როგორ გეგმავს ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

171
VIEWS

20 ივლისს ყოფილმა პარლამენტარმა დემურ გიორხელიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული და აზერბაიჯანის მიერ წარმოებული ბუნებრივი აირის მოცულობა შეადარა. გარდა ამისა, აზერბაიჯანში  ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტზე გიორხელიძე აღნიშნავს, რომ ევროპა თავს იტყუებს და გაუგებარია, როგორ უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით. 

დემურ გიორხელიძის პოსტი გამოცემა “ალიამაც” გამოაქვეყნა.

Screenshot 7 6 როგორ გეგმავს ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას? Screenshot 8 5 როგორ გეგმავს ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას?

გიორხელიძის მტკიცება მანიპულაციურია, რადგან ევროკავშირი რუსული გაზის აზერბაიჯანულით ჩანაცვლებას არ გეგმავს და ის სხვა ქვეყნებთან ერთად ენერგორესურსების დივერსიფიცირების ერთ-ერთი წყაროა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირმა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად და ენერგოსექტორის დივერსიფიკაციისთვის თანამშრომლობა აშშ-სთან, ნორვეგიასთან, დიდ ბრიტანეთთან, ალჟირთან და სპარსეთის ყურის რეგიონთანაც გააღრმავა.

აზერბაიჯანში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის და ენერგოსაკითხებში ევროკომისრის, კადრი სიმსონის ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის საკითხებში პარტნიორობის გაძლიერებისთვის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ევროკავშირისთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდას ითვალისწინებს. ფონ დერ ლაიენის თქმით, უკვე მომავალ წელს სამხრეთის გაზის დერეფნით მიწოდება 8-იდან 12 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ხოლო რამდენიმე წელში აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გაზის იმპორტი 20 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მემორანდუმი აზერბაიჯანსა და ევროკავშირის შორის განახლებადი ენერგიის სექტორში თანამშრომლობის გაძლიერებასაც ითვალისწინებს. 

აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდა არ არის ერთადერთი მიმართულება, რომელზეც ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გასათავისუფლებლად მუშაობს. ამ მიზნისთვის მუშაობა ევროკავშირმა ჯერ კიდევ მარტში დაიწყო.

როგორ და ვისთან თანამშრომლობით გეგმავს ევროკავშირი რუსული გაზის ჩანაცვლებას?

18 მაისს ევროკომისიამ რუსეთზე ევროკავშირის ენერგოდამოკიდებულების აღმოსაფხვრელად გეგმა REPowerEU წარადგინა. გეგმა რამდენიმე მიმართულებას მოცავს: გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია, მწვანე ენერგიის გამოყენების გაზრდა და ენერგიის დაზოგვაზე მუშაობა.

აზერბაიჯანთან თანამშრომლობის გაღრმავება და სამხრეთის კორიდორის მიწოდების გაზრდა ბაზრის დივერსიფიკაციის ნაწილია. თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა ასევე ხმელშუაზღვის ჰაბის განვითარებას ითვალისწინებს. ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ენერგოსექტორში ევროკავშირის პარტნიორები ალჟირი, ეგვიპტე, კვიპროსი და ისრაელი არიან. დივერსიფიკაციის ფარგლებში იგეგმება ასევე თხევადი ბუნებრივი აირის ალტერნატიული მიმწოდებლებისგან იმპორტის გაზრდა. ევროკომისია აღნიშნავს, რომ ჩრდილოეთ ამერიკა, ავსტრალია, კატარი და აღმოსავლეთ აფრიკა ახალი მიმწოდებლები არიან, რომლებიც ამ ბაზარზე გამოჩნდნენ.

ევროკავშირის თანახმად, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირების პროცესი სხვა მიმწოდებლებისგან გაზსადენების საშუალებით გაზის და თხევადი გაზის იმპორტის მოცულობის გაზრდით წარმატებით მიმდინარეობს. აშშ-დან, ნორვეგიიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ალჟირიდან, კატარიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მიწოდების გაზრდის შედეგად 2022 წლის პირველ ნახევარში გასულ წელთან შედარებით ალტერნატიული წაყროებიდან თხევადი გაზის იმპორტი 21 მილიარდი კუბური მეტრით, ხოლო მილსადენებით ბუნებრივი აირის მიწოდება 14 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა.

ივნისში ისრაელს, ეგვიპტესა და ევროკავშირის შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის შედეგადაც ისრაელი ისტორიაში პირველად ევროკავშირს თხევად გაზზს მიაწვდის. სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ბუნებრივი აირი ისრაელიდან მილსალენით ჯერ ეგვიპტეს მიეწოდება, შემდეგ ეგვიპტეში თხევადი გაზის ტერმინალში დამუშავდება და უკვე ეგვიპტიდან თხევადი გაზი ევროკავშირის ბაზარზე გავა.

Screenshot 10 4 როგორ გეგმავს ევროკავშირი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას?
ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონი, ვროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ეგვიპტის ნავთობის და ენერგორესურსების მინისტრი ტარეკ ელ-მოლა, ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი კარინე ელჰარარი კაიროში აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონის გაზის ფორუმზე სამმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერისას. 15 ივნისი.  წყარო: Times of Israel 

ამჟამად ისრაელი ხმელთაშუა ზღვაში ბუნებრივ აირს ორი საბადოდან მოიპოვებს, რომელთა ერთობლივი მოცულობა დაახლოებით 690 მილიარდი კუბური მეტრია. ასევე მესამე საბადოს გამართვის პროცესიც მიმდიანარეობს. აღსანიშნავია, რომ სამხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ევროკავშირი ისრაელსა და ეგვიპტეში ბუნებრივი აირის მოპოვებასა და წარმოების პროექტებში ევროპული კომპანიების ინვესტირებას წაახალისებს.

თხევადი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის მიზნით, ევროკავშირი თანამშრომლობის გაღმავებას და მიწოდების გაზრდას ავსტრალიასთან და იაპონიასთანაც განიხილავს.

ენერგომიმწოდებლების დივერსიფიკაციის გარდა ევროკომისიამ 20 ივლისს ენერგიის წლიურად 15%-ით დაზოგვის გეგმა, Save Gas for Safe Winter (დაზოგე გაზი უსაფრთხო ზამთრისთვის)  წარადგინა. გეგმის ფარგლებში ევროკომისია წევრი სახელმწიფოებისგან მომავალი წლის გაზაფხულამდე გაზის მოხმარების 15%-ით დაზოგვას ითხოვს. ურუსლა ფონ დერ ლაიენის თქმით, 15%-ით მოხმარების შემცირება 45 მილარიდი კუბური მეტრის ეკვივალენტია, ამ მოცულობით გაზის დაზოგვა ევროკავშირს საშაულებას მისცემს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მთლიანად შეუწყვეტს ევროკავშირს გაზის მიწოდებას, წევრი სახელმწიფოებისთვის ზამთრისთვის ბუნებრივი აირის საკმარისი მარაგი დააგროვოს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირის 12 წევრ სახელმწიფოს რუსეთიდან გაზის მიწოდება სრულად ან ნაწილობრივ აქვს შეწყვეტილი. მთლიანობაში რუსეთიდან გაზის მიწოდება გასული წლის იმავე მაჩვენებლის ⅓-ზე ნაკლებია. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ ენერგოსექტორის დივერსიფიკაციისა და მწვანე ენერგიის მიმართულებით მუშაობის გარდა ევროკავშირმა გაზის საერთო საწყობი გამართა, რომელიც ამჟამად 64%-ით არის შევსებული და გაერთიანებისთვის ენერგორესურსების ერთობლივი შესყიდვებისთვის  ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმა შეიქმნა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აზერბაიჯანი, ევროკავშირი, რუსეთი
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist