როგორ მანიპულირებს “ხალხის ძალა” ნატოს წესდების მე-5 მუხლის ჩანაწერით?

კითხვის დრო: 5 წუთი

კითხვის დრო: 5 წუთი

ხალხის ძალა
1.1k
VIEWS

5 ივნისს, ანტიდასავლურმა საპარლამენტო პარტია ,,ხალხის ძალამ” გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც აშშ-ის კონგრესის განხილვას შეეხებოდა, სადაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით იმსჯელეს. განცხადებაში, ასევე, საუბარია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე და მისი კოლექტიური თავდაცვის მექანიზმზე, კონკრეტულად კი, მე-5 მუხლზე. “ხალხის ძალის” მტკიცებით, ნატოს წევრობა უსაფრთხოების ასპროცენტიან გარანტიას არ გულისხმობს და ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად, “სახელმწიფოებს აქვთ უფლება, ისე და იმ ფორმით დაეხმარონ აგრესიის ობიექტს, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მხოლოდ მაშინ გამოიყენონ საკუთარი შეიარაღებული ძალები“. პარტიის განცხადებაში ასევე ნათქვამია, თითქოს წესდების მე-5 მუხლის ქართული თარგმანი მიზანმიმართულადაა გაყალბებული და ამოღებულია წესდების ორიგინალის მთავარი დათქმა, რომ ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, გამოიყენოს ან არ გამოიყენოს სამხედრო დახმარება, როგორც თავად ჩათვლის საჭიროდ.

პარტია “ხალხის ძალის” განცხადების აღნიშნული ნაწილი ნატოს მე-5 მუხლზე მითითებით გაავრცელეს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე ისეთმა მედიებმა, როგორიცაა იმედი, მარშალ პრესპოსტვ, For.Ge.

khalkhis dzala1 როგორ მანიპულირებს “ხალხის ძალა” ნატოს წესდების მე-5 მუხლის ჩანაწერით? khalkhis dzala2 როგორ მანიპულირებს “ხალხის ძალა” ნატოს წესდების მე-5 მუხლის ჩანაწერით?

პარტია “ხალხის ძალა” ნატოს წესდებაში არსებული ჩანაწერით და მისი ქართული თარგმანით მანიპულირებს. რეალურად, ნატოს წესდების მე-5 მუხლში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ მხარეები თანხმდებიან, რომ რომელიმე წევრზე თავდასხმა განხილული იქნება, როგორც თავდასხმა ყველა წევრ სახელმწიფოზე. შესაბამისად, ალიანსის წევრი სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ გაერო-ს ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ან კოლექტიური თავდაცვის უფლებით სარგებლობის ფარგლებში, დაეხმარებიან თავდასხმის მსხვერპლ მხარეს ან მხარეებს ისეთი ქმედებებით, როგორიც მიჩნეული იქნება საჭიროდ, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგეს და შენარჩუნდეს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება. ის ფაქტი, რომ კოლექტიურ თავდაცვაში წევრი ქვეყნების კონტრიბუცია შესაძლოა განსხვავებული იყოს, არ ცვლის ნატოს მე-5 მუხლის ამოქმედებით შექმნილ უსაფრთხოების გარანტიებს.

პარტია “ხალხის ძალა” საკუთარ განცხადებაში ნატოს წესდების მე-5 მუხლს მანიპულაციურად წარმოაჩენს, თითქოს აღნიშნული მუხლის ჩანაწერი იძლევა გარკვეული ლავირების საშუალებას და ალიანსის წევრ სახელმწიფოებს უტოვებს უფლებას, რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, იხელმძღვანელონ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით და თავი აარიდონ ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას, რაც “ხალხის ძალის” მტკიცებით უსაფრთხოების გარანტიის არარსებობას გულისხმობს. 

რალურად, ალიანსის წესდების ორიგინალ ტექსტში მე-5 მუხლი განმარტებულია შემდეგნაირად:

“The Parties agree that an armed attack against one or more of them in Europe or North America shall be considered an attack against them all and consequently they agree that, if such an armed attack occurs, each of them, in exercise of the right of individual or collective self-defence recognised by Article 51 of the Charter of the United Nations, will assist the Party or Parties so attacked by taking forthwith, individually and in concert with the other Parties, such action as it deems necessary, including the use of armed force, to restore and maintain the security of the North Atlantic area.”

ხოლო ქართულ თარგმანში ნათქვამია, რომ:

“მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების საფუძველზე, მხარეები დახმარებას გაუწევენ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს ან მხარეებს და განახორციელებენ ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.”

“ხალხის ძალა” მუხლის იმ მონაკვეთით მანიპულირებს, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეები თანხმდებიან, დაეხმარებიან თავდასხმის მსხვერპლ მხარეს ან მხარეებსისეთი ქმედებებით, როგორიც მიჩნეული იქნება საჭიროდ, მათ შორის, სამხედრო ძალის გამოყენებით, რათა აღდგენილი და შენარჩუნებული იქნას ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება, რის საფუძველზეც ავითარებს მტკიცებას, თითქოს ნატოს წევრობა უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევა. რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ მე-5 მუხლის გათვალისწინებით, მოკავშირეებს შეუძლიათ, იმ ფორმით გაუწიონ თავდასხმის მსხვერპლს ან მსხვერპლებს დახმარება, როგორსაც საჭიროდ ჩათვლიან კონკრეტულ სიტუაციაში, ნატო განმარტავს, რომ მე-5 მუხლით თითოეული სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, ალიანსის წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ჰქონდეს რეაგირება და გასწიოს დახმარება თავისი რესურსების შესაბამისად. აღნიშნული განმარტება ბუნებრივია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ნატოს ყველა წევრ ქვეყანას ერთნაირი სამხედრო შესაძლებლობები არ აქვს. ალიანსის წევრები არაერთხელ ადასტურებენ მათ ერთიანობას იმ ვალდებულებისა და გადაწყვეტილების წინაშე, რომ დაიცვან მოკავშირეთა ტერიტორიების თითოეული სანტიმეტრი ნებისმიერი აგრესორის წინააღმდეგ. აღნიშნული ნატოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა.

ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპთან დაკავშირებით დამატებითი განმარტების მოსასმენად “მითების დეტექტორი” ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელს, შოთა ღვინერიას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ნატოს წევრზე თავდასხმის შემთხვევაში, პირველ რიგში მიიღება მოკავშირეების პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამოქმედდეს მე-5 მუხლი, რის შემდეგაც ხდება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა არის ადეკვატური ზომა და პროპორციული პასუხი თავდახმაზე. შოთა ღვინერია განმარტავს, რომ ნატოს წევრი 32 სახელმწიფოდან, არალოგიკურია, რომ ყველამ იდენტურად გამოხატოს სოლიდარობა თავდასხმის ქვეშ მყოფი წევრის მიმართ, რადგან, მაგალითად არსებობენ ქვეყნები – ლუქსემბურგი და ისლანდია, რომელთაც შეიარაღებული ძალები საერთოდ არ ჰყავთ. “მითების დეტექტორთან” კომენტარში ღვინერია ხაზგასმით ამბობს, რომ მე-5 მუხლის ამოქმედება თავის თავში გულისხმობს თავდაცვის გარანტიას, რასაც არ ცვლის ის ფაქტი, რომ კოლექტიურ თავდაცვაში ყველა ქვეყნის კონტრიბუცია სხვადასხვანაირია. 

“ეს ხომ ფიზიკურად ვერ მოხდება, რომ ლუქსემბურგმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანაბარპროპორციულად შეიტანონ წვლილი რომელიმე ნატოს ოპერაციაში… რაც შეეხება პროპორციულ პასუხში წევრი ქვეყნების კონტრიბუციას, ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი და მე-5 მუხლთან ამას კავშირი არ აქვს… ზოგის კონტრიბუცია იქნება ტანკები, ზოგის კონტრიბუცია იქნება ვერტმფრენები, ზოგის – ექიმები, ფინანსური, ზოგის კონტრიბუცია იქნება, რომ საზღვარს დაკეტავენ ან ფინანსურ აქტივებს გაყინავენ… რა თქმა უნდა ეს დამოკიდებულია წევრი ქვეყნის ნდომაზე, წონაზე, სამხედრო შესაძლებლობებზე, ფინანსურ შესაძლებლობებზე და ა.შ.” – აცხადებს შოთა ღვინერია.

ღვინერიას განმარტებით, ყველა კრიზისი, თუნდაც სამხედრო, არ გულისხმობს მე-5 მუხლის ამოქმედებას და პოლიტიკური განხილვის და გადაწყვეტილების შედეგია. ასევე ნატოს შეუძლია მე-5 მუხლი აამოქმედოს სხვადასხვა ფორმით, არა არტილერიის ჩართვით, არამედ, მაგალითად, საპასუხო კიბერშეტევის განხორციელებით.

ღვინერიას თქმით, ის ფაქტი, რომ 75 წლის განმავლობაში არც ერთ ქვეყანას არ გაუბედავს თავდასხმა ნატოს წევრზე, ეს ალიანსის ეფექტურობაზე მეტყველებს. ნატომ კოლექტიური თავდაცვის აღნიშნული ბერკეტი მხოლოდ ერთხელ, აშშ-ის წინააღმდეგ არასახელმწიფო აქტორის მიერ განხორციელებული 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდგომ გამოიყენა

11 სექტემბრის შემდეგ მოკავშირეებს შორის გაიმართა კონსულტაციები და ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გადაწყვიტა კოლექტიური მოქმედება. 4 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც დადგინდა, რომ თავდასხმები აშშ-ის წინააღმდეგ საზღვარგარეთიდან მოხდა, ნატო შეთანხმდა რვა ღონისძიების პაკეტზე შეერთებული შტატების მხარდასაჭერად. აშშ-ის მოთხოვნით, მან დაიწყო თავისი პირველი ანტიტერორისტული ოპერაცია – Eagle Assist – 2001 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან 2002 წლის მაისის შუა რიცხვებამდე. იგი შედგებოდა ნატოს შვიდი AWACS სარადარო თვითმფრინავისაგან, რომლებიც ახორციელებდნენ პატრულირებას შეერთებული შტატების ცაზე. სულ ნატოს 13 ქვეყნიდან ეკიპაჟის 830 წევრმა 360 გაფრენა განახორციელა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატოს სამხედრო აქტივები გამოიყენეს მე-5 მუხლის ოპერაციის მხარდასაჭერად.

მიუხედავად იმისა, რომ ნატომ მხოლოდ ერთხელ აამოქმედა მე-5 მუხლი, მოკავშირეებმა არაერთხელ მიიღეს კოლექტიური თავდაცვის ზომები, მათ შორის 2012 წელს პატრიოტის რაკეტების განლაგება სირია-თურქეთის საზღვარზე და თავისი ძალების გაძლიერება ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.

 რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ნატოს თავდაცვითი გეგმის შესაბამისად, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, ალიანსი დგამს დამატებით ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის შემდგომი გაძლიერების მიზნით. მაგალითისთვის, 2022 წლის 24 მარტს გამართულ საგანგებო სამიტზე, ნატოს ლიდერებმა გადაწყვიტეს რომ მნიშვნელოვნად გააძლიერონ ალიანსის გრძელვადიანი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია და შეთანხმდნენ, კიდევ ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფის შექმნაზე ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. ამით ალიანსმა ფაქტობრივად გააორმაგა ადგილზე მყოფი ჯარების რაოდენობა და გააფართოვა ნატოს პოზიციები ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი მანიპულაცია ნატოს წესდების მე-5 მუხლთან დაკავშირებით ადრე რუსულ პროპაგანდისტულ მედიასა და სოციალურ ქსელებშიც აქტიურად ვრცელდებოდა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7).

არქივის ბმულები: იმედი, პოსტვ, მარშალ პრეს, For.Ge;


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნატო
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist