციური სამხედრო შეჭრა. მისი განცხადებით, კოლექტიური დაცვა და პრევენცია ამ სცენარების თავიდან ასაცილებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ კონტექსტში ამბობს რუტე ფრაზას რუსული ენის შესახებ. ნატო-ს გენერალური მდივნის შენიშვნა ერთგვარი გაფრთხილებაა: თუ დასავლეთი ვერ გააძლიერებს თავდაცვას, შესაძლოა, დადგეს ისეთი რეალობა, როცა ადამიანებს რუსეთის აგრესიის გამო მართლაც დასჭირდებათ რუსულის სწავლა.

რუტე: “რაც ვიცი არის ის, რომ თუ გვინდა ჩვენი საზოგადოებები უსაფრთხო იყოს და შეხედეთ, თუ ამას არ გააკეთებთ, არ გაზრდით თავდაცვის ხარჯებს, არ მიაღწევთ 5%-ს, მათ შორის თავდაცვის ხარჯების ძირითად 3.5%-ს — კი, შეიძლება ისევ გქონდეთ ეროვნული ჯანდაცვის სერვისი, სხვა ქვეყნებში — მათი ჯანდაცვის სისტემები, საპენსიო სისტემები და ა.შ. მაგრამ მაშინ ჯობია, რუსულის სწავლა დაიწყოთ. აი, ეს იქნება შედეგი.”

სწორედ ამ კონტექსტში, რუსული ენის ხსენების შემდეგ, რუტე ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკოსები ღიად უნდა ესაუბრონ მოსახლეობას რუსეთიდან მომავალი რეალური საფრთხეების შესახებ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ მკაცრი ფაქტებზე ღიად საუბარმა შეიძლება მოსახლეობა შეაშფოთოს, მაგრამ ეს შეშფოთება საჭიროა, რადგან რუსეთს აქვს შესაძლებლობა ნატოს-ს თავს დაესხას.

რუტე: “…ჯობია შეშფოთებულები იყვნენ, ეს არის რეალობა, ვიყოთ გულწრფელი. ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების მოვალებობაა, გულწრფელები ვიყოთ, როგორ ვხედავთ ფაქტებს. ცხადი ფაქტია, რომ რუსეთს შეუძლია 5 წლის ვადაში ნატო-ს ტერიტორიის წინააღმდეგ ნამდვილი იერიში მიიტანოს, თუ არ დავიწყებთ ამ გადაწყვეტილებების მიღებას [თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას]…”


მოამზადა ანა ეგიკიანმა
მითების დეტექტორის ლაბორატორია


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist