2 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ “მითების დეტექტორმა” გამოავლინა 13 ფეისბუქ ანგარიში, რომელთაგან 11 როგორც რეგიონული მედია პოზიციონირებს, 1 როგორც რეგიონის პოპულარიზაციისათვის მოქმედი გვერდი, ხოლო 1 როგორც საზოგადოებრივ-კულტურული გვერდი. რეგიონული მედიის სახელით მოქმედი გვერდები აღწერაში უთითებენ, რომ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენენ, თუმცა უმეტესწილად ამა თუ იმ პარტიის ან ცალკეული პოლიტიკოსის მხარდაჭერას ავლენენ. მათგან 4 (Samegrelo Times • სამეგრელო თაიმს, იმერეთის ხმა • Voice Of Imereti, რუსთავი•news და Info Imereti) არჩევნებამდე რამდენიმე თვით ან კვირით ადრე შეიქმნა. გვერდების ნაწილი მხარდაჭერის ნაცვლად სხვადასხვა პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციას ეწევა.
ეს ფეისბუკ ანგარიშებია:
პარტია/საარჩევნო სუბიექტი |
რეგიონული ფეისბუკ ანგარიში |
|
|
2. პარტია “საქართველოსთვის” მხარდამჭერი 3 ფეისბუკ გვერდი |
|
3. პატრიოტთა ალიანსის მხარდამჭერი 2 ფეისბუკ გვერდი |
|
4. “გირჩი – მეტი თავისუფლების” მხარდამჭერი 1 გვერდი |
|
5. ოპოზიციის მხარდამჭერი და “ქართული ოცნების” დისკრედიტაციის მიზნით მოქმედი 2 რეგიონული ფეისბუკ გვერდი |
- “ქართული ოცნების” მხარდამჭერი რეგიონული ფეისბუკ ანგარიშები, რომლებიც მედიად პოზიციონირებენ
ფეისბუქ გვერდი “თიანეთის მაცნე”, რომელსაც გვერდის აღწერაში ჟურნალისტი აქვს მითითებული, 2017 წლის 3 დეკემბერს შეიქმნა და თავდაპირველად “შრამაზ ერთხმოსანა” ერქვა, გვერდმა სახელი ჯერ 2017 წლის 26 დეკემბერს შეიცვალა და “თამაზ მეჭიაურის მხარდამჭერები” დაირქვა, შემდეგ კი 2018 წლის 4 იანვარს “თიანეთის მაცნედ” იქცა.
თამაზ მეჭიაური 2012-2016 წლებში პარტია “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის დეპუტატი იყო. მან პარტია უთანხმოების გამო 2016 წელს დატოვა და დააფუძნა პარტია “ერთიანი საქართველოსთვის”. იმ პერიოდში, როცა გვერდი მეჭიაურის სახელით ფუნქციონირებდა (2017-2018წ), ის თიანეთის თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებდა (2017-2020 წ). 2018-2020 წლებში გვერდზე თამაზ მეჭიაურის დისკრედიტაციის მიზნით არაერთი პოსტი გამოქვეყნდა.
2021 წელს კი გვერდი თიანეთში “ქართული ოცნები” მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის მხარდაჭერას ეწევა.
გვერდს ამჟამად დასპონსორებული აქვს 2 პოსტი, რომელთანა ერთი თიანეთში კულტურის სახლის გახსნაზე იუსიტიციის მინისტრის ჩამოსვლას შეეხება და ლევან წიკლაურის და ქართული ოცნების მხარდამჭერი თაგები ერთვის; მეორე დასპონსორებული პოსტი კი ერთი მხრივ მმართველი პარტიის კანდიდატის მხარდაჭერას გამოხატავს, მეორე მხრივ, კონკურენტების წინააღმდეგაა მიმართული.
ფეისბუქ გვერდს “Guria Times • გურია თაიმსი” აღწერაში მითითებული აქვს, რომ მათი მიზანი საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და ალტერნატიულ წყაროებზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფაა. გვერდი აქტიურად აზიარებს ოზურგეთის მოქმედი მერის, კონსტანტინე შარაშენიძის წინააღმდეგ მიმართულ სიუჟეტებს და “ქართული ოცნების” მხარდამჭერ პოსტებს. გვერდი 2015 წლის 27 აგვისტოს შეიქმნა და თავდაპირველად Georgian Wall Street ერქვა. 2019 წლის 14 მაისს გვერდმა “ShareBook • შეარბუქი” დაირქვა, 2021 წლის 30 ივლისს კი გურია თაიმსად გადაკეთდა.
გვერდს არაერთი პოსტი აქვს დასპონსორებული, მათი უმეტესობა სწორედ ოზურგეთის მოქმედი მერის დისკრედიტაციის და “ქართული ოცნების” კანდიდატის მხარდაჭერისკენაა მიმართული. კონსტანტინე შარაშენიძე 2021 წელს, ისევე როგორც 2017 წელს ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია. “ქართულმა ოცნებამ” ოზურგეთში მერობის კანდიდატად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ გურია თაიმსმა 2020 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 25 სექტემბრამდე Facebook-ზე რეკლამებში 495 აშშ დოლარი დახარჯა. მათი უმეტესობა წინასაარჩევნო პერიოდშია განთავსებული და შარაშენიძის დისკრედიტაციას და ავთანდილ თალაკვაძის მხარდაჭერას ემსახურება. წარსულში გვერდის რამდენიმე პოსტს რეკლამის ფუნქცია Facebook-მა რეკლამის წესების დარღვევისათვის შეუჩერა.
Facebook გვერდი “Samegrelo Times • სამეგრელო თაიმს”, რომელსაც გვერდის აღწერაში მითითებული აქვს, რომ სამეგრელოში ახალ ამბებს ავრცელებს, 2021 წლის 13 აგვისტოს შეიქმნა. გვერდის თითქმის ყველა პოსტი წინასაარჩევნო კამპანიას შეეხება.
გვერდზე აქტიურად ვრცელდება “ქართული ოცნების” ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ მიმართული პოსტები. მათ შორის ინფორმაცია გიორგი გახარიას პარტიიდან ამა თუ იმ პირის წასვლის თაობაზე და ზუგდიდის ყოფილი მერის, ამჟამად გახარიას პარტიის წევრის გიორგი შენგელიას კრიტიკა.
ასევე ნაციონალური მოძრაობის და მათი მერობის კანდიდატის ანზორ მელიას დისკრედიტაციისკენ მიმართულ პოსტებს.
ასევე სამეგრელოში “ქართული ოცნების” კანდიდატების მხარდამჭერ პოსტებს.
ფეისბუქ გვერდი Adjara News, რომელიც 2020 წლის 20 მარტს შეიქმნა, სხვა ახალ ამბებთან ერთად “ქართული ოცნების” ხულოს მერობის კანდიდატის, ვახტანგ ბერიძის მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს აქტიურად აშუქებს. შექმნილია ალბომი სახელმწოდებით “ვახტანგ ბერიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს”. გვერდზე გადაზიარებულია ვახტანგ ბერიძის ოფიციალური გვერდიც. გვერდზე ასევე აქტიურად ქვეყნდება ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შესახებ.
რაც შეეხება ქართული ოცნების ოპონენტებს, მათ შესახებ გვერდზე გამოქვეყნებულია მხოლოდ ის ინფორმაცია, რომ პარტიების რიგები მათმა წარმომადგენლებმა დატოვეს.
ფეისბუქ გვერდი STV სამეგრელო, რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს, რომ ახალი ამბების სააგენტოა, 2016 წლის 31 ივლისს სახელწოდებით ზუგდიდი შექიმნა, შემდგომში სახელი არაერთხელ შეიცვალა და საბოლოოდ STV.GE 2020 წლის 17 ივლისს დაირქვა. წინასაარჩევნო პერიოდში გვერდი ზუგდიდში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის, მამუკა წოწერიას წინასაარჩევნო აქტივობებს აქტიურად აშუქებს და ამასთანავე აქვეყნებს კრიტიკულ და ნეგატიურ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” და პარტია “საქართველოსთვის” შესახებ, მათ შორის აზიარებს ტელეკომპანია იმედის სიუჟეტებს.
- პარტია “საქართველოსვის” მხარდამჭერი რეგიონული ფეისბუკ ანგარიშები
გარდა “ქართული ოცნებისა” სოციალურ ქსელებში გამოჩნდა რეგონული მედიის სახელით მოქმედი გვერდები, რომლებიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას და მისი პარტიის “საქართველოსთვის” მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ.
2021 წლის 20 აგვისტოს შეიქმნა გვერდი Voice of Imereti, რომელმაც 21 აგვისტოს სახელი შეიცვალა და იმერეთის ხმა • Voice Of Imereti გახდა. გვერდის აღწერის მიხედვით, ის მედიას წარმოადგენს, თუმცა აქტიურად აზიარებს პარტია „საქართველოსთვის“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის, სანდრო სახვაძის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტებს.
კიდევ ერთი ფეისბუქ გვერდი, რომელიც ხშირად აზიარებს იმერეთის ხმის პოსტებს, გიორგი გახარიას მხარდამჭერ პოსტებს და პოსტებს პარტია “საქართველოსთვის” ტყიბულის მერობის კანდიდატის სანდრო სახვაძის ოფიციალური გვერდიდან “ჟრუანტელია”, რომელიც რეგიონული მედიის სახელით არ პოზიციონირებს და მითითებული აქვს, რომ საზოგადოებრივ-კულტურულ გვერდს წარმოადგენს, ხოლო გვერდის აღწერაში წერს, რომ მასზე ექსკლუზიური მასალაა განთავსებული. გვერდი 2016 წლის 28 დეკემბერს შეიქმნა სახელით “Jeunesse-საქართველოში”, 2017 წლის 2 თებერვალს სახელი შეიცვალა და გახდა Herbalife-სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრება, 2017 წლის 15 სექტემბერს – “როცა მთები გეძახის”, 2019 წლის 8 ოქტომბერს სახელი კიდევ ერთხელ გადაერქვა და “როცა ჟრუანტელი გაგივლის” გახდა, 2019 წლის 8 ნოემბერს კი – “ჟრუანტელი”.
ფეისბუქ გვერდი სამეგრელო • Samegrelo 2020 წლის 24 სექტემბერს შეიქმნა და აღწერის მიხედვით, რეგიონის პოპულარიზაციას ეწევა. “გაიცანი სამეგრელო და მისი ულამაზესი ბუნება, იმოგზაურე ჩვენი გვერდის საშუალებით სამეგრელოში” – ვკითხულობთ გვერდის აღწერაში. წინასაარჩევნო პერიოდში გვერდი აქტიურად ავრცელებს გიორგი გახარიას, მისი პარტიის და ზუგდიდის მერობის კანდიდატის, ყოფილი მერის, გეგა შენგელიას მხარდამჭერ პოსტებს.
26 სექტემბერს გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლიც “ქართული ოცნების” მიერ ჩატარებული კვლევის ყალბი შედეგებს მოიცავდა. “მითების დეტექტორის” მიერ აღნიშნული პოსტის ფეისბუკზე ყალბად მონიშვნის შემდეგ, იგი გვერდზე აღარ იძებნება. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
გახარიას მხარდამჭერი გვერდი “ქართული ოცნების” კვლევის ყალბ შედეგებს ავრცელებს
- “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატის მხარდამჭერი რეგიონული ფეისბუკ მედია გვერდები
ფეისბუქ გვერდი “Chiatura News”, რომელსაც აღწერაში მითითებული აქვს, რომ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მხოლოდ ობიექტურ ინფორმაციას ავრცელებს, 2014 წლის 12 მარტს შეიქმნა და თავდაპირველად გიორგი კასრაძე ერქვა, ჭიათურა ნიუსად კი 2014 წლის 29 მარტს გადაკეთდა. წინასაარჩევნო პერიოდში გვერდი ავრცელებს “პარტიოტთა ალიანსიდან” ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი კასრაძის მხარდამჭერ პოსტებს. 2021 წლის ადგილობრიცი თვითმმართველობის არჩევნებამდე გიორგი კასრაძე “პატრიოტთა ალიანსთან” დაკავშირებული ტელეკომპანია “ობიექტივის” წამყვანი იყო . კასრაძის მხარდამჭერი პოსტები გვერდზე აქტიურად ქვეყნდებოდა 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდშიც, მანამდე კი გვერდი აქტიურად აზიარებდა პოსტებს გიორგი კასრაძის ფეისბუქ პროფილიდან.
კიდევ ერთი ფეისბუქ გვერდი, რომელიც სატელევიზიო გადაცემის სახელით პოზიციონირებს და გიორგი კასრაძის მხარდამჭერ პოსტებს ავრცელებს “ჭიათურის საათია”. გვერდი 2015 წლის 18 იანვარს შეიქმნა და ამჟამად დასპონსორებული აქვს გიორგი კასრაძის და ჭიათურის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსიდან” კანდიდატების, ტარიელ მიქაცაძის და გიორგი ნეფარიძის წინასაარჩევნო პოსტები. მსგავს პრაქტიკას გვერდი 2020 წლის არჩევნების დროსაც ეწეოდა. ჯამში 2020 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 26 სექტემბრამდე გვერდს გიორგი კასრაძის რეკლამაში 353 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.
- “გირჩი – მეტი თავისუფლების” კანდიდატის მხარდამჭერი რეგიონული ფეისბუკ გვერდი
ფეიბუქ გვერდი ხაშურის მუნიციპალიტეტი • Khashuri Municipality, რომელსაც აღწერაში მედია სააგენტო khashurinews.ge აქვს მითითებული, 2011 წლის 27 თებერვალს შეიქმნა და ხაშურში პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” საკრებულოს სიის პირველი ნომრის, თინათინ ბოლოკაძის მხარდამჭერ პოსტებს და “ქართული ოცნების” და ხაშურის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ვალერი გელაშვილის საწინააღმდეგო პოსტებს აზიარებს, რომელმაც კანდიდატურა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ მოხსნა.
- სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი და “ქართული ოცნების” მადისკრედიტებელი რეგიონული ფეისბუკ მედია გვერდები
Info Imereti, რომელიც პოზიციონირებს როგორც რეგიონული მედია სააგენტო, არჩევნებამდე 1.5 თვით ადრე, 2021 წლის 19 აგვისტოს შეიქმნა. ვებ-გვერდი Infoimereti.ge, საიდანც ფეისბუქ გვერდზე ახალი ამბები ზიარდება, 2021 წლის 29 ივნისსაა რეგისტრირებული. გვერდი აქტიურად აშუქებს რეგიონში, კონკრეტულად კი ქუთაისში ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას, პარალელურად კი “ქართული ოცნების” კამპანიას ნეგატიური და დამცინავი შინაარსის პოსტებს უძღვნის.
ფეისბუქ გვერდი რუსთავი•news 2021 წლის 2 ივლისს შეიქმნა. გვერდი აქტიურად აქვეყნებს “ქართული ოცნების” დეპუტატის, ამჟამად რუსთავის მერობის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძის და “ქართული ოცნების” სხვა წევრებისადმი კრიტიკულ პოსტებს.