26 მაისს რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში Russia Today, Известия, РИА Новости, Sputnik Кыргызстан, ასევე ქართულ სახელისუფლებო მედიაში POS TV, RUSTAVI 2, TIA.GE, PRIMETIME, resonancedaily.com და ფეისბუკის ქართულენოვან ანგარიშზე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ციტატა გავრცელდა, რომელშიც ის უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრობს და ამბობს, რომ „ეს უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, მომდევნო 30 წელიწადში“. მედიების მიხედვით, შოლცმა აღნიშნული განცხადება ბერლინში, “დემოკრატიის ფესტივალზე” გააკეთა.
რუსული და ქართული სახელისუფლებო მედიების მიერ გავრცელებული გერმანიის კანცლერის ციტატა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს შოლცმა ეს განცხადება დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე გააკეთა. რეალურად, მან “დემოკრატიის ფესტივალზე” პუტინთან 2022 წელს ომის დაწყებამდე გამართული შეხვედრა გაიხსენა, როდესაც პუტინი უკრაინის ნატოსკენ სწრაფვაზე საუბრობდა, ხოლო საპასუხოდ შოლცმა მიუგო, რომ ეს მომავალი 30 წლის განმავლობაში გამორიცხული იყო.
26 მაისს ბერლინში, “დემოკრატიის ფესტივალზე” გერმანიის კანცლერი მოქალაქეებს შეხვდა და სიტყვით გამოვიდა. შოლცმა პუტინთან 2022 წელს, ომის დაწყებამდე შეხვედრა გაიხსენა. გერმანიის კანცლერის თქმით, რუსეთის ლიდერი შეხვედრის დროს, ოთხი საათის განმავლობაში ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ „უკრაინა და ბელარუსი “რუსეთის ნაწილებია“. როგორც შოლცმა დასძინა, ლუკაშენკომ ეს იცის და ილუზიები არ აქვს.
შოლცის გამოსვლის ფრაგმენტი, რომელსაც რუსული მედია აქტიურად ციტირებს, რეალურად 2022 წელს პუტინსა და შოლცს შორის, ომის დაწყებამდე გამართული შეხვედრის შესახებაა. როგორც შოლცმა “დემოკრატიის ფესტივალზე” აღნიშნა, პუტინმა მაშინ უთხრა, რომ უკრაინა ნატოსკენ ისწრაფვის, ამაზე პასუხად კი შოლცმა უთხრა, რომ ეს უახლოეს პერიოდში გამორიცხული იყო, შესაძლოა, მომავალი 30 წლის მანძილზეც.
აღნიშნულ თემაზე გერმანულმა გამოცემა Bild-მა დამატებით კომენტარი მთავრობის სპიკერს შტეფენ ჰებეშთრაითს სთხოვა. მან აღნიშნა, რომ სიტუაცია შეიცვალა და შოლცის მაშინდელი განცხადება 30 წელთან დაკავშირებით აღარ არის აქტუალური. მისივე თქმით, რუსულ მედიაში შოლცის სიტყვების არასრული ფრაგმენტი გავრცელდა.
“კვირას მოქალაქეებთან შეხვედრისას, კანცლერმა შოლცმა, უბრალოდ, „აღნიშნა, რა აბსურდული იყო ომის სავარაუდო მიზეზები, რომლებიც ვლადიმერ პუტინმა იმ დროს უკრაინაში შეჭრისთვის დაასახელა. შოლცმა მაშინ ცხადყო, რომ „ნატოში {უკრაინის} გაწევრიანება არ განიხილება“, – უთხრა Bild-ს შტეფენ ჰებეშთრაითმა.
მოქალაქეებთან შეხვედრისას, შოლცმა ასევე გაიხსენა, რომ პუტინი უკრაინაში არსებულ ნაცისტურ რეჟიმზეც ესაუბრებოდა. ამაზე მან აღნიშნა, რომ “ამის თქმა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი ებრაელია… წარმოიდგინეთ, რა აბსურდული და სამარცხვინოა ეს განმარტება ომის გასამართლებლად“.
არქივის ბმულები: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.























