25 ოქტომბრიდან რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინა საქართველოში არჩევნებზე პროვოკაციის მოსაწყობად ხალხს აგზავნის. რუსული სამთავრობო მედია Tass წერდა, რომ ამ მისიით თბილისში უკვე იმყოფება 1997 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე, “აზოვის” პოლკის ყოფილი მეომარი – ზაქრო ავალიანი.
28 ოქტომბერს კი ტელეგრამ-არხზე – Мрия 2025 გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის წინ მომიტინგეები პოლიციელების მიმართულებით გადაადგილდებიან, სამართალდამცავები კი უკან იხევენ.
ვიდეოს აღწერის თანახმად, “გონჩარენკომ საქართველოში პროფესიონალი მომიტინგეები ჩამოიყვანა.”
იგივე ვიდეო Мрия 2025-ზე დაყრდნობით რუსულენოვან ფეისბუკ-ანგარიშზეც გავრცელდა.
გავრცელებული ვიდეო ძველია და არასწორი აღწერით ვრცელდება. კადრები, მაისში, ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული, გონჩარეკოსა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან კი კავშირი არ აქვს.
25 ოქტომბერს უკრაინის რადას დეპუტატმა – ოლექსი გონჩარენკომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ თბილისში ჩამოფრინდა და 26 ოქტომბრის არჩევნებს PACE-ის მისიის ფარგლებში დააკვირდებოდა. 27 ოქტომბერს საინფორმაციო-ანალიტიკური გაერთიანება-მ კი გაავრცელა ვიდეო, რომელშიც თბილისში მყოფ გონჩარეკოს რუსულ ენაზე მოსაუბრე კაცი აჩერებს და ეკითხება თუ რას აკეთებს თბილისში. ვიდეოს თან ერთვის აღწერა, რომ გონჩარენკო “თბილისის ცარიელ ქუჩებში, დაეძებს ჯენზის რევოლუციას”.
28 ოქტომბერს ტელეგრამ-არხმა Мрия 2025 ვიდეო გამოაქვეყნა, თითქოს გონჩარენკომ თბილისში პროფესიონალი მომიტინგეები ჩამოიყვანა. ეს კადრები რეალურად 14 მაისსაა გადაღებული და თბილისში ე.წ. აგენტების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას უკავშირდება. ვიდეოში ვხედავთ პოლიციის მიმართულებით მიმავალ მომიტინგეებს.
აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ, პირველი მასშტაბური აქცია, დღეს, 28 ოქტომბერს, 19:00 საათზეა დაგეგმილი და აქამდე არ ჩატარებულა. აქცია საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა.
რაც შეეხება ნარატივს, რომ უკრაინელებს საქართველოში “მაიდნის მოწყობა სურთ”, რუსული მედია სხვადასხვა პოლიტიკური მოვლენის დროს ავრცელებს. კრემლის კონტროლირებადი მედიის Tass -ის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროვოკაციის მოსაწყობად, საქართველოში უკვე გამოგზავნეს “აზოვის” პოლკის ყოფილი წევრი ზაქრო ავალიანი.
“მითების დეტექტორი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, რათა გაერკვია იმყოფება თუ არა საქართველოში უკრაინის მოქალაქე ზაქრო ავალიანი, რომელსაც კრემლი ექსტრემისტული დაჯგუფების კოორდინატორად წარმოაჩენს. პრესსამსახურმა განგვიმარტა, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და შესაბამისად, ვერ მოგვაწვდის. “მითების დეტექტორი” არკვევს აქვს თუ არა რაიმე კავშირი ზაქრო ავალიანს “აზოვის” პოლკთან. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.
აღსანიშნავია, რომ ე.წ აგენტების კანონის საწინააღმდეგო 2023 წლის მარტის პროტესტის გაშუქებისას, რუსული მედია ასევე ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ აქციაზე, ძირითადად, უკრაინელები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ნარატივს რუსულ პროპაგანდისტულ გადაცემებში აჟღერებდნენ შოთა აფხაიძე და ლალი მოროშკინაც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.