6 მაისს ფეისბუქ-მომხმარებელმა გიორგი ჩიმაკაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ MEGOBARI აქტის თავდაპირველ ვერსიაში, “რეჟიმის ხელშემწყობთა სიაში” სპორტსმენები – ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და მამუკა გორგოძეც იყვნენ. პოსტს დართული აქვს დოკუმენტის ფოტო, რომელშიც ბოლოს “მხარდამჭერების” ნაწილში აღნიშნულ გვარებს ვკითხულობთ. პოსტის თანახმად, MEGOBARI აქტით სხვებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას და მამუკა გორგოძის დასანქცირებასაც ითხოვდნენ.
პოსტი პროსახელისუფლებო ექსპერტმა, გია აბაშიძემ ფეისბუქ-ჯგუფებში გააზიარა (1;2;3;4;5).
სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოფაბრიკაცია, თითქოს ჯო უილსონის ინიციატივით წარგენილ MEGOBARI აქტში, “რეჟიმის ხელშემწყობთა სიაში” ქართველი სპორტსმენები არიან მოხვედრილი. აღნიშნული დოკუმენტი სახელებითა და გვარებით პირველად 6 მაისს თავად უილსონმა გამოაქვეყნა, მოგვიანებით გავრცელებული გაყალბებული ფოტოს ბოლო ნაწილში გვარები დამატებულია.
დოკუმენტის ფოტოში, რომელსაც გიორგი ჩიმაკაძე ავრცელებს, მითითებულია თარიღი, 2025 წლის მაისი. სწორედ ეს დოკუმენტი გამოაქვეყნა ჯო უილსონმა 6 მაისს საკუთარი X-ის ოფიციალურ გვერდზე.
საზოგადოებისთვის წარსულშიც იყო ცნობილი ინფორმაცია, რომ MEGOBARI აქტი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ სანქციებს ითვალისწინებდა, თუმცა ამ დრომდე რაიმე სახით სია არ გავრცელებულა. სწორედ უილსონის მიერ გამოქვეყნებული სიით გაიგო საზოგადოებამ მათი ჩამონათვალი, ვისაც დასანქცირება ემუქრება. სია დაყოფილია ჯგუფებად, თუ რომელ ორგანოებს წარმოადგენენ ჩამოთვლილი პირები: აღმასრულებელი და სამართალდამცავი; საკანონმდებლო; სასამართლო; საკვანძო სახელმწიფო სტრუქტურები; ბიზნესი; პროპაგანდისტები.
აღნიშნულ სიაში “მხარდამჭერების” ჯგუფი არ გვხვდება. ჩამოთვლილთა შორის არ არიან მოხვედრილი ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური და მამუკა გორგოძე.
გაყალბებული ფოტო ჯო უილსონის გამოქვეყნებული დოკუმენტის პირველი გვერდის იდენტურია და აღსანიშნავია ისიც, რომ შრიფტი, რომლითაც სპორტსმენების სახელები და გვარებია დამატებული, დოკუმენტის შრიფტის სტილისა და ზომისგან განსხვავდება. ფოტოფაბრიკაციაზე შესამჩნევია, რომ წარწერები ორიგინალ ვერსიაზე შემდგომ არის ჩამატებული.

5 მაისს კენჭისყრის შედეგად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა. MEGOBARI წარმოადგენს აბრევიატურას, რომელიც ითარგმნება, როგორც “საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”. კანონპროექტს მხარი ჯამში 349 კონგრესმენმა დაუჭირა და ის ორპარტიული მხარდაჭერით მიიღეს. აქტის ფორმალური დასახელება არის “[აქტი] საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად”. აქტი ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, ამავდროულად, საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლის შემთხვევაში, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე დებს პირობას.
აქტის საბოლოო მიღებამდე ის სენატმაც უნდა მიიღოს. წარმომადგენელთა პალატასა და სენატში საბოლოო დამტკიცების შემდეგ MEGOBARI აქტი აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად გაეგზავნება.
წყაროს შესახებ
გიორგი ჩიკამაძე სისტემატურად აქვეყნებს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს. მის მიერ წარსულში გავრცელებული პოსტების ნაწილი “მითების დეტექტორს” აქვს გადამოწმებული და ყალბ ინფორმაციად მონიშნული (1;2).
სტატია Facebok-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.