15-16 ივნისს ფეისბუკის სხვადასხვა ჯგუფსა და ანგარიშზე (1, 2, 3, 4, 5, 6) აქტიურად გავრცელდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის გამოსვლიდან 12-წამიანი ვიდეო, რომელშიც ის ამბობს: როდესაც ჩავდებთ ინვესტიციას სუფთა ენერგიაში, ელექტრომობილებში და შევამცირებთ მოსახლეობას, უფრო მეტ ჩვენს ბავშვს შეეძლება სუფთა ჰაერის სუნთქვა და სუფთა წყლის დალევა. ანგარიშები წერენ, რომ აშშ-ს მოსახლეობის შემცირება სურს და ამას აღარც მალავს.
იგივე ვიდეო ფეისბუკსა და Thread-ის ანგარიშებზე 2023 წელსაც ვრცელდებოდა.
კამალა ჰარისის ვიდეო სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. გავრცელებულ ვიდეოში ის სუფთა ენერგიის პროგრამებში ინვესტიციაზე საუბრობდა და შეცდომით, დაბინძურების შემცირების (reduce pollution) ნაცვლად მოსახლეობის შემცირება თქვა (reduce population). თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ტრანსკრიპტში შეცდომა გასწორებულია და reduce pollution, ანუ დაბინძურების შემცირება წერია.
ბაიდენის ადმინისტრაციის პროგრამის “ინვესტირება ამერიკაში” ტურის ფარგლებში გამართულ ბოლო ღონისძიებაზე, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა 2023 წლის 14 ივლისს კოპინის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალაქ ბალტიმორში, მერილენდის შტატში ისაუბრა. სიტყვით გამოსვლილას ჰარისმა 20 მილიარდი დოლარის ინვესტიცია გამოაცხადა სუფთა ენერგიის ინიციატივებში. ჰარისმა თქვა: “როდესაც ჩავდებთ ინვესტიციას სუფთა ენერგიაში, ელექტრომობილებში და შევამცირებთ მოსახლეობას, უფრო მეტ ჩვენს ბავშვს შეეძლება სუფთა ჰაერის სუნთქვა და სუფთა წყლის დალევა.”
კამალა ჰარისმა შეცდომით, დაბინძურების შემცირების (reduce pollution) ნაცვლად მოსახლეობის შემცირება თქვა (reduce population).
თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ტრასკრიპტში სიტყვა population გადახაზულია და ჩანაცვლებულია სიტყვით pollution. თუმცა, სოციალურ ქსელში მხოლოდ ის ნაწილი გავრცელდა, სადაც ჰარისი შეცდომით მოსახლეობის შემცირებას ამბობს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოსახლეობის შემცირება სურს.

გავრცელებული ვიდეო ამერიკულმა ფაქტების გადამოწმების ორგანიზაცია factcheck.org-მაც გადაამოწმა.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.