11 მარტიდან ფეისბუკის რუსულენოვან (1, 2), უკრაინულენოვან და ქართულენოვან ანგარიშებზე გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: “უკრაინის მხრიდან დღევანდელი ბარბაროსული თავდასხმის შემდეგ, სასწრაფოდ მივმართეთ აშშ-ში ჩვენს პარტნიორებს მოსკოვის ცის დახურვის მოთხოვნით”. ვიდეოს რუსეთის პროპაგანდისტული არხის Russia Today – ის ლოგო ადევს. მომხმარებლის ნაწილმა (1, 2) მხოლოდ ტექსტი გაავრცელა, სადაც ლავროვის აღნიშნულ განცხადებას ციტირებენ.
ვიდეო, რომელშიც ლავროვი აშშ-ს სთხოვს მოსკოვის ცა დახუროს, პროგრამულად არის დამუშავებული და არც RT-ის საიტზე გამოქვეყნებულა. გარდა ამისა, ლავროვის მიერ აშშ-ისთვის დახმარების თხოვნის შესახებ ამბავი არცერთ რეპუტაციულ მედიაში არ იძებნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიდეო რედაქტირებულია. მისი საუბრისას, პირის მოძრაობა არაბუნებრივია და ეს ვიდეოს პირველივე წამიდან მარტივი შესამჩნევია. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ლავროვს აღნიშნულისგან განსხვავებული ხმის ტემბრი აქვს. ინტერნეტში მისი არაერთი ვიდეო იძებნება, თუმცა მისი ხმა მოცემულისგან რადიკალურად განსხვავებულია.
ვიდეოს რუსული პროპაგანდისტული მედიის RT – ის ლოგოც პროგრამულად აქვს ჩამატებული. საიტზე მსგავსი ვიდეო არ გამოქვეყნებულა. ლავროვის მიერ აშშ – ისთვის დახმარების თხოვნაზე ინფორმაცია რეპუტაციულ მედიაშიც არ გავრცელებულა.
ამჟამად, სერგეი ლავროვი რუსეთ-უკრაინის ომის მოლაპარაკებებშია ჩართული.
მან თქვა, რომ ევროპა შეპყრობილია უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის იდეით, თუმცა ეს არ არის ის, რაც კონფლიქტის დასრულებისთვის არის საჭირო. მან აღნიშნა, რომ დასავლეთმა უკრაინელების მეშვეობით რუსეთის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. 13 მარტს RT – სთვის გაკეთებულ კომენტარში კი ლავროვი რუსეთსა და უკრაინას შორის ზავის საკითხს შეეხო და თქვა, რომ 2014 წლიდან უკრაინასთან ზავი არაერთხელ გაფორმდა, თუმცა, უკრაინელები ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერით ატყუებდნენ.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.