“რუსეთმა არ მიგატოვათ და თქვენ არ მიგიტოვებიათ რუსეთი,” ამტკიცებს კრემლის პროპაგანდისტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

რუსეთმა არ მიგატოვათ
554
VIEWS

18 ოქტომბერს  “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემა “42° პარალელი” კრემლის პროპაგანდისტ სკოტ რიტერს მასპინძლობდა. რიტერმა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების ყოფილი ინსპექტორია, გიორგი გვიმრაძესთან ინტერვიუში საქართველოს ისტორიაზე, გეოპოლიტიკის და იდენტობის საკითხებზე ისაუბრა, ასევე, განიხილა რუსეთ-უკრაინის ომი და აშშ-ის პოზიციები. გადაცემაში, სახელწოდებით “საქართველო – დასავლეთის სამსხვერპლო პაიკი”, რესპონდენტმა შემდეგი ანტიდასავლური გზავნილები გაავრცელა: 

  • პროდასავლური კურსი ქვეყნის დასუსტებას და ტერიტორიების დაკარგვას იწვევს, “რუსეთთან მტრობა საქართვლოს სიკვდილია”, ხოლო სტაბილური ურთიერთობა “საუკეთესო მეგობარ” რუსეთთან ქვეყნის განვითარების გარანტიაა; 
  • აშშ-სთან და ევროკავშირთან პარტნიორობა არა საქართველოს ინტერესებზე, არამედ გეოპოლიტიკურ მიზნებზეა ორიენტირებული. ქვეყანა აშშ-ისთვის “მხოლოდ ჭადრაკის ფიგურაა რუკაზე”; 
  • საქართველო ნატოს წევრი ვერ გახდება, სანამ აფხაზეთი და სამაჩაბლო მის შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ნატოში ინტეგრაციის სურვილი კი რუსეთის მიერ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების შესაძლებლობას სპობს.
  • დასავლეთის დახმარება არა ქართველ ხალხს, არამედ არასამთავრობოებს რეჟიმისი შესაცვლელად ხმარდება, მიზანი კი ქვეყნის სათავეში ისეთი ხელისუფლების მოყვანაა, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართავს.
  • საქართველოს ეკონომიკამ განვითარება სწორედ იმიტომ შეძლო, რომ არ შეუერთდა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, შეინარჩუნა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან
  • უკრაინაში რუსეთი მისთვის სასურველ ვადებში იმარჯვებს, ხოლო ტრამპი ცდილობს, უკრაინის მარცხი ევროპას გადააბრალოს. 
რუსეთმა არ მიგატოვათ

  • რა თქვა სკოტ რიტერმა საქართველოზე? 

სკოტ  რიტერის მტკიცებით, ევროპასა და შეერთებულ შტატებს საქართველო არ აინტერესებთ როგორც სახელმწიფო, არამედ მხოლოდ როგორც გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში მან არაერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო დასავლეთისთვის პაიკია საჭადრაკო დაფაზე, რომელსაც მსხვერპლად სწირავენ უკრაინის მხარდასაჭერად:  

სკოტ რიტერი: “თუ ფიქრობთ, რომ ევროკავშირს საქართველო აინტერესებს ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველო აინტერესებს, ცდებით. თქვენ უბრალოდ ჭადრაკის ფიგურა ხართ რუკაზე, რომელსაც ჩვენ ვამოძრავებთ და იცით, რა ემართებათ პაიკებს? ისინი მუდმივად ქრებიან რუკიდან. საქართველოს ამოცანა არ იყო ევროპული ერი ან ამერიკის კარგი მეგობარი გამხდარიყო, თქვენი ამოცანა იყო ქართული პაიკის შეწირვა რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მოგების სანაცვლოდ. საქართველოს საქმე იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა”;

რუსეთთან მტრობა საქართველოს სიკვდილია, მაგრამ ჩვენ [აშშ] მზად ვართ, საქართველო გავწიროთ უფრო დიდი მიზნებისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავწიროთ ქართველი პაიკი, რათა მათ უკრაინელი რაინდი თავის ადგილზე დააყენონ”. 

რიტერის მტკიცებით, საქართველოს NATO-ში ინტეგრირება არარეალისტურია, ვიდრე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნის შემადგენლობაში არ დაბრუნდება. ნატოში ინტეგრაციის სურვილი კი რუსეთის მიერ აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნების შესაძლებლობას სპობს:  

სკოტ რიტერი: “ძალით ამის გაკეთება [აფხაზეთის დაბრუნება] შეუძლებელია. NATO-ში გაწევრიანება მას ვერ დააბრუნებს. NATO შხამის აბია. საქართველო ვერასდროს შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას,  სანამ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ იქნება, NATO-ში გაწევრიანების მცდელობით კი თქვენ გარანტიას იძლევით, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას.”  

რიტერის მტიკიცებით, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მხოლოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენითა და ურთიერთგაგებით შეიძლება მოგვარდეს.

სკოტ რიტერი პოზიტიურად აფასებდა „ქართული ოცნების” ქმედებებს, რაც მისი აზრით, გარე გავლენებისგან ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში გამოიხატებოდა. ამასთანავე, რიტერი იმეორებდა ქართული ოცნების პროპაგანდისტულ გზავნილებს, თითქოს დასავლეთის დახმარება არა ქართველ ხალხს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებს რეჟიმის შესაცვლელად  ხმარდებოდა. მიზანი კი ისეთი ხელისუფლების მოყვანა იყო, რომელიც  საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაითრევდა. 

სკოტ რიტერი: “USAID-ის მიზანი არ იყო ქართველების დახმარება, ის მიზნად ისახავდა საქართველოს განადგურებას, დემოკრატიის ეროვნული ფონდი არ ითვალისწინებდა საქართველოს დახმარებას. საქმე ეხებოდა საქართველოს განადგურებას, ქართული ოცნების განადგურებას, მის ჩანაცვლებას ისეთი მთავრობით, რომელიც მზად იქნებოდა, საქართველო რუსეთთან ომში ჩაეთრია, იმის მიუხედავად, რომ ეს საქართველოს გაანადგურებდა, მაგრამ არაუშავს,  რადგან შენ შესაწირად გამზადებული პაიკი იყავი და ქართულმა ოცნებამ არ ისურვა პაიკად ყოფნა|.

ამ კონტექსტში მან პოზიტიურად შეაფასა უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც არა რუსულად, არამედ “პრო-ქართულად“ და საქართველოს ინტერესების დასაცავად შექმნილად მოიხსენია.

რიტერის თქმით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა და სტაბილურობა ბოლო წლებში სწორედ იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც “ქართული ოცნება” რუსეთის მისამართით ატარებს და საქართველოს ეკონომიკამ განვითარება სწორედ იმიტომ შეძლო, რომ არ შეუერთდა დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, შეინარჩუნა ეკონომიკური კავშირები რუსეთთან. ინტერვიუს ბოლოს რიტერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მომავალი რუსეთთან მშვიდობიან ურთიერთობებშია, რადგან “რუსეთთან მტრობა საქართველოს სიკვდილია“.  

სკოტ რიტერი:  [56:46] “დღეს საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად მიდის, ვფიქრობ, 2 წლის განმავლობაში 10%-იანი ზრდა გქონდათ. შესაძლოა, ის 12%-ისკენ ავიდეს. რატომ? იმიტომ, რომ თქვენ რუსეთს სანქციები არ დაუწესეთ. თქვენ არ ჩაერთეთ იმ ეკონომიკური თვითმკვლელობის ტალღაში, რომლისკენაც  ევროპა გიბიძგებდათ და შედეგად თქვენ გაქვთ ჯანსაღი ეკონომიკა რუსეთის წყალობით. რუსეთმა არ მიგატოვათ და თქვენ არ მიგიტოვებიათ რუსეთი.”

“შენი საუკეთესო მეგობარი შენს ჩრდილოეთით მდებარე მეზობელია, რადგან ეს საუკეთესო მეგობარი შენზე ზრუნავს, რადგან რაც საქართველოს ემართება, რუსეთსაც ემართება. თქვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ. თქვენ ისტორიულად დაკავშირებული ხართ,  თქვენ გეოგრაფიულად ხარ დაკავშირებული, ეკონომიკურადაც დაკავშირებული ხართ, მაგრამ თქვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გეუბნებიან, რომ უნდა შეაქციოთ ზურგი თქვენს  რუს მეზობლებს, უნდა გახდეთ რუსი მეზობლის  მტერი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთან მტრობა საქართველოს სიკვდილია.”

  • რა თქვა სკოტ რიტერმა უკრაინაზე?

სკოტ რიტერმა გიორგი გვიმრაძესთან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომსა და აშშ-ის პოზიციაზეც ისაუბრა. რიტერის შეფასებით, ტრამპის მრჩევლებს არ ესმით რუსეთის პოლიტიკური ლოგიკა და ვერ იაზრებენ, რომ პუტინის რეჟიმი უკან არ იხევს. მისივე შეფასებით, რუსეთი ნელა იმარჯვებს, რასაც დასავლეთში ვერ აღიქვამენ, რადგან რუსული სტრატეგია გრძელვადიან მიზნებს ემყარება, ხოლო დასავლეთი გამარჯვებას მხოლოდ მოკლევადიან სამხედრო მიღწევებში ხედავს. 

სკოტ რიტერი: “მათ არაფერი იციან რუსეთის შესახებ, არ ესმით, როგორ მუშაობს რუსეთი, ვლადიმირ პუტინი, როგორ მუშაობს რუსეთის მთავრობა, თავიდანვე არასწორად გაიგეს რუსეთი. რუსეთი უკან არ იხევს. რუსეთი ახირებულად არ იხევს უკან. რუსეთს აქვს გეგმა, მიზანი, ამოცანა და ისინი ერთგულები არიან ამ გეგმისადმი და ნათლად გამოთქვამენ საკუთარ სურვილებს და ამ გეგმიდან ერთი იოტისოდენითაც არ გადაუხვევიათ. ჩვენ დასავლეთში არ ვიცით, როგორ წავიკითხოთ რუსეთი. ამიტომ, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენები, რადგან ისინი არ ხდება ჩვენთვის სასურველ ვადებში, ჩვენ ვამბობთ რომ რუსეთი სუსტია, რუსეთი ვერ იმარჯვებს, შესაბამისად, ეს სისუსტე მას პოლიტიკურ პრობლემებამდე მიიყვანს. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი სუსტი არ არის. რუსეთი იმარჯვებს, უბრალოდ, ისინი იმარჯვებენ მათთვის სასურველ ვადაში.

რიტერი მიიჩნევს, რომ ტრამპის იმედგაცრუება უკრაინით სწორედ ამ წარუმატებელი მოლოდინების შედეგია, მან ვერ მიაღწია სწრაფ შეთანხმებას, ვერც პუტინი აიძულა დათმობაზე წასულიყო და საბოლოოდ ამერიკის ჩართულობაც შეამცირა ისე, რომ პასუხისმგებლობა ევროპას გადააბარა. მისი თქმით, ტრამპი ცდილობს შექმნას პოლიტიკურად უსაფრთხო გზა “ევროპიდან გამოსვლისთვის“, რათა უკრაინის მარცხი ამერიკის ნაცვლად ევროპას დაბრალდეს.

ამ კონტექსტში რიტერი ეხმიანება ტრამპის განცხადებებს უკრაინისთვის ტომაჰავკის ტიპის რაკეტების გადაცემაზე. მისი თქმით, ტრამპის გადაწყვეტილება უფრო სიმბოლური ჟესტია, ვიდრე რეალური სამხედრო მხარდაჭერა. ტომაჰავკების წარმოებას და ოპერატიულ მზადყოფნას წლები სჭირდება, და უკრაინას მათი მიღება 2028 წლამდე მაინც არ შეეძლება. ამასთან, რიტერის თქმით, ტრამპის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ამერიკა თავად არ გადასცემს იარაღს უკრაინას, არამედ NATO-ს წევრ ევროპულ ქვეყნებს მიჰყიდის და მათ მეშვეობით მოხდება მიწოდება.  

  • რა ვიცით “42° პარალელის” შესახებ?  

გადაცემა “42° პარალელი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკური პროექტია, რომელიც საერთაშორისო საკითხებსა და გლობალურ მოვლენებს ახმოვანებს. “მედიის განვითარების ფონდის” მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, “42° პარალელი“ დასავლეთის ქვეყნებისა და ინსტიტუტების შესახებ მკვეთრად კრიტიკული, ნეგატიური ტონით გამოირჩეოდა. გადაცემის სარედაქციო პოლიტიკა ხშირად ეფუძნება ნეოლიბერალური ეკონომიკისა და დასავლური პოლიტიკის მიმართ სკეპტიციზმს.

აღსანიშნავია, რომ “მითების დეტექტორმა” წარსულში გამოავლინა შემთხვევები, როდესაც გადაცემის ანალიტიკური ხედვა ემთხვეოდა კრემლისა და პრორუსული პოლიტიკური ჯგუფების გზავნილებს. ამის მაგალითია 2018 წლის სიუჟეტი, რომელიც სირიის მოვლენებსა და სკრიპალის მოწამვლის საქმეს ეხებოდა. ამის შესახებ გადაცემაში ანალიტიკოსი შოთა თხელიძე აშშ-ის მიერ სირიის დაბომბვას სკრიპალის მოწამვლის საკითხზე აგორებული “აგრესიული ანტი-რუსული კამპანიის“ გაგრძელებად აფასებდა. გადაცემაში აღნიშნული იყო, რომ დასავლეთი მნიშვნელოვან საერთაშორისო გადაწყვეტილებებს ხშირად მტკიცებულებების გარეშე იღებს, რაც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს.ეს გზავნილები თანხვედრაში იყო  კრემლისტური მედიის პოზიციებთან, რომელიც დასავლეთს მტკიცებულებების გარეშე გადაწყვეტილებების მიღებაში და ანტი-რუსული კამპანიის გაღვივებაში სდებდნენ ბრალს. ვრცლად წაიკითხეთ მასალაში: 

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში “42° პარალელი“ გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით “ევროკავშირის სისტემური კრიზისის ანატომია“, რომელიც ამტკიცებდა, რომ საბერძნეთის ეკონომიკური კატასტროფა მთლიანად ევროკავშირის ინსტიტუტების (ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი) პოლიტიკის შედეგი იყო. სიუჟეტის მიხედვით, ამ ინსტიტუტების მოთხოვნებმა საბერძნეთის ეკონომიკა გაანადგურა და ქვეყანას კოლაფსი მოუტანა, თუმცა მასში გამოტოვებული იყო ფაქტობრივი კონტექსტი. რეალურად,  საბერძნეთის კრიზისი გამოწვეული იყო შიდა ფაქტორებით, მათ შორის, პოპულისტური ეკონომიკური პოლიტიკით, გადასახადების მასობრივი დამალვით, ბიუჯეტის გადაჭარბებული ხარჯვითა და კორუფციით. ვრცლად წაიკითხეთ: 

გარდა ამისა, გადაცემის ამჟამინდელი წამყვანი, გიორგი გვიმრაძე, რომელიც წარსულში “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ახალი ამბების ბლოკის  დირექტორი იყო, 2025 წლის 18 მაისს მონაწილეობდა კონფერენციაში სახელწოდებით: “თანამედროვე ფაშიზმი, პროდასავლური ულტრამემარჯვენე ძალები და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გავლენა საქართველოზე”. კონფერენცია “სოციალისტური პლატფორმის“ ინიციატივით გაიმართა, რომელიც დაკავშირებულია კრემლისტურ პარტიასთან “სოლიდარობა მშვიდობისთვის“ და ანტიდასავლური და პრორუსული ნარატივების გავრცელებისთვის გამოიყენება. კონფერენციაზე განიხილებოდა დასავლური ინსტიტუტებისა და აშშ-ის როლი, მათი გავლენა საერთაშორისო პროცესებზე და ლიბერალური სისტემის კრიზისი. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ კონსერვატიული და ულტრამემარჯვენე ძალები ფართოვდებიან, ხოლო საქართველოს ხელისუფლებაზე მიმდინარეობს საერთაშორისო ზეწოლა, რათა ქვეყანა შეუერთდეს ანტირუსულ კოალიციას და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების “პოლიგონად” იქცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ გადაცემის წამყვანი, გიორგი გვიმრაძე არაერთხელ იმყოფებოდა სტუმრად პოლიტიკური პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის“ გადაცემაში “მილენიალი“, სადაც მედიის როლის, ე.წ. “ვოუქიზმისა“ და არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენის საკითხებზე საუბრობდა.

სკოტ რიტერთან ინტერვიუს დროს, კითხვის ფორმულირებისას გიორგი გვიმრაძემ საქართველოს ხელისუფლებაზე დასავლური ზეწოლის კონტექსტში მისი შეცვლის მცდელობა, როგორც დადასტურებელ ფაქტად წარმოაჩინა:

გიორგი გვიმრაძე: “როგორც, ალბათ, იცით, ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასევე პარალელურად, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი მცდელობა სახელმწიფო გადატრიალებისა. განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვნად დაიძაბა. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახორციელებს. როგორ ფიქრობთ რა არის ამ ზეწოლის მიზანი? ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ცდილობენ, შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება,   მაგრამ რა დგას  ცვლილების უკან, რა აზრი დევს?”

ამ ფორმულირებით გვიმრაძე დასავლეთის ჩარევას საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და ხელისუფლების შეცვლის მცდელობას ფაქტად წარმოაჩენს, რაც კითხვას ნეიტრალურობას უკარგავს და ამყარებს ნარატივს, რომლის მიზანსაც დასავლეთის მტრულ ძალად წარმოჩენა წარმოადგენს. 

  • ვინ არის სკოტ რიტერი?

სკოტ რიტერი 1991-98 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეიარაღების წამყვანი ინსპექტორი იყო. თანამდებობის დატოვების შემდეგ მან აქტიურად დაიწყო ამერიკის მთავრობისა და პოლიტიკის კრიტიკა და ამავე დროს ხშირად ჩნდებოდა რუსულ პროპაგანდისტულ მედია სივრცეში, განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებულ თემებზე. 

კრემლის მედია რიტერს დასავლელ ექსპერტად წარმოაჩენს და უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებული პროპაგანდის განსამტკიცებლად მის კომენტარებს ხშირად ეყრდნობა.  მაგალითისთვის, ომის დაწყების შემდეგ რიტერი ამტკიცებდა, რომ ბუჩას კადრები დადგმული იყო. რიტერი ხშირად ჩნდება რუსულ სამთავრობო არხებზე, მის კომენტარებს სხვადასხვა საკითხზე ხშირად ქვეყნებში რუსეთის საელჩოების გვერდებზეც აზიარებენ. 

საქართველოსთან დაკავშირებით სკოტ რიტერის შეფასებები 2023 წლის მარტში გაჟღერდა ტელეკომპანია “მაესტროს“ გადაცემაში “უცნობი მსოფლიო ამბები”. სახელისუფლებო მედიასთან ინტერვიუში ის “აგენტების კანონს” იცავდა. სკოტ რიტერის ძირითადი გზავნილები შემდეგი იყო: “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონი ამერიკულ FARA-ს ანალოგად წარმოადგინა; აშშ-ს საქართველოში “მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობასა და რუსეთის წინააღმდეგ კრიზისის შექმნაში დასდო ბრალი; აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მოსახლეობას თავს ამერიკულ ღირებულებებს ახვევს, განსაკუთრებით ისეთს, რაც ადგილობრივებისთვის მიუღებელია, მაგალითად, მრავალფეროვნების პატივისცემა და ლგბტქ+ თემის მიმართ ლოიალური მიდგომები.  მონაკვეთი, რომელშიც რიტერი რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე საუბრობდა, რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამაც გააშუქა.

აღსანიშნავია ისიც, რომ რიტერი არაერთხელ გაეხვა ონლაინ სექს სკანდალში, სადაც არასრულწლოვნები ფიგურირებდნენ. პირველ ჯერზე, 2001 წელს, მან 6 თვე ციხეში გაატარა.  2009 წელს რიტერი კიდევ ერთხელ დააკავეს ანალოგიური ბრალდებით და 2011 წელს 6 მუხლით გაასამართლეს. რიტერი  2014 წელს თავდებით გაათავისუფლეს

სკოტ რიტერის დეზინფორმაციულ თუ მანიპულაციურ გზავნილებზე “მითების დეტექტორმა” არაერთი მასალა მოამზადა. ვრცლად იხილეთ: 

თემატიკა: პოლიტიკა
წყარო

წყარო

რუსული დეზინფორმაცია
სკოტ რიტერი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist