27 აგვისტოს რუსულენოვანმა ანონიმურმა ფეისბუკ-ანგარიშმა გამოაქვეყნა ბრიტანული გაზეთის The Times სქრინშოთი აღწერით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აფრიკას გადასცა 50 მილიონი ვაქცინა ჩუტყვავილას წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი 1987 წლის 11 მაისს The Time-ის სტატია გამოქვეყნდა სათაურით: “ჩუტყვავილას ვაქცინამ შიდსის ინფექციების ტალღა გამოიწვია “.
ბრიტანულ The Times – ში აღნიშნული სტატია 1987 წლის 11 მაისს ნამდვილად გამოქვეყნდა, თუმცა 2 დღეში, 13 მაისს, გაზეთმა ჯონათან მანის, ჯანმოს მაშინდელი შიდსის პროგრამის დირექტორის პასუხი გამოაქვეყნა, რომელმაც ჩუტყვავილას ვაქცინასა და შიდსის გავრცელებას შორის კავშირი უარყო.
The Times – ის სქრინშოთი 2022 წელს AFP-ის ფაქტების გადამოწმების სამსახურმა გადაამოწმა. AFP-ის მიხედვით, 1987 წლის 11 მაისს The Times -მა აღნიშნული სტატია ნამდვილად გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჯანმო სწავლობს „მეცნიერულ მტკიცებულებას, რომლის მიხედვითაც ვარაუდობენ, რომ ჩუტყვავილას ვაქცინით იმუნიზაციამ გააღვიძა ინფექცია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (HIV)”.
აღნიშნული მტკიცების გასამყარებლად ავტორს მოჰყავს ანონიმური წყარო, რომელიც ჯანმო-ს მრჩევლად არის წარმოჩენილი. წყარო კი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის მაგალითზე გვიამბობს, რომელსაც, სავარაუდოდ, აივ-ის სიმპტომების განვითარება ჩუტყვავილას ვაქცინით მრავალჯერადი ვაქცინაციიდან ორნახევარი კვირის შემდეგ დაეწყო და მალევე გარდაიცვალა.
ამ სტატიის გამოქვეყნებიდან ზუსტად ორ დღეში, 13 მაისს, The Times-მა ჯანმოს მაშინდელი შიდსის პროგრამის დირექტორის, ჯონათან მანის პასუხიც გამოაქვეყნა, რომელშიც მანი უარყოფს კავშირს ჩუტყვავილას ვაქცინასა და შიდსის გავრცელებას შორის. იგი ამბობს, რომ აღნიშნული ბევრი სხვა დაუსაბუთებელი სპეკულაციის გაგრძელებაა, რეალურად კი არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ჩუტყვავილას გლობალური იმუნიზაციის პროგრამა შიდსის გავრცელებას უკავშირდება.
„ჩუტყვავილა უძველესი ინფექციაა და ვაქცინა ფართოდ გამოიყენებოდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში არც ჩუტყვავილას ვირუსი და არც ჩუტყვავილას ვაქცინა (რომელიც შეიცავს დასუსტებულ ვირუსს) არ უკავშირდებოდა არცერთი სხვა ვირუსის წარმოშობას”, წერს ჯონათან მანი.
ჯონათან მანი ასევე დასძენს, რომ, გლობალურად, ჩუტყვავილას აღმოფხვრასა და შიდსის გავრცელების გეოგრაფიული განაწილება დროში არ ემთხვევა. მისი თქმით, აზიაში, სადაც 1967 წლიდან 1972 წლამდე ასობით მილიონი ადამიანი აიცრა ჩუტყვავილას ვაქცინით, შიდსი იშვიათად გვხვდებოდა.
Times-ის სტატიის გამოქვეყნების მომდევნო დღეებში, ასევე გავრცელდა სხვა მედიასაშუალებების სტატიები, რომელთა მასალებშიც ექიმები, ასევე ჯანმო-ს ოფიციალური პირები, უარყოფენ რაიმე კავშირს ჩუტყვავილას ვაქცინაციასა და აივ ეპიდემიას შორის.

ნებისმიერმა იმუნურმა სტიმულირებამ შესაძლოა გააღვიძოს მიძინებული ვირუსი, მაგრამ ვერ გამოიწვევს “ინფექციების ტალღას”
AFP-ის გამოკითხული მეცნიერების აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაციამ ზოგიერთ შემთხვევაში გაააქტიუროს მიძინებული აივ ვირუსი, რომელიც უკვე იმყოფება აცრილი ადამიანების სხეულში.
“როდესაც შიდსით ხართ ინფიცირებული, ზოგიერთი უჯრედი ინფიცირდება, მაგრამ არ გამოიმუშავებს ვირუსს. როდესაც ეს T უჯრედები ამოიცნობენ იმუნურ სტიმულს (როგორიცაა ვაქცინა ან ვირუსი, რომელიც შედის სხეულში, რედაქტორის შენიშვნა),ისინი პასუხობენ და იყოფიან. ამან შესაძლოა მიძინებული აივ ვირუსი “გააღვიძოს” და გამოხატოს საკუთარი თავი”, – თქვა რობერტ გალომ AFP-ისთან.
გარდა ამისა, მიქაელა მიულერ-ტრუტუინმა AFP-ისთან განაცხადა, რომ ვაქცინის მსგავსად, მიძინებული ვირუსის გამოღვიძება სხვა ინფექციასაც შეუძლია და ეს აივ ინფექციის მკურნალობისთვის გამოიყენება.
იმუნური სისტემის სტიმულირებით, „ჩვენ ვცდილობთ გამოვიყვანოთ ვირუსი მისი ლატენტური რეზერვუარებიდან და შემდეგ აღმოვფხვრათ იგი“, – განმარტა მიქაელა მიულერ-ტრუტუინმა.
მიულერ-ტრუტუინმა ასევე დასძინა, რომ “ჩუტყვავილას ვაქცინაციის კამპანიის დროს, „მილიონობით ადამიანი იყო აცრილი მთელს მსოფლიოში და მიუხედავად ამისა, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა შიდსის ეპიდემია“.
AFP-ის გამოკითხული ექსპერტების აზრით, ეს შემთხვევები არ შეიძლება იყოს შიდსის ეპიდემიის ან აივ-ით „ინფექციების ტალღის“ მიზეზი.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.