13 მაისს პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მქონე POSTV-ის ჟურნალისტმა, ნათია ბერიძემ გამოაქვეყნა პარტია “ლელოს” წევრის, სალომე სამადაშვილის ვიდეო, რომელშიც ის ტუჩსაცხს ისვამს. აღწერაში ნათია ბერიძე წერს: “სანამ გარეთ ხალხი წვიმაში, ღამე ნათევი იდგა, პარლამენტში სხდომა მიმდინარეობდა, ეს იპრანჭებოდა და დააგვიანა შესვლა. მაგრად ადარდებთ გარეთ ხალხი და შიგნით კანონი”.
POSTV-ის ჟურნალისტი ვიდეომანიპულაციას ავრცელებს. რეალურად, სალომე სამადაშვილის ვიდეო არა 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში ე.წ. აგენტების კანონის განხილვის დღეს, არამედ თბილისის საქალაქო სასამართლოში, 24 აპრილს არის გადაღებული. დეპუტატების განცხადებით, 13 მაისის დილას ისინი პოლიციამ შეაყოვნა, რის გამოც სხდომას ვერ დაესწრნენ.
მტკიცების დასტურად, რომ დეპუტატი სალომე სამადაშვილი “იპრანჭებოდა” და ე.წ. აგენტების კანონის განხილვაზე ამ მიზეზით დააგვიანა, ნათია ბერიძე ძველ ვიდეოს ავრცელებს. როგორც ვიდეოში ვხედავთ, კართან, რომელთანაც სამადაშვილი დგას, გაკრულია აბრა – “სხდომათა დარბაზი N36”. შესაბამისად, კადრები არა საკანონმდებლო ორგანოში, არამედ სასამართლოშია გადაღებული.
ვიდეო საქალაქო სასამართლოდან 24 აპრილს პარტია “ლელოს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, იაკო ადეიშვილმა გამოაქვეყნა.
24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პარტია “ლელოს” წევრის, ირაკლი კუპრაძის საქმე განიხილებოდა. მას 2 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. კუპრაძის სასამართლოს ესწრებოდა სალომე სამადაშვილიც.
13 მაისს, პარლამენტთან მიმდინარე პროტესტის პარალელურად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხსომაზე ე.წ. აგენტების კანონს მხარი მე-3 მოსმენით 1 წუთსა და რამდენიმე წამში დაუჭირეს. სხდომის შემდეგ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ დაწერა, რომ ოპოზიციის დეპუტატებმა მომიტინგეებს “ღამე გაათებინეს”, თვითონ კი შენობაში შესულებმა დაიძინეს და სხდომას ვერ მიუსწრეს. თუმცა, სხდომის შემდეგ პარლამენტში გადაღებულ ვიდეოში სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დეპუტატები პოლიციამ შეაყოვნა, რის გამოც სხდომაზე მისვლა ვერ მოასწრეს.
“კომიტეტი ჩაატარეს 3 წუთში, ოპოზიციური დეპუტატები დაგვაყოვნეს გარეთ, პოლიცია არ გვიშვებდა და ახლა თქვენ უყურებთ რუს დეპუტატებს, რომლებმაც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, რობოკოპების დაცვის ქვეშ, რუსეთის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში შემოიპარნენ პარლამენტის შენობაში და 3 წუთიანი სხდომით ისე, რომ მედია აქ არ იყო, ისე, რომ არავინ აქ არ იყო, ამ სამარცხვინო რუსმა ოხანაშვილმა ჩაატარა სხდომა”. – ამბობს სალომე სამადაშვილი ვიდეოში, რომელშიც ჩანს, როგორ ტოვებენ “ქართული ოცნების” დეპუტატები დარბაზს.
ინფორმაცია, რომ ოპოზიციის დეპუტატები პოლიციამ შეაყოვნა და ამ მიზეზით სხდომაზე დასწრება ვერ შეძლეს, დაადასტურა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემაც.
წყაროს შესახებ
“მითების დეტექტორს” ნათია ბერიძის მიერ გამოქვეყნებული ყალბი ინფორმაცია წარსულშიც აქვს გადამოწმებული. ჟურნალისტი ძირითადად ანტიოპოზიციური შინაარსის პოსტებს აქვეყნებს.
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.