როგორ მანიპულირებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის მონაცემებით?

კითხვის დრო: 6 წუთი

კითხვის დრო: 6 წუთი

ფოტოზე ასახულია დეზინფორმაცია
131
VIEWS

10 ოქტომბერს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა (1;2), რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. იგივე მტკიცება სექტემბერში მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა – მამუკა მდინარაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ გაიმეორეს. 

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

25 სექტემბერს მედიაში ასევე ვრცელდებოდა (1;2;3;4) ინფორმაცია კანონის წინაშე თანასწორობისა და პირადი თავისუფლების ინდექსის შესახებ. მედია მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინდექსის 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა და ევროკავშირისა და NATO-ს წევრ რამდენიმე სახელმწიფოს უსწრებს.   

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საერთაშორისო სიღარიბის დონე ნამდვილად მცირდება, სტატისტიკა, რომლითაც საქართველოს სხვა ქვეყანებს ადარებენ, მანიპულაციურად არის შედგენილი. გარდა იმისა, რომ კონკრეტულ წლებში, მაგალითად, 2012 წელს რიგი ქვეყნების მონაცემები არ გვაქვს, მსოფლიო ბანკმა მითების დეტექტორს დაუდასტურა, რომ სიღარიბის ცვლილების რეიტინგებს არ ადგენენ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში კეთილდღეობის აგრეგატები განსხვავებულია. რაც შეეხება კანონის წინაშე თანასწორობისა და პირადი თავისუფლების ინდექსს, საქართველოს პროგრესი ამ შემთხვევაშიც ნამდვილად აქვს, თუმცა მედია მასალებში არაფერს წერს ფაქტზე, რომ ევროპული ქვეყნების უმეტესობა მსგავს პროგრესს (+0.09) ვერ აჩვენებდა, რადგან მათი მაჩვენებელი უკვე იყო 0.93-ზე მეტი, ხოლო შეფასება მათ 0-დან 1-მდე ენიჭებათ.   

კონკრეტულ მიზეზებს, თუ როგორ არის სტატისტიკები მანიპულაციურად გამოყენებული და რა მნიშვნელოვან დეტალებზე არ ამახვილებენ ისინი ყურადღებას, ქვემოთ თავებში მიმოვიხილავთ:

  • საერთაშორისო სიღარიბის დონე საქართველოში 

საერთაშორისო სიღარიბის დონის მაჩვენებელზე საუბრისას მმართველი პარტიის წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, მათ შორის, 2025 და 2026 წლების პროგნოზებს ეყრდნობიან. ვებ-საიტზე მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაჩვენებელი 2012 წელს 10.67 იყო, ხოლო 2024 წლის პროგნოზი 3.07-ია. მმართველი პარტიის წარმომადგენლები სიღარიბის დონის შემცირების სტატისტიკაზე საუბრობენ და საქართველოს მონაცემებს სხვა ქვეყნებს ადარებენ – ამბობენ, რომ 2012 წელთან შედარებით, 2024 წელს მაჩვენებლის შემცირებას ყველაზე მეტი პუნქტით 5 სახელმწიფო ახერხებს, მათ შორის, საქართველო, შესაბამისად, ქვეყანა მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. რეალურად, სტატისტიკის ამგვარად შედგენა რამდენიმე მიზეზის გამოა მანიპულაციური.   

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

საერთაშორისო სიღარიბის მაჩვენებელი – საქართველო (ფოტო: World Bank) 

პირველი მიზეზი, რის გამო 2012 წელთან მიმართებით 2024 წლის მაჩვენებლებსა და პროგრესზე სტატისტიკის შედგენა მანიპულაციურია, ქვეყნებზე არსებული მონაცემებია. მსოფლიო ბანკის ვებ-საიტიდან მონაცემების ჩამოტვირთვითა და მათი დამუშავებით ნათელი ხდება, რომ სხვადასხვა წელს საერთაშორისო სიღარიბის დონის მაჩვენებელი რიგი ქვეყნების შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის. მონაცემების მიხედვით, საქართველო ხუთეულშია ჩინეთთან, გვინეასთან, ინდონეზიასა და ფილიპინებთან ერთად, თუმცა, დანარჩენი ქვეყნების ნაწილში, რომლებსაც სხვებს ადარებენ, 2012 წლის მონაცემები არ იძებნება.   

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ ტაჯიკეთი, ალბანეთი და უზბეკეთი. 2024 წლის შემთხვევაში ტაჯიკეთის მაჩვენებელი 1.77-ია, ალბანეთის – 1.35, ხოლო უზბეკეთის – 2. თუმცა, თუ 2012 წლის მონაცემებს მოვიძიებთ, რომელსაც სტატისტიკის შედგენისას საწყისად იყენებენ, აღმოვაჩენთ, რომ ამ პერიოდში აღნიშნულ ქვეყნებში საერთაშორისო სიღარიბის მაჩვენებელზე მსოფლიო ბანკს მონაცემი გამოქვეყნებული არ აქვს. უზბეკეთში პირველ მაჩვენებელი 2022 წელს იძებნება, ალბანეთში 2016 წელს, ხოლო ტაჯიკეთში 2015-ში.  

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

საერთაშორისო სიღარიბის ინდექსი – უზბეკეთი 

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

საერთაშორისო სიღარიბის ინდექსი – ალბანეთი 

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

საერთაშორისო სიღარიბის ინდექსი – ტაჯიკეთი 

“მითების დეტექტორი” საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობას დაუკავშირდა. მათ დაგვიდასტურეს, რომ სიღარიბის ცვლილების რეიტინგებს არ ადგენენ, რადგან კეთილდღეობის აგრეგატები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია და შედარებას ვერ ექვემდებარება:

“მოგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი სიღარიბის შეფასებები  მეტწილად ეყრდნობა თითოეული ქვეყნის ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მიერ წარმოებულ შინამეორნეობების ბიუჯეტის კვლევის (Household Budget Survey) მონაცემებს. თუ კონკრეტული ქვეყნის რომელიმე წლის მაჩვენებლები არ არის ასახული, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის შინამეურნეობების კვლევის მონაცემები ბანკისთვის არ არის ხელმისაწვდომი. გარდა ამისა, ბანკი არ ადგენს სიღარიბის ცვლილების რეიტინგებს, რადგან სხვადასხვა ქვეყნების კეთილდღეობის აგრეგატები განსხვავებულია და შედარებას ვერ ექვემდებარება”. 

ამრიგად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საუბრობენ სიღარიბის ცვლილების რეიტინგზე, თუმცა, ქვეყნების ნაწილის მონაცემები იმ წლებში, რომელსაც 2024 წელს ადარებენ, არ იძებნება. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული აგრეგატების გამო, მსოფლიო ბანკი რეიტინგების შედგენას მიზანშეწონილად თავად არ მიიჩნევს. 

  • კანონის წინაშე თანასწორობისა და პირადი თავისუფლების ინდექსი  

მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მედია წერს, რომ საქართველო კანონის წინაშე თანასწორობისა და პირადი თავისუფლების ინდექსის 11 წლიანი გაუმჯობესებით ევროპაში პირველ ადგილზეა, მსოფლიო ბანკი ” დემოკრატიის მრავალფეროვნების” (V-Dem) ინდექსის მიხედვით ადგენს.    

ინდექსი იკვლევს, თუ რამდენად არის საჯარო მმართველობა და კანონები გამჭვირვალე, ასევე, რამდენად მკაცრად აღასრულებენ კანონებს. მისი მიზანია, დაადგინოს, რამდენად სარგებლობენ მოქალაქეები მართლმსაჯულებაზე წვდომით, დაცული საკუთრების უფლებით, იძულებითი შრომისგან თავისუფლებით, გადაადგილების თავისუფლებით, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებითა და რელიგიის თავისუფლებით.   

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

კანონის წინაშე თანასწორობისა და პირადი თავისუფლების ინდექსი – საქართველოს მონაცემები 2012-2023 წლებში 

ინდექსის მიხედვით ქვეყნები 0-დან 1-მდე ქულით ფასდებიან. 2012 წელს საქართველოს მაჩვენებელი 0.77 იყო, მასზე ნაკლები შეფასება ჰქონდა უკრაინას, კოსოვოს, ბელარუსსა და რუსეთს. 2023 წლის მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებელი 0.86-ია. ამ მონაცემით ის უსწრებს კვლავ უკრაინას, კოსოვოს, რუსეთსა და ბელარუსს, ხოლო იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც 11 წლის წინ უფრო მაღალი შეფასება ჰქონდათ, საქართველომ გადაუსწრო პოლონეთს, რუმინეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას.   

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

V-Dem – კანონის წინაშე თანასწორობისა და პირადი თავისუფლების ინდექსი – 2012 წლის მონაცემები 

 მსოფლიო ბანკის მონაცემები

V-Dem კანონის წინაშე თანასწორობისა და პირადი თავისუფლების ინდექსი – 2024 წლის მონაცემები 

რაც შეეხება მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველო პროგრესით ევროპაში პირველ ადგილზეა – ქვეყნის მაჩვენებელი 0.09 ნიშნულით გაუმჯობესდა. მართალია, რომ მსგავსი პროგრესი სხვა არცერთ ევროპულ ქვეყანას არ უჩვენებია, თუმცა მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ცხრილში ნაჩვენები 28 ქვეყნის შეფასება 0.09-ით მარტივი მიზეზით ვერ გაიზრდებოდა – ქვეყნების შეფასება 0-დან 1-მდე მერყეობს, ხოლო 28 ქვეყანას უკვე ჰქონდა 0.93 ან მეტი. მაგალითად, ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთის, გერმანიისა და დანიის მაჩვენებელი 2012 წელს 0.99 იყო, მაქსიმუმზე 0.01-ით ნაკლები. 2023 წელს მსგავსი შეფასება მხოლოდ დანიასა და გერმანიას აქვთ, თუმცა, 0.9-ზე დაბალი შეფასება 11 ქვეყნის შემთხვევაში გვხვდება, მათ შორის, საქართველოს. 

2012 2023
გერმანია (0.99) გერმანია (0.99)
დანია (0.99)  დანია (0.99)
ფინეთი (0.99) ირლანდია (0.98) 
ნორვეგია (0.99) შვედეთი (0.98)
შვედეთი (0.99) ფინეთი (0.98) 
ბელგია (0.98) ესტონეთი (0.98) 
შვეიცარია (0.98)  ბელგია (0.98)
ესტონეთი (0.97) შვეიცარია (0.98)
პოლონეთი (0.97) ჩეხეთი (0.98) 
ნიდერლანდები (0.97) ესპანეთი (0.97) 
საფრანგეთი (0.97) ლატვია (0.96) 
ესპანეთი (0.97) ნიდერლანდები (0.95)
პორტუგალია (0.97)  ნორვეგია (0.94)
ჩეხეთი (0.97) ლიეტუვა (0.94)
ავსტრია (0.97)  საფრანგეთი (0.94)
ირლანდია (0.96) იტალია (0.94) 
დიდი ბრიტანეთი (0.96) ავსტრია (0.94)
ლატვია (0.96) სლოვენია (0.94)
ლიეტუვა (0.96) კვიპროსი (0.94) 
სლოვენია (0.96) საბერძნეთი (0.93)
საბერძნეთი (0.96)  მალტა (0.93)
იტალია (0.95) სლოვაკეთი (0.92)
სლოვაკეთი (0.95) პორტუგალია (0.91)
მალტა (0.95)  ხორვატია (0.91) 
ხორვატია (0.94) ალბანეთი (0.91) 
კვიპროსი (0.94) დიდი ბრიტანეთი (0.9)
სერბეთი (0.93) მოლდოვა (0.9)
უნგრეთი (0.93)  მონტენეგრო (0.9)
ბულგარეთი (0.9) ბულგარეთი (0.89)
ალბანეთი (0.89) სერბეთი (0.87)
მონტენეგრო (0.88) უნგრეთი (0.87)
რუმინეთი (0.88) საქართველო (0.86) 
მოლდოვა (0.86)   პოლონეთი (0.84) 
ბოსნია და ჰერცეგოვინა (0.82)  რუმინეთი (0.84) 
საქართველო (0.77)  ბოსნია და ჰერცეგოვინა (0.8) 
უკრაინა (0.73)  კოსოვო (0.79)
კოსოვო (0.72)   უკრაინა (0.6) 
ბელარუსი (0.63)  რუსეთი (0.31) 
რუსეთი (0.52) ბელარუსი (0.19) 
  • ინდექსებით მანიპულირება

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით მანიპულირება მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ხშირად ხდება. როგორც წესი, გამოყენებულია რეალური მონაცემები, თუმცა შედგენილი რეიტინგები ან “ქართული ოცნების” მხრიდან წარმოდგენილი ინდექსების შეფასებები შეცდომაში შემყვანია, რათა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო ამა თუ იმ მაჩვენებლით ევროკავშირის და NATO-ს წევრებს უსწრებს. მაგალითად, 2024 წლის აპრილში ირაკლი ზარქუა ამტკიცებდა, რომ დასავლური კვლევების მიხედვით, ქვეყანა კანონის უზენაესობით ევროკავშირის 7 და NATO-ს 11 წევრს უსწრებს, მაშინ, როცა მსგავსი მონაცემები ყველაზე სანდო ინდექსებით არ დასტურდება. “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო სასამართლო მიუკერძოებლობის კუთხით აშშ-ს უსწრებს, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს – რეალურად, ინდექსი, რომელზეც ის მიუთითებდა, არა სასამართლო სისტემის პოლიტიკურ მიკერძოებულობას, არამედ სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერ გაძევებას ეხება. ამავე თვეში სამთავრობო ექსპერტმა, გია აბაშიძემ მანიპულაციურად გაავრცელა სამოქალაქო საზოგადოების ინდექსზე V-Dem-ის მონაცემები. მასთან ერთად სამთავრობო მედიაც ამტკიცებდა, რომ ორგანიზაციამ ქართული სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა უარყოფითად შეაფასა, როცა რეალურად აღნიშნული ინდექსის გაუარესება მთავრობაზე დამოკიდებული კრიტერიუმების გაუარესებამ გამოიწვია. 

საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა ინდექსთან დაკავშირებით მთავრობისა და პროსახელისუფლებო მედიის მანიპულაციური მტკიცებების შესახებ ვრცლად გაეცანით მასალებში: 

გარდა ამისა, 2024 წლის მაისში საქართველოში სიღარიბის დონესთან დაკავშირებით რიცხვებით მანიპულირებაზე წერდა სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC). მათი შეფასებით, მედიამ მანიპულაციურად გააშუქა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) განახლებული მონაცემები, რომ ქვეყანაში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს – 11.8%-ს მიაღწია. მედიამ დაასკვნა, რომ 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბეს თავი დააღწია. რეალურად, SJC განმარტავს, რომ საქსტატის მონაცემები აჩვენებს მხოლოდ იმას, საქართველოს ამჟამინდელი მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება სიღარიბეში და არ ეხება მიზეზებს. რეალურად, მაჩვენებელი არაერთი მიზეზით შეიძლება შემცირდეს, მაგალითად, ქვეყნიდან მოსახლეობის მიგრაციის გამო – 2023 წელს საქართველო მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ, 163 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მიზეზებად შეგვიძლია ასევე განვიხილოთ სოციალური შემწეობითა და მასთან დაკავშირებული ბენეფიტებით სარგებლობა და ემიგრანტების გზავნილებზე დამოკიდებულება. 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: მსოფლიო ბანკი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist