9 ივლისს ფეისბუქზე გავრცელდა მოკლე ვიდეო (ე. წ. რილსი), რომელშიც ქალი ამბობს, თითქოს ევროკავშირმა უნგრეთი მოთხოვნილზე ნაკლები ლტოლვილის მიღების გამო 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა და ყოველი გადაცილებული დღისათვის, კიდევ 1 მილიონი უნდა გადაიხადოს. ვიდეოს დასაწყისში ისმის შეკითხვა: ,,თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად ექცევა ევროკავშირი საქართველოს?”, რაზეც ქალი ამბობს, რომ ევროკავშირი არ მოსწონს და გაწევრიანებას ბევრი რამ მოჰყვება. შემდეგ კი ევროკავშირის მიერ უნგრეთისათვის დაკისრებულ 200 მილიონს ახსენებს. ვიდეოზე ჩანს ლოგო წარწერით ,,რა ხდება”.
ლტოლვილების შესახებ იგივე მტკიცება სხვა ფეისბუქ ანგარიშმაც გაავრცელა.
ინფორმაცია მიგრანტების გამო უნგრეთისთვის დაკისრებული 200 მლნ ევროს გადახდაზე ნაწილობრივ მცდარია. აღნიშნული ჯარიმა უნგრეთს 2020 წლის სასამართლოს დასკვნის შეუსრულებლობის გამო დაეკისრა, დავა უნგრეთის მიერ მიგრანტთა მიღების სტანდარტებსა და ევროკავშირის დირექტივებთან შეუსაბამობას ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს არ უსაზღვრავს მიგრანტების მიღების რაოდენობას, თუმცა აქვს რიგი დირექტივები, რომელიც წევრმა სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს, მანამ, სანამ თავშესაფრის მაძიებლები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
-
რა შეთანხმებას მიაღწიეს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიგრანტებთან დაკავშირებით?
2020 წელს, ევროკომისიის მიმართვის საფუძველზე, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ იმსჯელა უნგრეთში მესამე ქვეყნებიდან (ევროკავშირის არაწევრი ქვეყანა) თავშესაფრის მაძიებელთათვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების პრაქტიკაზე. ევროკომისიის სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი უნგრეთის მიერ მოთხოვნილზე ნაკლები მიგრანტის მიღება არ გამხდარა. მეტიც, ევროკავშირში მიგრანტების მიღების საერთო პრაქტიკა მოქმედებს, მაგრამ ის წევრ სახელმწიფოებს მიგრანტების მიღებას არ ავალდებულებს. ევროკავშირის ლიდერები წლები მსჯელობდნენ მიგრანტთა შესახებ ახალ, საერთო პოლიტიკაზე. რამდენიმე პუნქტზე შეთანხმებას კი გასული წლის ბოლოს მიაღწიეს. ერთ-ერთი პუნქტი წევრი სახელმწიფოებისაგან ჯეროვან სოლიდარობას მოითხოვს, რაც მიგრანტების საკითხსაც უკავშირდება. ევროკავშირი იტოვებს უფლებას, იმ ქვეყნებიდან, სადაც ყველაზე მეტი მიგრანტი ხვდება, ნაწილი სხვა წევრ ქვეყნებში გადაიყვანოს, თუმცა ნებისმიერ წევრს შეთავაზებაზე უარის თქმა და სოლიდარობის მექანიზმში სხვა სახის მონაწილეობა, მაგალითად, ფულადი დახმარების გაღება შეუძლია.
წარსულში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების შემდგომ მიგრანტების მიღებას მოსთხოვს. აღნიშნული ,,მითების დეტექტორმა” გადაამოწმა და დაადგინა, რომ გაერთიანებაში მიგრანტების მიღება მოხალისეობრივი ხასიათისაა და მას წევრი სახელმწიფო წყვეტს.
რას ედავებოდა ევროკავშირი უნგრეთს?
2020 წელს ევროკომისიამ სასამართლოს უნგრეთის მიერ რამდენიმე დირექტივის დარღვევის თაობაზე მიმართა, თუმცა მან ყველა მათგანი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ შემდეგი დირექტივების დარღვევა დაადგინა:
- დირექტივა 2008/115, პრინციპები: 5, 6(1), 12(1), 13(1);
- დირექტივა 2013/32, პრინციპები: 6, 24(3), 43, 46(5);
- დირექტივა 2013/33, პრინციპები: 8, 9, 11.
აღნიშნულ დირექტივებში ნახსენები არ არის, რომ წევრ სახელმწიფოს მიგრანტების მიღების ანდა მიგრანტების გარკვეული რაოდენობის მიღების ვალდებულება აქვს, ასევე სასამართლო დასკვნაც არ მიუთითებს, რომ უნგრეთმა არ მიიღო სავალდებულო რაოდენობის მიგრანტი.
სასამართლოსათვის შენიშვნების წარდგენისას, ევროკომისიამ ერთადერთხელ ახსენა ,,მცირე რაოდენობის მიგრანტების მიღება”. აღნიშნულია, რომ მხოლოდ მცირე რაოდენობის თავშესაფრის მაძიებელს ეძლეოდა უნგრეთის სატრანზიტო პუნქტებში შესვლის საშუალება, ანუ სერვისებზე თანაბარი წვდომის უფლება იზღუდებოდა და ირღვეოდა რიგი პროცედურები. 2017 წელს უნგრეთმა საზღვრის დაცვის შესახებ კანონი გაამკაცრა და გააფართოვა კრიტერიუმები, რა შემთხვევაში გამოაცხადებს კრიზისულ მიგრაციულ სიტუაციას. ასეთ დროს ქვეყანა ნაკლებ მიგრანტს იღებს, ევროკავშირის აღნიშნული დირექტივებიც გარკვეულ პროცედურულ შეღავათებს სთავაზობს წევრ ქვეყანას, მაგალითად, გარკვეული პერიოდით დოკუმენტების მოგროვების პროცესის გადავადებას, რაც საერთაშორისო დაცვის მინიჭებასაც გადაავადებს. ამ შენიშვნის წარდგენისას ევროკომისია უნგრეთის ორ სატრანზიტო პუნქტს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა მასზე წვდომას ხელოვნურად ზღუდავდა, სერბ მიგრანტებს კი არაოფიციალური სიების საფუძველზე უშვებდა ქვეყანაში. ასევე, არღვევდა საერთო პროცედურებსა და ვადებს.
სასამართლოს მიერ უნგრეთისათვის გამოსასწორებლად განსაზღვრული სამივე დირექტივა ტექნიკური ხასიათიაა, ისინი წევრი სახელმწიფოებისთვის თავშესაფრის მაძიებლებთან და საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო პრაქტიკას საზღვრავს. არც ერთი მათგანი არ ავალდებულებს ქვეყანას მიგრანტების ან მიგრანტების გარკვეული რაოდენობის მიღებას.
2024 წელს, ხელახალი შესწავლის საფუძველზე, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა მხოლოდ ერთი დირექტივით (2013/33) გაწერილი საკითხები დაარეგულირა, ისინი ეხებოდა თავშესაფრის მაძიებელი განმცხადებლების გადაადგილების შეზღუდვა და შემდგომ შესაბამისი იურიდიული პროცედურებით უზრუნველყოფას. დანარჩენი ორი დირექტივით გათვალისწინებული საკითხები უნგრეთმა არ გაითვალისწინა. ქვეყანა სწორედ მათი შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა.
ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ უნგრეთი განზრახ ცდილობს ევროკავშირის პოლიტიკის აცილებას, რაც კანონმდებლობის ,,უპრეცედენტო” და ,,უკიდურესად სერიოზული” დარღვევაა. ასევე, უნგრეთის მიერ დირექტივებისთვის გვერდის ავლა ხელს უშლის წევრ სახელმწიფოებს შორის სოლიდარობის მექანიზმის მუშაობასა და მათ შორის პასუხისმგებლობას არათანაბრად ანაწილებს.
-
რას გულისხმობს უნგრეთის მიერ შეუსრულებელი დირექტივები?
სასამართლოს დასკვნით, უნგრეთი თავშესაფრის მაძიებლებთან და საერთაშორისო დაცვის მინიჭებისას არ მოქმედებს ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. უნგრეთის მიერ არ გათვალისწინებული დირექტივის, რომელიც ევროკავშირმა 2008 წელს მიიღო, აღნიშნული პუნქტები შეიცავს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ეცნობოს თავშესაფრის მაძიებელს ქვეყნის დატოვების ვალდებულების შესახებ, რა სახის დოკუმენტები უნდა მიეწოდოს მას. აღნიშნულია, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება გაასაჩივროს უკან დაბრუნების გადაწყვეტილება და ასეთ შემთხვევებში წევრმა სახელმწიფოებმა იურიდიული დახმარება უნდა უზრუნველყონ, პირის უკან დაბრუნების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ა. შ. დირექტივა იმასაც აზუსტებს, რა შემთხვევაშია შესაძლებელი მიგრანტის ქვეყნიდან გაშვება. 2013 წელს მიღებული და უნგრეთის მიერ შესასრულებელი დირექტივის მე-6 და 46(5)-ე პუნქტებში წერია, რომ წევრი სახელმწიფოები განმცხადებლებს უფლებას აძლევენ, სანამ სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი უფლების ვადა არ ამოიწურება დარჩნენ ქვეყნის ტერიტორიაზე, განმარტებულია პროცედურები, ასევე დაზუსტებულია, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეებს თანაბრად უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა პროცედურაზე წვდომის უფლება.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთს ერთჯდერადი ჯარიმის სახით 200 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ამასთანავე, სანამ უნგრეთი 2008 წლის დირექტივას არ შეასრულებს, ყოველდღიურად ევროკომისიას 100 000 ევრო უნდა გადაუხადოს.