როგორ მანიპულირებს “ქართული ოცნება” FIMI-ის ექსპერტთა კომიტეტის კვლევით? 

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

FIMI
341
VIEWS

6 თებერვალს პროსახელისუფლებო იმედმა, რუსთავი 2-მა, POSTV-იმ, რეპორტიორმა, მედიაჰოლდინგმა კვირა, Infopostalioni-მა, Ongo-მ, მხარემ და სხვა მედიასაშუალებებმა (1; 2; 3; 4; 5) გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროსაბჭომ საქართველოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა. მედიასაშუალებების ნაწილი მიუთითებს, რომ ევროპის საბჭომ მსგავსი თხოვნით საქართველოს გარდა სხვა ქვეყნებსაც მიმართა, ხოლო ნაწილი მხოლოდ საქართველოსთვის გამოგზავნილ წერილს ახსენებს. პოსტებისა და სტატიების დიდ ნაწილში ასევე ჩანს დოკუმენტის თავფურცელი, რომელიც, ტექსტის მიხედვით, ევროპის საბჭოს სამდივნოს მომზადებულია და ეხება “უცხოური საინფორმაციო მანიპულაციის და ჩარევის” (FIMI) საკითხს. კერძოდ, აქ ვკითხულობთ, რომ ეს არის “უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI), მათ შორის დეზინფორმაციის შესახებ სამართლებრივი ინსტრუმენტის შესაძლო შემუშავების შესახებ წინასწარი ტექნიკური დასაბუთების კვლევა”. 

რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანი აღნიშნავს, რომ ევროპამ უცხოური გავლენების საფრთხე გააცნობიერა და “აქტუალური გახდა ის კანონები, რომლის გამოც ბრიუსელი თბილისს ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად აკრიტიკებდა”. 

გარდა ამისა, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს, როგორც “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” დეპუტატებმა, ისე პროსახელისუფლებო ექსპერტებმა

  • საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილის განცხადებით, ევროპის საბჭომ აღიარა, რომ უცხოური ჩარევა პრობლემაა და  მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოცდილების გაზიარება საქართველოს სთხოვა. მან ასევე დაამატა, რომ “გამჭვირვალობის კანონიდან” დაწყებული, უკანასკნელი კანონპროექტით დასრულებული, რაც კი გამოცდილება გააჩნდათ, “ქართუმა ოცნებამ” ევროსაბჭოს უკვე გაუზიარა.
  • ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, ლევან მაჭავარიანის თქმით, “პარადოქსული და ღიმილისმომგვრელია, როდესაც ერთი ხელით გაკრიტიკებენ, რომ “უცხოურ ჩარევას და გავლენებს რატომ ებრძვი“ და მეორე დღეს იგებ, რომ ანალოგიურს აპირებს ევროსაბჭო”.
  • ევროსაბჭოს მიმართვაზე საუბრისას, თბილისის მერმა კახა კალაძემ შემდეგი განცხადება გააკეთა: “გარედან დაფინანსებული პროტესტის დროს გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას ითხოვდნენ, დღეს აქეთ გვეუბნებიან, რომ გამოცდილება გავუზიაროთ”. 
  • “ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წელს “გამჭვირვალობის კანონის” დაინიცირებამ, ქვეყანაში დიდი არეულობა გამოიწვია, თუმცა ახლა უკვე ევროსაბჭო ამ კანონთან დაკავშირებით კონსულტაციებსა და რეკომენდაციებს სთხოვს საქართველოს. მისი თქმით, მმართველი ძალა მზადაა ევროსაბჭოს დასახმარებლად და ასევე დაამატა, რომ მოქმედ ხელისუფლებას უცხო ძალის ჩარევისაგან სუვერენიტეტის დაცვის უკვე დიდი გამოცდილება გააჩნია.
  • “ხალხის ძალის” წევრმა, თამთა მეგრელიშვილმა დაწერა, რომ როდესაც საქართველომ დაიწყო უცხოურ ჩარევასთან ბრძოლა და შექმნა შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, დასავლურმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა “ქართული ოცნების” პოლიტიკის კრიტიკა დაიწყეს, თუმცა ახლა თავად აღიარებენ ამ პრობლემის (უცხოური ჩარევის) სიმძიმეს და საქართველოს სთხოვენ დახმარებას. აქედან გამომდინარეობს, რომ “რაც გუშინ “პრობლემად” ცხადდებოდა, დღეს უკვე გამოცდილების მოდელად განიხილება”. 

“ქართული ოცნება” უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) ექსპერტთა კომიტეტის კვლევით მანიპულირებს და მიღებულ წერილს იყენებს იმის დასამტკიცებლად, თითქოს ევროსაბჭო საქართველოს მიერ მიღებული კანონებით შემდგომში მსგავსი ნაბიჯების გადადგმის მიზნით ინტერესდება.

რა არის FIMI?

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) განმარტებით: „უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირება და ჩარევა (FIMI) ძირითადად აღწერს ქცევის მოდელს, რომელიც საფრთხეს უქმნის ან აქვს პოტენციალი ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს ღირებულებებზე, პროცედურებსა და პოლიტიკურ პროცესებზე. ასეთი აქტივობა მანიპულაციურ ხასიათს ატარებს, მიზანმიმართულად და კოორდინირებულად ხორციელდება სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორების, მათ შორის მათთან დაკავშირებული აქტორების მხრიდან, როგორც საკუთარ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ“. შედეგად, FIMI წარმოადგენს უცხოეთიდან განხორციელებულ ჩარევას, რომელიც საინფორმაციო გზებით, მათ შორის დეზინფორმაციისა და მიზანმიმართული დამაზიანებელი ნარატივების გავრცელებით ხორციელდება.

2015 წლიდან FIMI ევროკავშირისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი გახდა, რის ფარგლებშიც არაერთი პროექტი ხორციელდება

2025 წელს გამოქვეყნდა ევროსაბჭოს მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი, რომელიც FIMI-ის ფარგლებში, აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსა და თურქეთში განხორციელებულ პროექტებს განიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, უცხოურ საინფორმაციო ჩარევასთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ამ პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა. საქართველოს მაგალითის განხილვისას ავტორი მიმოიხილავს FIMI-ის ფარგლებში ჩატარებულ 4 პროექტს, რომლთა განხორციელება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სიაში 2 პროექტის, SAFIMI-სა და ConMeCo-ს ერთ-ერთი განმახორციელებელი “მედიის განვითარების ფონდი” იყო. 

რა რეკომენდაციები მისცა 2023 წელს EU-მ საქართველოს და როგორ ებრძვის ხელისუფლება FIMI-ს?

ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსახორციელებელ 9 დათქმის პირველ პუნქტს სწორედ უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებასა და ჩარევასთან ბრძოლა წარმოადგენდა:

ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან და [უცხოურ] ჩარევასთან ბრძოლა”. 

თუმცა, მედიის განვითარების ფონდის კვლევა, “FIMI და ინფორმაციული ავტოკრატია საქართველოში” აჩვენებს, რომ FIMI-სთან საქართველოს ხელისუფლების ბრძოლას ფორმალური ხასიათი აქვს და პოლიტიკის დოკუმენტები რეალური პრაქტიკისგან განსხვავებულია. 

რატომ შეზღუდა EU-მ საქართველოსთან FIMI-ზე თანამშრომლობა? 

2024 წლის შეფასების დოკუმენტში ევროკომისიამ აღნიშნა, რომ FIMI-ს საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან თანამშრომლობა ლიმიტირებული იყო, რადგან მმართველ პარტიას არ გააჩნდა ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ მიმართულ მანიპულაციურ ნარატივებთან ბრძოლის პოლიტიკური ნება. მეტიც, 2024 წელს გახშირდა  შემთხვევები, როდესაც ანტიევროპულ ნარატივებს თავად “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები და პარლამენტის წევრები ავრცელებდნენ. გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით 2024 წლის კომუნიკაციაში ვკითხულობთ:

“ჰიბრიდული საფრთხეების მიხედვით ევროკავშირთან თანამშრომლობა ამჟამად შეზღუდულია, ისევე, როგორც დიალოგი და თანამშრომლობა უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით”.

FIMI-ის ექსპერტთა კომიტეტის კვლევა

პროსახელისუფლებო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ “მითების დეტექტორს” ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტთან კომუნიკაციისას განუცხადეს, რომ უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) ექსპერტთა კომიტეტის შექმნის პროცესში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის საბჭოს 46-ვე წევრ სახელმწიფოს შეაქვს წვლილი. მათივე ცნობით, კომიტეტს დაევალა, “მოამზადოს ევროპის საბჭოს შესაძლო ინსტრუმენტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელიც ეხება უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის საკითხებს, შეისწავლის როგორც პრევენციულ, ასევე რეპრესიულ ასპექტებს”.  

“ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის საკითხებში ექსპერტთა კომიტეტის (PC-FIMI) შექმნის შესახებ, წარმოადგენს სამთავრობათაშორისო მოლაპარაკებების პროცესის ნაწილს, რომელშიც მონაწილეობს და წვლილი შეაქვს ევროპის საბჭოს 46-ვე წევრ სახელმწიფოს, მათ შორის, საქართველოს.

ევროპის საბჭოს PC-FIMI ექსპერტთა კომიტეტს, რომელიც პირველად სტრასბურგში გასულ კვირას შეიკრიბა, დაევალა მოამზადოს ევროპის საბჭოს შესაძლო ინსტრუმენტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა, რომელიც ეხება უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის საკითხებს, შეისწავლის როგორც პრევენციულ, ასევე რეპრესიულ ასპექტებს. 

სავარაუდოდ, კვლევა 2026 წლის მაისში კიშინიოვში დაგეგმილი მინისტრთა კომიტეტის შეხვედრისთვის დასრულდება . FIMI-ზე მუშაობა დაკავშირებულია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ წამოწყებულ ახალი დემოკრატიული პაქტისინიციატივასთან”. 

FIMI
ანაბეჭდი: ევროპის საბჭოს მედიის დეპარტამენტის პასუხი

ევროსაბჭომ 2026 წლის იანვარში შექმნა “უცხოეთის მხრიდან ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI) ექსპერტთა კომიტეტი”, რომლის მიზანია ჩაატაროს მიზანშეწონილობის კვლევა FIMI-ს შესახებ, მათ შორის დეზინფორმაციის, რომელიც იკვლევს გამოწვევებს არჩევნებში ჩარევასთან, მედიის კონცენტრაციასა და მიტაცებასთან, მედიის თავისუფლებასა და დემოკრატიულ და საინფორმაციო წიგნიერებასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კიბერდანაშაულთან, კორუფციასთან, ასევე AI-სა და სხვა ტექნოლოგიების ბოროტად გამოყენებასთან მიმართებით. ეს კვლევა განიხილავს სამართლებრივ გამოწვევებსა და ხარვეზებს FIMI-სთან დაკავშირებული გარკვეული ქმედებების კრიმინალიზების მხრივ და განსაზღვრავს შესაძლო მიდგომებს პრევენციის, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო ზომების შესახებ დეზინფორმაციასა და FIMI-ზე, მათ შორის, დეზინფორმაციაზე.  კომიტეტი სისხლის სამართლის სფეროს უმაღლესი რანგის 12 პირისგან შედგება და ამ ორგანოს მოქმედების ვადად 15 აპრილი განისაზღვრა. 

“ქართული ოცნების” მანიპულაცია

“ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლების მტკიცებით, მაშინ, როდესაც დასავლური ინსტიტუტები საქართველოში მიღებულ კანონებს აკრიტიკებდნენ, ახლა ითხოვენ, რომ ქვეყანამ მათ გამოცდილება გაუზიაროს. პროსახელისუფლებო მედიასთან ერთად, პარალელს ავლებენ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”  და “გრანტების შესახებ” კანონთან. 

რეალურად, FIMI შეეხება შიდა პოლიტიკურ პროცესებზე უცხოეთიდან განხორციელებულ ინფორმაციულ ზეგავლენას და ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტები მოიცავს მისი აღკვეთის სხვადასხვა გზებსა და უცხო ძალის საინფორმაციო მანიპულაციების მიმართ საზოგადოების მედეგობის გაზრდას და არა შიდა დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ბრძოლას, რომელიც რუსეთიდან გადმოტანილი რეპრესიული კანონმდებლობის გზით ხორციელდება. უფრო მეტიც, მტრული სახელმწიფოების საინფორმაციო გავლენასთან ბრძოლაში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც თავად ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტებიც ადასტურებს, რომლებიც როგორც საზოგადოების მედეგობისა და დემოკრატიის გაძლიერებაზეა ორიენტირებული.  

თემატიკა: პოლიტიკა

 

© სტატია მომზადებულია და გამოქვეყნებულია მითების დეტექტორის მიერ და წარმოადგენს აღნიშნული ორგანიზაციის საკუთრებას. სტატიის გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მითითების წესების დაცვით.

წაიკითხე ვრცლად

მითების დეტექტორის სტატიის გამოყენების წესი

პლაგიატი დაუშვებელია. მითების დეტექტორი პლაგიატის შემთხვევებზე მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

მითების დეტექტორის პლატფორმაზე მომზადებული და გამოქვეყნებული სტატიების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ უნდა მიუთითოს: სტატიის ავტორი, სათაური, მითების დეტექტორი, სტატიის გამოქვეყნების თარიღი, სტატიის ლინკი.

მითების დეტექტორის სტატიებში ვიზუალური მასალის (ფოტო, ვიდეო) მოპოვება და გამოყენება ხდება ორგანიზაციის შიდა სტანდარტების დაცვით. აღნიშნული მასალების გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს მითების დეტექტორის სტატია, როგორც გამოყენებული წყარო.

მითების დეტექტორის პლატფორმებზე დადებული მასალების, მათ შორის, ვიზუალური ფორმატით (ფოტო, ვიდეო, მულტიმედიური მასალა, ტექსტი) გამოყენებისას შესაბამისმა პირმა/ორგანიზაციამ კეთილსინდისიერად უნდა მიუთითოს აღნიშნული მასალების ელექტრონული მისამართი და ორგანიზაციის დასახელება.

 

წყარო

წყარო

fact Checker, დეზინფორმაცია, ფაქტჩეკერი, მითების დეტექტორი
იმედი

წყარო

პოს ტვ (POS TV)
პოს ტვ (POS TV)

წყარო

მარშალპრესი
მარშალპრესი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist