როგორ იცვლება ზელენსკისა და ივანიშვილის ქონება რუსეთ-უკრაინის ომის დროს?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

რუსეთ-უკრაინის ომი
338
VIEWS

20 თებერვალს გადაცემაში “ახალი პარადიგმა” წამყვანმა, თენგო ომანაძემ რუსეთ-უკრაინის ომის დროს პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ქონების ზრდაზე ისაუბრა [52:40]. ომანაძის მტკიცებით, ომის ფონზე ზელენსკი მილიარდერი გახდა, ბიძინა ივანიშვილმა კი, რომელსაც შეეძლო, ამ მომენტით ესარგებლა და თვითონაც გამოემუშავებინა ფული, მილიონები დაკარგა. ომანაძემ იგივე მტკიცება 24 თებერვლის გადაცემაშიც [31:25] გაიმეორა.

რუსეთ-უკრაინის ომი

მტკიცება, თითქოს რუსეთ-უკრაინის ომის დროს ზელენსკი მილიარდერი გახდა, დეზინფორმაციულია. ზელენსკის ფინანსური დეკლარაციების მიხედვით, მისი შემოსავლები ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, ხოლო მისი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე გავლენა უძრავი ქონების გაქირავების დროებით შეჩერებამ იქონია. 2023 წელს მისი შემოსავლები ნაწილობრივ აღდგა, ბოლო მონაცემებით, ზელენსკის ქონება კვლავ დაახლოებით 30 მილიონ დოლარად ფასდება, რაც არა მის პრეზიდენტობას, არამედ წარსულში გასართობ ინდუსტიაში მუშაობიდან მიღებულ შემოსავალს უკავშირება. გარდა ამისა, Forbes-ისა და Bloomberg-ის მონაცემებით, ომის დაწყების დროსთან შედარებით, ივანიშვილის ქონება გაზრდილია.

მოიმატა თუ დაიკლო ზელენსკის შემოსავალმა ომის დაწყების შემდეგ?

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლიტიკაში ჩართვამდე წარმატებული მსახიობი და პროდიუსერი იყო და ქონება პრეზიდენტად არჩევამდე, გასართობ ინდუსტრიაში მუშაობისას დააგროვა. 1997 წელს ზელენსკიმ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის გუნდი Kvartal 95 შექმნა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სატელევიზიო კომპანია გახდა. ზელენსკი ამ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობდა, რომელიც პრეზიდენტად გახდომის შემდეგ პარტნიორს გადასცა. Kvartal 95-ის პოპულარული პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიალია “ხალხის მსახური”, რომელიც ამერიკულ Netflix-ზე იყო ხელმისაწვდომი. ამ სერიალიდან წლიური შემოსავალი დაახლოებით 30 მილიონი დოლარია, საიდანაც Forbes Ukraine-ის შეფასებით, ზელენსკის წილი 11 მილიონ დოლარს შეადგენს.

ვოლოდიმერ ზელენსკის  შემოსავლებისა და ქონების შესახებ ინფორმაციის მოძიება ოფიციალური ფინანსური დეკლარაციების საშუალებით არის შესაძლებელი. 2020 წელს ზელენსკის დაახლოებით 623 000 აშშ დოლარის წლიური შემოსავალი ჰქონდა, რომელიც მოიცავდა პრეზიდენტის ხელფასს, ქირავნობის შემოსავალს და უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებულ თანხებს.

2021 წელს ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი ოჯახის საერთო შემოსავალი 10.825 მილიონ გრივნას შეადგენდა, რაც დაახლოებით 285 000 აშშ დოლარის ტოლი იყო. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 5.36 მილიონი გრივნა, უკრაინის სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვიდან შემოსულ თანხას წარმოადგენდა. დარჩენილი ნაწილი, დაახლოებით 5.465 მილიონი გრივნა, შედგებოდა მისი პრეზიდენტის ხელფასის, საბანკო დეპოზიტებიდან მიღებული პროცენტების და უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლისგან. 

ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს ზელენსკისა და მისი ოჯახის შემოსავალი 3.693 მილიონ გრივნამდე შემცირდა, რაც დაახლოებით 97 000 აშშ დოლარის ტოლია. ეს კლება ძირითადად განპირობებული იყო იმით, რომ საომარი ვითარების გამო უძრავი ქონების გაქირავება პრაქტიკულად შეჩერდა. ბევრმა დამქირავებელმა კონტრაქტები გააუქმა, ან მათი გადახდა შეაჩერა, რამაც ზელენსკის ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა.

2023 წლისთვის  ოჯახის საერთო შემოსავალმა 12.423 მილიონი გრივნა შეადგინა, რაც დაახლოებით 316 700 აშშ დოლარს უდრის. შემოსავლის მატების მიზეზი ძირითადად ის იყო, რომ სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვა კვლავ განახლდა, საიდანაც ზელენსკიმ და მისმა ოჯახმა 7.455 მილიონი გრივნა მიიღეს. ასევე, უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა, რომელიც ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად შემცირდა, კვლავ შეადგინა 4.967 მილიონი გრივნა. შესაბამისად, ზელენსკის ოჯახის შემოსავალის ზრდა, წინა წელთან შედარებით, უძრავი ქონების გაქირავების განახლებას უკავშირდება. 

რაც შეეხება ოჯახის დანაზოგებს, ზელენსკის ფინანსური დეკლარაციებიდან ასევე ჩანს, რომ მისი ოჯახის ნაღდი ფულის მარაგი თანდათან იკლებდა. 2022 წლის ბოლოსთვის მათი დანაზოგი დაახლოებით 1.8 მილიონი გრივნით, ხოლო 2023 წლის ბოლოს – 2.8 მილიონი (71 000 აშშ დოლარი) გრივნით შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ზელენსკის ფინანსური მდგომარეობა მისი პრეზიდენტობის შემდეგ მკვეთრად არ შეცვლილა. Forbes-ის მიერ გამოკვლეული ბოლო ხელმისაწვდომი, 2022 წლის მონაცემების მიხედვით, მისი წმინდა ქონება 30 მილიონ აშშ დოლარზე ნაკლებია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ არ არის გასაკვირი ვოლოდიმირ ზელენსკის შემთხვევაში, რომელიც წარმატებული მსახიობი და პროდიუსერი იყო.  

ზელენსკისა და მისი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მისი პრეზიდენტობის პერიოდში პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ზელენსკის ოჯახი ფლობს ბინას კიევში, რომლის ფართობიც 131.9 კვადრატული მეტრია და მასთან ერთად ავტოსადგომსაც. გარდა ამისა, ზელენსკის აქვს კიევში მდებარე ორი ბინის 25 და 50%-იან წილები ბორის და სერგეი შეფირებთან ერთად, რომლებიც ზელენსკისთან ერთად “კვარტალ 95-ში” მუშაობდნენ.  ასევე,  ოლენა ზელენსკას მფლობელობაშია საცხოვრებელი სახლი და ავტოსადგომი ყირიმში, ბინა კიევში და არასაცხოვრებელი ფართი კიევში, რომელიც ოლენა და ლარისა შეფირებთან ერთად აქვს საკუთრებაში. რაც შეეხება ავტომობილებს, დეკლარაციის თანახმად,  ზელენსკისა და მის ოჯახს კვლავ იგივე მანქანები  აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ. ესენია 2016 წლის მოდელის Land Rover და 2014 წლის Mercedes-Benz S 500 4Matic.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ორგანიზაციამ “ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გამოძიების პროექტი” (OCCRP) Pandora Papers-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც ზელენსკი და მისი გარემოცვა  ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე, კვიპროსსა და ბელიზში ოფშორულ კომპანიებს ფლობდნენ. ამ კომპანიებს ლონდონში ძვირადღირებული ქონება ჰქონდათ შეძენილი, თუმცა ისინი 2019 წლამდე, ზელენსკის პრეზიდენტობამდე იყო ჩამოყალიბებული და Kvartal 95-ს უკავშირდებოდა. OCCRP-ის გამოძიებაში არ ჩანს მტკიცებულება, რომ ზელენსკი პრეზიდენტობის პერიოდში ოფშორების საქმიანობაში იყო ჩართული.

Pandora Papers-ის გასაჯაროების შემდეგ, ზელენსკიმ უარყო, რომ ოფშორული კომპანიები ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებოდა. მისი თქმით, იანუკოვიჩის მმართველობისას მედიაბიზნესისთვის ოფშორული კომპანიების შექმნა პოლიტიკურ ზეწოლას არიდებდა.

ამ თემაზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:

ფინანსური დეკლარაციების გარდა, საერთაშორისო ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციებმა და საგამოძიებო ჟურნალისტებმა არაერთხელ გადაამოწმეს ზელენსკის შესაძლო ფარული ქონება.  წყაროები სრულად უარყოფენ მტკიცებებს, რომ მას ასობით მილიონი ან მილიარდი დოლარი აქვს გადანახული ოფშორულ ანგარიშებზე. ეს ბრალდებები ხშირად ეფუძნება არასწორ ინტერპრეტაციებს და მანიპულაციურ წყაროებს, სადაც როგორც წესი, არ გვხვდება მტკიცებულები უკანონო გამდიდრების შესახებ. ინფორმაციას, თითქოს ზელენსკების ოჯახი დასავლეთის ფულს პირადი მოხმარების ფუფუნების საგნებში ხარჯავს, კრემლის პროპაგანდისტული არხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აქტიურად ავრცელებენ. “მითების დეტექტორს” ამ თემაზე არაერთი სტატია აქვს მომზადებული:

როგორ იცვლებოდა ივანიშვილის ქონება რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას? 

ბიძინა ივანიშვილის ქონება, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, 7.60 მილიარდ დოლარად არის შეფასებული [2025/03/05] და ის სიაში 406-ე ადგილს იკავებს. წინა წლის იგივე პერიოდში ივანიშვილის ქონებას Bloomberg-ი 6.92 მილიარდად აფასებდა. აღსანიშნავია ისიც, რომ Bloomberg ივანიშვილის ქონების ანალიზს 5-დან 1 ვარსკვლავით აფასებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისი შემოსავლებისა და ქონების შესახებ  ინფორმაციის მოპოვება და გადამოწმება რთულია.

Forbes-ის თანახმად,  2025 წლის 6 მარტის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 4.9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რაც მას მსოფლიოს მილიარდერების სიაში 685-ე ადგილზე აყენებს. ამავე გამოცემის თანახმად, ივანიშვილის ქონება 2021 წლის შემდეგ სტაბილურად იზრდებოდა.  

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი საუბრობს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ივანიშვილის ქონების ცვლილებაზე. თუმცა, Forbes-ისა და Bloomberg-ის მიერ ივანიშვილის ქონების ცვლილებაზე დაკვირვებით ვასკვნით, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის ქონება 2022 წლის თებერვალთან შედარებით შემცირებული არ არის და პირიქით, გაზრდილია. თუ Bloomber-ის მონაცემების შევადარებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ივანიშვილის ქონება 28.8%-ით არის გაზრდილი.

Forbers-ის მონაცემები

Bloomberg-ის მონაცემები

რუსეთ-უკრაინის ომი რუსეთ-უკრაინის ომი

2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა სანქცირებულ პირთა სიაში საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის გამო, რამაც, შესაძლოა, სამომავლოდ მისი ქონების ზრდაზე იქონიოს გავლენა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist