ვინ აქცია ადგილობრივი რძის სკანდალი ანტიდასავლური შეთქმულების ნაწილად?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

რძის სკანდალი
2.8k
VIEWS

2025 წლის მარტის ბოლოს “რადიო თავისუფლების” გამოძიებით დადგინდა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ბიზნესმენის, ლაშა პაპაშვილის მერძეული მიმართულების ფერმა “ყვარლის ბაგა” ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა. “ყვარლის ბაგამ”  2018 წელს “ჩირინასგან” 2,700 ტონა ნაკელი შეიძინა, რამაც, მათი მტკიცებით, საქონელი მოუკლა და რძე გააფუჭა. სასამართლოში წარდგენილი ანალიზებით ნაკელი ტეტრაციკლინს შეიცავდა, რის გამოც “ყვარლის ბაგამ” “ჩირინას” უჩივლა.

გარდა ამისა, 3 აპრილს სურსათის უვნებლობის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფლის ნობათის” რძის ხუთ ნიმუშში კანცეროგენი აფლატოქსინი M1 (AFM1) დასაშვებზე მაღალი დოზით დაფიქსირდა. ეს ცნობები სოციალურ ქსელებში სხვადასხვა, მათ შორის “კონსერვატიული მოძრაობის” მხარდამჭერმა, ასევე ანტივაქსერულმა ჯგუფებმა კონსპირაციული თეორიების შესაქმნელად და ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად გამოიყენეს. 

ტარაკნის რძე და “გლობალისტების გეგმა” ტრადიციული კვების ჩანაცვლებაზე

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კონსპირაციის თეორიები მოიცავს “ყვარლის ბაგის” თემის ალტერნატიული ცხოველური პროდუქციის განვითარებასთან დაკავშირებას, როგორიცაა, მაგალითად, ტარაკნის რძე. აქტიურად გავრცელდა ერთ-ერთი სტატიის სქრინშოტები, სადაც ნათქვამია, რომ ტარაკნის რძის ბიოქიმიური შემადგენლობა შესწავლილია როგორც შესაძლო საკვები მომავლისთვის. ფეისბუქზე სხვადასხვა ჯგუფები ამტკიცებენ, რომ საქართველოში რძის სკანდალი ხელოვნურია, რათა ძროხის რძე ტარაკნის რძით ჩაანაცვლონ. ამ გზავნილების თანახმად, დასავლეთის მიერ თავს მოხვეული „გაყალბებული აგრარული პოლიტიკის“ მიზანი არაბუნებრივი საკვების პოპულარიზაციაა (1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8). 

რეალურად, ტარაკნის რძე არც დამტკიცებული და არც რეკომენდებული საკვები არ არის – მას მხოლოდ სამომავლო ალტერნატიული პროდუქტის კუთხით იკვლევენ.

პოსტებში ასევე ხაზგასმულია, რომ კლიმატის ცვლილების და ვეგანური დღის წესრიგის სახელით ტრადიციული საკვები პროდუქტების ბიოტექნოლოგიური პროდუქციით ჩანაცვლება ხდება, რის გამოც მიმდინარეობს  მცენარეულზე, ხოლო შემდგომ — მწერებზე დაფუძნებულ საკვებზე გადასვლის იდეის პროპაგანდა (1, 2, 3, 4). ამ ნარატივში კლიმატური ცვლილება განიხილება როგორც გამოგონილი ან განზრახ გადაჭარბებული საფრთხე, რომელიც გამოიყენება დასავლეთის და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებისთვის.

 რძის სკანდალი

“მიზანმიმართული შეტევა ადგილობრივ სოფლის მეურნეობასა და ბუნებრივ პროდუქტებზე”

პარალელურად სოციალური ქსელის მომხმარებელთა (1,2,3,4,5,6) ნაწილი აღნიშნავდა, რომ ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე შეტევა მიზანმიმართული კამპანიაა, რომლის მიზანია გაანადგუროს ადგილობრივი რძის წარმოება და მის ნაცვლად ხალხს შესთავაზონ გაუგებარი და პოტენციურად საზიანო პროდუქცია.

მაგალითად, ფეისბუქ მომხმარებლები, რომლებიც კონსპირაციის თეორიების გავრცელებით გამოირჩევიან, ამტკიცებდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ქართულ რძეში სახიფათო ნივთიერებები აღმოაჩინეს, ქართულ ბაზარზე ევროპული პროდუქცია გამოჩნდა. მათი მტკიცებით, “სოფლის ნობათის” რძის მომწამვლელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია განზრახ ვრცელდება, რათა ის ევროპული პროდუქციით ჩანაცვლდეს.

რეალურად, ევროპული რძე დიდი ხანია რაც ქართულ სუპერმარკეტებში იყიდება და ბაზარზე 2025 წლის აპრილში არ გამოჩენილა. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ პაპაშვილის ფერმასთან დაკავშირებული დავა გამოააშკარავა, ხოლო სურსათის უვნებლობის სამსახურმა “სოფლის ნობათის” რძის ნიმუშებში კანცეროგენი აღმოაჩინა, სხვადასხვა კომპანიებმა, მათ შორის ქართულმა ბრენდებმა, თავიანთი რძის პროდუქტების დარეკლამება დაიწყეს, რაც, რეალურად მარკეტინგული გათვლაა და არა “ახლადშემოტანილი პროდუქტის გასაღების” მცდელობა.

რძის სკანდალი

რა ვიცით ტარაკნის რძეზე?

ტარაკნის რძე პოტენციური „სუპერ-საკვებია“, რადგან ის შეიცავს ცილების, ცხიმების, შაქრების და ყველა აუცილებელი ამინომჟავის მაღალ კონცენტრაციას. კვლევებმა აჩვენა, რომ წყნარი ოკეანის სახეობის (Diploptera punctata) წარმოშობილი რძის კრისტალები, რომლითაც მწერი თავის ემბრიონებს კვებავს,  თითქმის სამჯერ მეტად კალორიულია, ვიდრე კამეჩის რძე. მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ ტარაკნის რძე ლაბორატორიაში აღმოჩნდა, როგორც მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტი (მაგალითად, ხოჭოს რძე), არ ნიშნავს იმას, რომ ის უკვე მზადაა ადამიანების ყოველდღიურ რაციონში შესასვლელად. ტარაკნის ის სახეობა, რომელიც “რძეს” გამოიმუშავებს — Diploptera punctata — განსხვავდება სხვა ტარაკნებისგან: ის შობს ცოცხალ შთამომავლობას და გამოიმუშავებს საკვებ სითხეს მათთვის.  არსანიშნავია, რომ სხვა ცოცხალი არსებების მსგავსად, ამ სახეობის ტარაკანა კვებავს თავის ემბრიონებს ცილებით მდიდარი სითხით, რომელიც მისი საშვილოსნოს მსგავსი სანაყოფე ჩანთიდან გამოიყოფა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სითხით ტარაკნის საშვილოსნოში მყოფი ჩანასახები იკვებებიან. მას შემდეგ, რაც ემბრიონი სითხეს შთანთქავს, მის შუა ნაწლავში ცილის კრისტალები ვითარდება.  სწორედ ამიტომ, მაღალი კვებითი ღირებულების მქონე სითხის მიღება რთული, შრომატევადი, არაეფექტიანი პროცესია, რომელიც ასევე ეთიკურ დილემებთანაც არის დაკავშირებული.  იმისთვის, რომ რძის მცირე რაოდენობა მაინც “გამოიწველოს”, საჭიროა მილიონობით ტარაკანის მოკვლა. ასევე, არ არსებობს ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხოჭოების მასობრივ მოშენებასა და “მოწველას” შეძლებს. შესაბამისად, მისი წარმოება ეკონომიკურად და ლოჯისტიკური კუთხით ამჟამად შესაძლებელი არ არის. 

საყურადსაღებოა ისიც, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილი ახალი საკვები პროდუქტები მოწმდება სხვადასხვა კუთხით, მათ შორისაა: ტოქსიკურობის გამოვლენა, ალერგიული რეაქციების შეფასება, გრძელვადიანი ჯანმრთელობის ეფექტების ანალიზი. ამ ეტაპზე ტარაკნის რძეზე არ ჩატარებულა საკმარისად სანდო კლინიკური კვლევები, შესაბამისად, არც ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანო არ ადასტურებს, რომ ადამიანებისთვის მისი საკვებად გამოყენება უსაფრთხო იქნება. 

მტკიცება, რომ საქართველოში ძროხის რძის სკანდალი დაკავშირებულია ტარაკნის რძის პოპულარიზაციასთან, შეთქმულების თეორიაა. ასევე, შეთქმულების თეორიაა მტკიცება, თითქოს ტარაკნის რძის პოპულარიზაცია გლობალური ელიტების გეგმის ნაწილია და ცხოველური პროდუქტების ჩანაცვლებას მწერებზე დაფუძნებული საკვებით ისახავს მიზნად. მეცნიერების ინტერესი ტარაკნის რძის მიმართ უკავშირდება ალტერნატიული, მდგრადი ცილების ძიებას მომავლის საკვებისთვის, თუმცა ამ ეტაპზე ის არ გამოიყენება ადამიანის რაციონში, შესაბამისად,  მისი მოხმარების შესახებ დისკუსიები სპეკულაციურია.

ვინ ავრცელებს შეთქმულების თეორიებს ძროხის რძის ტარაკნის რძით ჩანაცვლების შესახებ?

სოციალურ ქსელში რძის სკანდალთან დაკავშირებით აქტიურობდნენ ანტივაქსერული და შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ჯგუფები, რომელთა ნაწილიც ულტრამემარჯვენე და პრორუსული აქტორების მხარდაჭერითაც გამოირჩევა.

კოვიდ პანდემიის დასრულების შემდეგ, ანტივაქსერების ყურადღებას ახალ-ახალი კრიზისები იპყრობს, მათ შორის იყო 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაც, რა დროსაც, ისინი  ცდილობდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში გაემართლებინათ და ომი ახალი მსოფლიო წესრიგის შემადგენელ ნაწილად, პანდემიის შემდგომი ნაბიჯად წამოჩინათ. ანტივაქსერებისა და კონპირაციული თეორიების მიმდევრების მსგავსი ქცევა მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანების ეს ჯგუფი ნებისმიერი მოვლენის ინტერპრეტაციას იმ კუთხით ცდილობს, რაც გაამყარებს უნდობლობას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლური ინსტიტუტების მიმართ.

კოვიდ პანდემიიდან მოყოლებული ვაქცინაციის საფრთხეებზე, ახალი მსოფლიო წესრიგის შესახებ კონსპირაციებსა და მსოფლიოს მმართველ ელიტებზე ძირითადად, ერთი და იგივე ანგარიშები წერენ.  მათ მიერ გავრცელებულ  დეზინფორმაციას, კონსპირაციის თეორიებსა და ანტიდასავლური შინაარსის “მითების დეტექტორი” მუდმივად ამოწმებს. ასეთ ანგარიშებს შორის არიან:  Fant ina, Gvan Ca, მაია თვალთვაძე, Koba Jakobia, Giorgi Giorgi, თამარი’ ონი (ნამდვილი მეგობარი).

ფეისბუკ ანგარიშს თამარი’ ონი თავის პოსტების უმრავლესობაში ანგარიში “ნამდვილი მეგობარი” ჰყავს მონიშნული (1,2,3) რაც აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ანგარიშები ერთსა და იმავე პიროვნებას ეკუთნოდეს. 2021 წელს გამოქვეყნებულ პოსტში “თამარი ონი” წერს: “ვისთანაც ეს ლურჯი პეპელა მოფრინდა და მეგობრობა შემოგთავაზათ, მიიღეთ, ის ნამდვილი მეგობარია”  გარდა ამისა, “ნამდვილი მეგობრის” მიერ 2021 წელს გამოქვეყნებულ იდენტურ ფოტოზე, პოსტის ავტორს “თამუნიათი” მიმართავენ. თავის მხრივ, “ნამდვილი მეგობარი” კონსპირაციების თეორიებს, ანტივაქსერული შინაარსის და დეზინფორმაციის შემცველ პოსტებს რეგულარულად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული მცდარი ინფორმაცია “მითების დეტექტორს” წარსულშიც გადაუმოწმებია.

რძის სკანდალი

ფეისბუკ ანგარიშები სალიტა ნატრიაშვილი, კატერინა კატა ლინა, Tamta Pitiuri ანტივაქსერული და სხვა კონსპირაციული (1,2,3) შინაარსის პოსტებს ასევე რეგულარულად ავრცელებენ.

კონსპირაციული თეორიების გამავრცელებელ ანგარიშებს შორისაა ხატია ჯანაშიაც, რომელიც კრემლისტური “ალტ-ინფოს” მხარდამჭერია. ის ანტიოპოზიციური, ანტიდასავლური და ჰომოფობიური შინაარსის ინფორმაციას სისტემატურად აქვეყნებს.

წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist