29 მაისს სეზონი TV-ის გადაცემაში “დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან”, გადაცემის სტუმარმა, დიტო ჩუბინიძემ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შესახებ შემდეგი მტკიცებები გაავრცელა:
- რუსეთმა კიევი 1686 წელს 50 000 რუსულ რუბლად იყიდა რეჩ პოსპოლიტასგან. შესაბამისად, მისი მტკიცებით, „დამოუკიდებელი უკრაინა“ არ არსებობს და არასდროს არსებულა.
- რუსეთს კიევზე პრეტენზია აქვს, რადგან ის „ყველა რუსული ქალაქის დედაქალაქია“, საიდანაც იწყება „კიევის რუსეთის ისტორია“.
- 1596 წელს რომის პაპმა კლიმენტი მერვემ კიევის მიტროპოლიის მართლმადიდებელი არაერთი ეპარქია შეიყვანა რომის კათოლიკური ეკლესიის დაქვემდებარებაში. ამით მან ფაქტობრივად ცეცხლი შეუნთო და ფითილიანი ბომბი შეუგორა რუსულ-უკრაინულ ერთობას, ფაქტობრივად ბიძაშვილებს შორის ჩამოაგდო მარადიული შუღლი.
- რეალურად, 1686 წლის რუსეთის მიერ კიევის „შესყიდვა“ იყო კომპენსაცია პოლონეთისთვის, ტერიტორიის დაკარგვის გამო, და არა საკუთრების რეალური გადაცემა. კიევი რუსეთმა ძალით და დროებით ხელშეკრულებებზე დაყრდნობით დაიკავა.
- კიევი იყო მრავალეთნიკური სახელმწიფო, „კიევის რუსის“ ცენტრი და არ შეიძლება ტრადიციულად მხოლოდ რუსეთის წინამორბედად ჩაითვალოს. ეს მოსაზრება იმპერიული ნარატივის ნაწილია და მიზნად ისახავს ისტორიული მემკვიდრეობის მონოპოლიზებას.
- ბრესტის უნია იყო რელიგიურ-პოლიტიკური შეთანხმება მართლმადიდებელი იერარქების ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავდა ეკლესიის დაცვას.
-
რა მოვლენები უძღვოდა წინ “საუკუნო ზავის” გაფორმებას?
1686 წლის „საუკუნო ზავი“ (Pokój Grzymułtowskiego), რომელიც რუსეთსა და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობას შორის გაფორმდა, ხშირად მცდარი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა. ამ ინტერპრეტაციით, რუსეთმა ლეგიტიმურად „იყიდა“ კიევი 50 000 რუბლად, რაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მფლობელობის უფლების დადასტურებად უნდა ჩაითვალოს. პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა (1569-1795) იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალეთნიკური სახელმწიფო ევროპაში, რომელიც პოლონეთის სამეფოსა და ლიტვის საჰერცოგოს გაერთიანებით შეიქმნა. გაერთიანებაში შედიოდა თანამედროვე უკრაინის საკმაოდ დიდი ტერიტორია, იმდროინდელი რუთენია, რომელსაც საკმაოდ დიდი სტატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
სინამდვილეში, 1686 წლის შეთანხმებას წინ უძღოდა 1667 წლის ანდრუსოვოს ზავი. ეს არის ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმება, რომელსაც 13-წლიანი რუსეთ-პოლონეთის ომი უნდა დაესრულებინა. ეს ომი თავის მხრივ დაიწყო 1648 წელს დაწყებული კაზაკთა აჯანყების ფონზე, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბოგდან ხმელნიცკი, და რომელმაც კულმინაციას 1654 წლის პერიასლავის რადაზე მიღებული გადაწყვეტილებით მიაღწია. ამ აქტით, ზაპოროჟიეს კაზაკებმა, რომლებიც პოლონურ ბატონობას ებრძოდნენ, რუსეთის ცარისგან მიიღეს მფარველობა. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავდა რუსეთ-პოლონეთის ომის დაწყებას, რომელიც 1654 წელს დაიწყო და 1667 წლის ანდრუსოვოს ზავით დასრულდა.
ანდრუსოვოს ზავის მიხედვით, რუსეთს გადაეცა მარცხენა სანაპიროს უკრაინა, ხოლო ქალაქი კიევი მხოლოდ დროებით, ორი წლით უნდა დარჩენილიყო მოსკოვის იურისდიქციაში. მიუხედავად ამისა, რუსეთმა შეთანხმების პირობები დაარღვია და ქალაქი მუდმივად დაიტოვა. შესაბამისად, კიევი და ახლომდებარე ტერიტორიები ჯერ კიდევ 1667 წლის ანდრუსოვოს ზავის შემდეგ იყო რუსეთის კონტროლქვეშ ანუ რუსეთს “საუკუნო ზავის დადებამდე” თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში უკვე ფაქტობრივად ეკავა ეს ტერიტორიები, მიუხედავად იმისა, რომ ზავი ითვალისწინებდა კიევის მომავალში დაბრუნებას თანამეგობრობისთვის.
1686 წლის 26 აპრილს რუსეთსა და პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობას შორის გაფორმდა „საუკუნო ზავი”. ამ ხელშეკრულებამ დაადასტურა ანდრუსოვოს ზავით უკვე მიღწეული უკრაინის დაყოფა – მარცხენა სანაპიროს უკრაინა კიევთან ერთად და ზაპოროჟიეს კაზაკთა ტერიტორია გადადიოდა რუსეთის კონტროლქვეშ, რის სანაცვლოდაც რუსეთმა პოლონეთს გადაუხადა 146 000 რუბლი, ხოლო მარჯვენა სანაპიროს უკრაინა რჩებოდა პოლონურ მმართველობაში. გარდა ამისა, ბრაცლავის ოლქი და კიევის სამხრეთით მდებარე ტერიტორია გამოცხადდა დაუსახლებელ ნეიტრალურ ზონად. ხელშეკრულება ასევე მოითხოვდა, რომ არც რუსეთს და არც პოლონეთს არ ჰქონოდათ უფლება, თურქეთთან ცალკე სამშვიდობო მოლაპარაკება დაეწყოთ. „საუკუნო ზავის“ ფარგლებში პოლონეთმა ასევე იკისრა ვალდებულება, დაეცვა მართლმადიდებელი მოსახლეობის რელიგიური თავისუფლება, ხოლო რუსეთს ეძლეოდა უფლება, ყოფილიყო მართლმადიდებელთა მფარველი. ამავე შეთანხმებით რუსეთი შეუერთდა „წმინდა ლიგას“, ანტი-ოსმალურ კოალიციას, რომელშიც პოლონეთთან ერთად შედიოდნენ რომის იმპერია და ვენეცია.
შესაბამისად, რუსეთის მიერ გადახდილი 146 000 ვერცხლის რუბლი იყო არა ქონებრივი „შესყიდვის“ საფასური, არამედ კომპენსაცია პოლონეთისთვის ტერიტორიების დაკარგვის სანაცვლოდ და დიპლომატიური ხელშეკრულების ნაწილი. აღსანიშნავია, რომ თავად პოლონეთშიც აღნიშნულ ხელშეკრულებას იურიდიული ლეგიტიმაცია არ მიენიჭა, პოლონეთის სეიმმა მისი რატიფიკაცია 1688 წელს ვერ მოახერხა, რაც მიანიშნებს, რომ შეთანხმებას აკლდა სამართლებრივი სიძლიერე.
შესაბამისად, მტკიცება, თითქოს რუსეთმა 1686 წელს „იყიდა“ კიევი და ამით ისტორიულად დაამტკიცა მისი სამართლებრივი მფლობელობა, წარმოადგენს ისტორიული პროცესების მანიპულაციურ ინტერპრეტაციას, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დაკნინებას.
-
ვინ არის “კიევის რუსის” სამართალმემკვიდრე?
მართალია, კიევი მართლაც იყო შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოს, კიევის რუსის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი, მაგრამ ეს სახელმწიფო არ იყო ეთნიკურად რუსული და არ წარმოადგენდა მხოლოდ თანამედროვე რუსეთის წინამორბედს.
კიევის რუსი იყო IX-XIII საუკუნეებში არსებული მრავალეთნიკური პოლიტიკური გაერთიანება, რომლის მმართველი დინასტია, რიურიკები, სკანდინავიური წარმოშობის იყვნენ. სახელმწიფოში შედიოდა სხვადასხვა აღმოსავლეთ სლავური და ფინურ-უგრული ტომები. ამ ფედერაციის ცენტრი იყო კიევი და არა მოსკოვი, რომელიც მხოლოდ მე-12 საუკუნეში დაარსდა და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი კი მე-15 საუკუნის ბოლომდე არ გამხდარა. ამ პერიოდში არ არსებობდა სახელწოდება „რუსეთი“ და შესაბამისად, არც თანამედროვე რუსული სახელმწიფო.
რუსული იმპერიული ნარატივის მიხედვით, რუსეთი საკუთარ თავს მიიჩნევს კიევის რუსეთის ერთადერთ მემკვიდრედ. ამ პოზიციის ერთ-ერთი საფუძველია ის, რომ XIII საუკუნეში კიევის მიტროპოლიტის რეზიდენცია გადაიტანეს ჩრდილო-აღმოსავლეთით – თავდაპირველად ვლადიმირში, შემდეგ კი მოსკოვში. ეს პროცესი საფუძვლად დაედო რუსეთის მართლმადიდებელი იმპერიის ჩამოყალიბებას და დღემდე წარმოადგენს “რუსული სამყაროს” იდეის ისტორიულ საყრდენს.
თუმცა კიევის რუსეთის მემკვიდრეობა მხოლოდ აღმოსავლეთით არ გადაადგილებულა. ის ასევე გაგრძელდა დასავლეთით – თანამედროვე ცენტრალურ და დასავლეთ უკრაინაში. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მეფე დანილოს მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის, გალიჩ-ვოლინის სამთავროს შექმნა, რომელმაც გარკვეული დროით შეძლო მონღოლური ზეწოლის დაბალანსება. 1253 წელს დანილო რომის პაპმა მეფედ აკურთხა, რაც მიანიშნებდა დასავლური ლეგიტიმაციისა და კავშირის სურვილზე.
გარდა ამისა, დღეს უკრაინაში მოქმედებს ოთხი ეკლესია, რომლებიც საკუთარ წარმომავლობას კიევის რუსს აკავშირებენ. მათგან სამი – კიევის პატრიარქატის უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესია, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინული ბერძნული კათოლიკური ეკლესია ღიად უარყოფენ რუსეთის იმპერიულ პრეტენზიებს და კიევის მემკვიდრეობას დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფოებრიობის კონტექსტში განიხილავენ. შესაბამისად, უკრაინას აქვს უფლება ჩაითვალოს კიევის რუსის კანონიერ მემკვიდრედ როგორც გეოგრაფიული, ისე ისტორიულ-კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით,
მტკიცება, თითქოს „რუსეთს აქვს პრეტენზია კიევზე, რადგან ის იყო ყველა რუსული ქალაქის დედაქალაქი და იქიდან იწყება რუსეთის ისტორია, არის ისტორიის მანიპულაციური ინტერპრეტაცია და ეფუძნება რუსულ იმპერიალურ ნარატივს, რომელიც ცდილობს ისტორიული მემკვიდრეობის მონოპოლიზებას.
-
რა ვიცით კიევის მიტროპოლიის მართლმადიდებელი ეპარქიების რომის ეკლესიისთვის დაქვემდებარების შესახებ?
1596 წელს მართლაც გაფორმდა ბრესტის უნია, რომლის მიხედვითაც, კიევის მიტროპოლიის ზოგიერთმა ეპისკოპოსმა, რომლებიც იმ დროისთვის პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რომის პაპთან უნია დაამყარეს და ჩამოაყალიბეს უნიატური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ეკლესიად იქცა.
უნია არ იყო ვატიკანის მხრიდან დაწესებული ზეწოლის შედეგი. პირიქით, თავად მართლმადიდებელმა იერარქებმა დაიწყეს მოლაპარაკება რომის პაპთან, რათა დაეცვათ თავიანთი ეკლესია პოლონურ-კათოლიკურ გარემოში. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო რელიგიურ-პოლიტიკური შეთანხმება, და არა მიზანმიმართული მცდელობა რუსეთსა და უკრაინას შორის განხეთქილების ჩამოვარდნისთვის.
რუსეთის იმპერიამ სწორედ ამ რელიგიური დაყოფის საფუძველზე სცადა უკრაინულობისა და ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ჩახშობა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მან მიიერთა პოლონეთის დანაწილების შემდეგ. როგორც ჯონ-პოლ ჰიმკა აღწერს თავის წიგნში “Religion and Nationality in Western Ukraine” იმპერიულმა პოლიტიკამ გაამყარა წარმოდგენა, თითქოს მართლმადიდებლობა ავტომატურად ნიშნავს რუსულ ეროვნულ იდენტობას, ხოლო ბერძნულ-კათოლიკური ეკლესია უცხოური და დესტაბილიზაციის გამომწვევი ელემენტია.
“მითების დეტექტორმა” უკრაინის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით სხვა მტკიცებები წარსულშიც გადაამოწმა.
ვრცლად იხილეთ:
- შექმნეს თუ არა უკრაინა ბოლშევიკებმა და რა ვიცით რასა იუკნევიჩიენეს კგბ-სთან კავშირის შესახებ?
- ეპისკოპოს სპირიდონის “უფროსი ძმის” მითი “კიევის რუსეთზე”
- რა მითები ვრცელდება უკრაინული ენის წარმოშობაზე?
- როდიდან იღებს სათავეს კიევის რუსი და რა ვიცით მითებზე ლენინის მიერ შექმნილ უკრაინაზე?
- რა ტერიტორიებს ფლობდა უკრაინა 1922 წელს, როდესაც სსრკ-ის შემადგენლობაში შევიდა?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.