17 ივლისს კონსერვატიული პლატფორმის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” ფეისბუქ-გვერდზე “Georgia First NEWS” აშშ-ის კალიფორნიის შტატში მიღებული ახალი კანონის შესახებ ორი პოსტი (1, 2) გამოქვეყნდა. პოსტების თანახმად, კალიფორნიის ახალი კანონი, სკოლის მოსწავლეების მიერ მშობლის თანხმობის გარეშე სქესის შეცვლის სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემთხვევაში, სკოლებს მშობლების ინფორმირებას უკრძალავს.
მტკიცება, თითქოს კალიფორნიის შტატში მიღებული კანონი სკოლებს იმ მშობლების ინფორმირებას უკრძალავს, რომელთა შვილებიც სქესს მათი თანხმობის გარეშე შეიცვლიან, დეზინფორმაციაა. რეალურად, უკვე დამტკიცებული კანონპროექტი No.1955 სკოლებს მოსწავლეების ნებართვის გარეშე მათი გენდერულ იდენტობასა და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებას უკრძალავს. კალიფორნიის შტატში არასრულწლოვნებს სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო სერვისების მისაღებად მშობლის ან მეურვის თანხმობა სჭირდებათ.
15 ივლისს კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად სკოლების მხრიდან ლგბტქ+ სტუდენტების სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ან გენდერული გამოხატვის გაცხადებისგან დაცვას ისახავს.
კანონი სკოლებში მომუშავე პერსონალის მხრიდან სხვა ნებისიერი პირისთვის მოსწავლეების ნებართვის გარეშე მათი გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციისა და მათ შორის სასურველი ნაცვალსახელების (Pronouns) გამჟღავნების მოთხოვნას აკრძალავს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
კანონპროექტ No.1955-ის ტექსტში სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები ნახსენები საერთოდ არ არის.
კანონპროექტის ავტორ კრის უორდის თქმით, ბევრი ლგბტქ+ ახალგაზრდა, შესაძლოა, ოჯახების მხრიდან უარყოფისა და სერიოზული ზიანის წინაშე დადგეს, თუ საკუთარი იდენტობის გამჟღავნებას ნაადრევად აიძულებენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აზრით კი, ის სკოლებსა და მშობლებს შორის გამჭვირვალობას შეუშლის ხელს.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის შტატში არასრულწლოვნებს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის, მათ შორის გენდერის ტრანზიციის სერვისების მისაღებად, მშობლის ან მეურვის ნებართვა სჭირდებათ.
ორგანიზაცია “Planned Parenthood”, რომელიც კალიფორნიის შტატში ჰორმონალური თერაპიის სერვისს 16 წელს ზემოთ მყოფ პაციენტებს სთავაზობს, საკუთარ ვებგვერდზე აღნიშნავს, რომ სერვისის მისაღებად ორივე მშობლის თანხმობა აუცილებელია.
კალიფორნიაში არასრულწლოვნების მიერ მშობლების თანხმობის გარეშე სქესის შეცვლასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია გასულ წელსაც ვრცელდებოდა:
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.