7 აპრილს პროსახელისუფლებო მედია POSTV-ის გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოს მოუწოდებდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მაშინ როდესაც მათ ერთობლივად რუსეთში ექსპორტი 25%-ით გაზარდეს. მან საკითხზე საუბრისას ამ სახელმწიფოებს მეორეხარისხოვანი ქვეყნები უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მათ “დიფ სტეიტი” იყენებს.
ლევან მაჭავარიანი ბალტიის ქვეყნების რუსეთში ექსპორტის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. რეალურად, უკრაინაში ომის დაწყებიდან, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის ექსპორტი რუსეთში ყოველწლიურად მკვეთრად მცირდება.
2022 წლის თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, ევროკავშირმა გადაწყვიტა მნიშვნელოვნად შეემცირებინა რუსეთთან ვაჭრობა, რის შედეგადაც 2021 წლის პირველ კვარტალსა და 2024 წლის პირველ კვარტალს შორის ევროკავშირიდან ექსპორტი 62%, ხოლო იმპორტი 85%-ით შემცირდა. ამ პროცესს ბალტიის ქვეყნებიც შეურთდნენ, რაც სავაჭრო მონაცემებში ცხადად არის ასახული.
- გასულ წელს ბალტიის სახელმწიფოებიდან რუსეთში ყველაზე დიდი ექსპორტიორი ლატვია იყო, რომლის ექსპორტის ღირებულებამ ლატვიის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით მილიარდ დოლარს მცირედით გადააჭარბა და დაახლოებით 1 036 000 000 (მილიარდ 36 მილიონი) ევრო შეადგინა. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ეს რიცხვი დაახლოებით 160 მილიონი ევროთი მეტი იყო. 2022 წელს ექსპორტის რაოდენობა თითქმის იგივე იყო რაც 2021 წელს, 2023 წელს კი დაახლოებით 67 მილიონით დაიკლო. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ გასული წლების იანვარ-თებერვალთან შედარებით, 2025 წლის პირველ ორ თვეში განხორციელებული ექსპორტის ღირებულებაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ბევრად უფრო დიდი ცვლილება განიცადა ლატვიის იმპორტმა რუსეთიდან და 2021 წელთან შედარებით 2024 წელს მისი რაოდენობა თითქმის 4.5-ჯერ ნაკლები იყო.

2. ექსპორტი პრაქტიკულად გაანახევრა ესტონეთმა, რომლის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს რუსეთში გაყიდული პროდუქტის ღირებულებამ 770 მილიონი ევრო შეადგინა, რის შემდეგაც დაიწყო ყოველწლიური კლება და 2024 წელს ეს მაჩვენებელი 420 მილიონამდე ჩამოვიდა. სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება და ქვეყნის ლიდერები ევროკავშირს რუსეთის სრული ემბარგოსკენაც კი მოუწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ესტონეთმა თითქმის შეწყვიტა იმპორტი რუსეთიდან. 2021 წელს მათ შეიძინეს 2.1 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი, თუმცა ეს მონაცემი 2023 წელს 152 მილიონამდე, ხოლო 2024 წელს 108 მილიონამდე დაეცა, რაც დაახლოებით 20-ჯერ ნაკლებია ომის წინანდელ რაოდენობაზე.

3. 2022 წლამდე ლიეტუვა ბალტიის ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი ექსპორტიორი იყო რუსეთში. 2021 წელს მისმა რაოდენობამ 4.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. უკვე 2022 წელს ლიეტუვამ 1.5-ჯერ შეამცირა ექსპორტი, ხოლო 2024 წელს რუსეთისთვის მიყიდული პროდუქტის ღირებულება 703 მილიონ დოლარამდე დაეცა, რაც 2021 წელთან შედარებით 6.2-ჯერ კლების ტოლფასია.

კიდევ უფრო დიდი კლება განიცადა ლიეტუვაში რუსეთიდან განხორციელებული იმპორტის საერთო ღირებულებამ. მაშინ, როდესაც 2021 წელს ეს რიცხვი 5 მილიარდ დოლარს აჭარბებდა, გასულ წელს ეს მონაცემი 236 მილიონამდე დაეცა.

ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე არ დასტურდება, რომ ბალტიის ქვეყნებმა რუსეთში 25%-ით გაზარდეს ექსპორტი. პირიქით, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ ლატვიამ 13.4%, ესტონეთმა 45.5%, ლიეტუვამ კი 84.1%-ით მოახერხა რუსეთში გაყიდული პროდუქციის რაოდენობის შემცირება. როგორც უკვე აღინიშნა, ანალოგიური ვითარებაა იმპორტის მხრივაც.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.