20 ივნისს “ალტ-ინფოს” გადაცემაში “დღის კომენტარი” ანტი-ლგბტქ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეკანოზ დავით ლასურაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გავრცელდა (1,2). დეკანოზის თანახმად, 2013 წელს, თბილისის 147-ე სკოლაში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში კითხვის მოყვარულ ბავშვებს დაურიგეს სახელმძღვანელოები, რომელთა განხილვაც სტუდენტებთან ერთად უნდა მომხდარიყო. დეკანოზ დავით ლასურაშვილის თანახმად, ამ წიგნებიდან ერთ-ერთი “იყო ორალური სექსის დასურათხატება თავიდან ბოლომდე”.
ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთ სკოლაში ევროკავშირის პროექტის ფარგლებში პორნოგრაფიული ტიპის სახელმძღვანელო შეიტანეს და ბავშებს დაურიგეს, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, 147-ე სკოლაში შეცდომით შეტანილი წიგნი სხვა აუდიტორიისათვის იყო განკუთვნილი და პაკეტები შემთხვევით აირია. გარდა ამისა, წიგნები პირდაპირ ბავშვებთან ვერ მოხვდებოდა, რამდენადაც ისინი ჯერ პასუხისმგებელ პირებს გადაეცათ, რომელთაც თავად უნდა განესაზღვრათ, რას შესთავაზებდნენ ბავშვებს.
ევროკავშირის პროექტი „ვისაუბროთ წიგნებზე“ 2013 წლის 4 ნოემბერს დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებში განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავდა 6-დან 12 წლამდე მოსწავლეების მონაწილეობით სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის, დისკუსიების გამართვას, რომელთა მიზანი კითხვის წახალისება, ევროპული ლიტერატურის უკეთ გაცნობა იყო. ამ პროექტის ფარგლებში შეხვედრები და დისკუსიები სხვადასხვა ავტორის მონაწილეობით ჩატარდა როგორც უნივერსიტეტებში, ასევე სკოლებში. პროექტი ასევე ითვალისწინებდა სკოლებში წიგნის კითხვის კლუბების შექმნას, რის შემდეგაც პროექტში მონაწილე 24 სკოლას საჩუქრად ქართულ ენაზე გამოცემული ევროპული ლიტერატურა გადაეცა.
სკოლებისთვის გადაცემულ წიგნებში შემთხვევით მე-20 საუკუნის ცნობილი ფრანგი მწერლის, ჟან ჟენეს რომანი „ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) მოხვდა, რომელიც მოსწავლეთა მშობლებმა პორნოგრაფიული ჟანრის კატეგორიას მიაკუთვნეს. პროექტის ხელმძღვანელის, მაია ჩიტაიას განმარტებით, წიგნების გადანაწილებისას შეცდომა მოხდა და საუნივერსიტეტო დისკუსიებისთვის გათვლილი წიგნები შემთხვევით სასკოლო წიგნებს შეერია.
მაია ჩიტაია: “სამწუხაროდ, ნაკრებების განაწილების დროს, უყურადღებობის გამო, სასკოლო წიგნებს შეერია საუნივერსიტეტო დისკუსიებისთვის გათვლილი წიგნები. ეს იყო ადამიანური შეცდომა კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლების.”
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 24 სკოლას გადაეცა თითო ნაკრები. თითოეულ ნაკრებში სხვადასხვა ავტორის მხოლოდ ერთი წიგნი შედიოდა. შესაბამისად, ჟან ჟენეს “ნოტრ დამ დე ფლერის” მხოლოდ 24 ცალ ეგზემპლარი გავრცელდა ქვეყნის სკოლების მასშტაბით. მისივე თქმით, წიგნები პირდაპირ ბავშვებისთვის არავის დაურიგებია და ეს არ იყო პროექტით გათვალისწინებული.
პროექტის ექსპერტის, ხათუნა ცხადაძის თანახმად, ამ წიგნის სკოლაში მოხვედრა “უბრალოდ ადამიანური შეცდომა იყო” და გარდა ამისა, წიგნები პასუხისმგებელ პირებს ორი კვირით ადრე გადაეცათ იმისთვის, რომ გადაენაწილებინათ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით და განესაზღვრათ, რას შესთავაზებდნენ ბავშვებს.
ხათუნა ცხადაძე: “ წიგნები პირდაპირ ბავშვებისთვის არავის დაურიგებია. ისინი გადაეცა სკოლის წარმომადგენელს, მასწავლებელს/დირექტორს/ბიბლიოთეკარს, პროექტის დაწყებამდე 2 კვირით ადრე, რომ მათ დრო ჰქონოდათ და გაენაწილებინათ ისინი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. რადგან წიგნების სულ თითო ეგზემპლარი იყო მთელ სკოლაზე, ყველაზე მიზანშეწონილი იყო, პასუხისმგებელ პირს – მასწავლებლებს – გადაეხედა და ბავშვებისთვის დისკუსია მოეწყო, ან რამე მსგავსი, რომელიმე ავტორზე, კონკრეტულ წიგნზე ან თავად მოეფიქრებინათ და განესაზღვრათ რას შესთავაზებდნენ ბავშვებს. როგორ უნდა დაერიგებინათ 15-20 წიგნი მთელი სკოლისთვის?”
ჟან ჟენეს “ნოტრ დამ დე ფლერი” ქართულად გამომცემლობა “დიოგენემ” 2010 წელს გამოსცა. ავტობიოგრაფიული რომანი მოიცავს სექსუალურობის, კრიმინალისა და ეგზისტენციალიზმის თემებს. რომანის მთავარი გმირი არის ციხეში მყოფი კაცი, რომელიც იხსენებს თავის წარსულს და სხვადასხვა პერსონაჟის ცხოვრებას, რომლებიც მას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე შეხვედრიან.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.