3 დეკემბერს ფეისბუქის ქართულენოვანმა მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ბულგარეთში არაბული ინვესტიციების გამო მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ხალხი სკანდირებს სიტყვას “რუსეთი”. პოსტს დართული აქვს ვიდეო, რომელშიც საპროტესტო მსვლელობა ჩანს და სკანდირება ისმის.

ინფორმაცია, თითქოს გავრცელებულ ვიდეოში ხალხი “რუსეთს” სკანდირებს, სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ისინი სიტყვა “მაფიას” ამბობენ. ასევე მცდარია, თითქოს საპროტესტო აქცია ბულგარეთში არაბული ინვესტიციების წინააღმდეგ მიმდინარეობს. სინამდვილეში, პროტესტი მთავრობის წინააღმდეგ, 2026 წლის ბიუჯეტის განხილვისას დაიწყო, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა.
2025 წლის ნოემბრის ბოლოს ბულგარეთის მთავრობამ წარადგინა 2026 წლის ბიუჯეტის გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა გადასახადების მნიშვნელოვნად გაზრდას. ამ დეტალმა ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც მასობრივი საპროტესტო აქციები მოყვა, რომლებშიც ძირითადად ე.წ. ჯენ ზი თაობის (Gen Z) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროტესტმა დედაქალაქ სოფიასთან ერთად, ვარნა, პლოვდივი და სხვა დიდი ქალაქები მოიცვა. აღსანიშნავია, რომ პროტესტმა შედეგი მალევე გამოიღო და მთავრობამ აღნიშნული ბიუჯეტის პროექტი უკან გაიწვია.
ფეისბუქზე გავრცელებული კადრები სწორედ ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე პროტესტს ასახავს. ვიდეოში ჩანს ტიკ-ტოკ ანგარიშის სახელიც (@iamvedat1), საიდანაც ფეისბუქ-მომხმარებელმა ეს კადრები მოიპოვა. 1 დეკემბერს გამოქვეყნებული Tik-Tok პოსტის აღწერაში აღნიშნულია, რომ ვიდეო ასახავს ხალხის პროტესტს “მაფიოზური სტილის მთავრობისა და წლების მანძილზე მიმდინარე კორუფციის წინააღმდეგ”. თანდართული ჰეშთეგებით ვიგებთ, რომ კადრები გადაღებულია ქალაქ პლოვდივში.

ვიდეოს გაანალიზების და ტიკ-ტოკ პოსტის აღწერის წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ ხალხი არა “რუსეთს”, არამედ სიტყვა “მაფიას” სკანდირებს. იმავე საპროტესტო აქციიდან ასევე არაერთი სხვა კადრი გავრცელდა, რომელშიც კიდევ უფრო ცხადად ისმის შეძახილი “მაფია”. ამას ასევე ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი მედიაც, მათ შორის AP და Bulgarian News Agency, რომლებიც ვიდეოების აღწერაშიც უთითებენ, რომ მონაწილეები ხშირად სკანდირებენ სიტყვა “მაფიას”, რითაც სამთავრობო კორუფციაზე მიანიშნებენ და მაღალჩინოსნებს მაფიოზებს ადარებენ.
“მითების დეტექტორმა” დამატებითი ანალიზისათვის გამოიყენა Google-ის პროგრამა Pinpoint, რომელიც ვიდეოში არსებული აუდიო ტექსტის გასაშიფრად გამოიყენება. მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ კადრებში მხოლოდ სიტყვა “მაფია” ისმის, რომელიც რამდენჯერმე მეორდება.

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.



















