რას ამტკიცებს ბოჭორიშვილი და რას წერს დევიდ ო’სალივანი?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დევიდ ო’სალივანი
675
VIEWS

29 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მიიღო მადლობის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო კარგად ახორციელებს თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა საქმიანობას, რაც სანქციების გვერდის ავლის რისკს უკავშირდება. მოგვიანებით, მედიასაშუალებებმა გაავრცელეს წერილის სრული ვერსია, რომლის ავტორიც სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანია. წერილი მაკა ბოჭორიშვილისა და ეკონომიკის მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის სახელზეა დაწერილი. 

ამავე დღეს “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, პროსახელისუფლებო ექსპერტები და ფეისბუქ-მომხმარებლები ამბობდნენ, რომ მიღებულ წერილში საქართველოს სანქციების დაცვის გამო აქებენ. მათი ნაწილი “მადლობის წერილის” გამოგზავნის და, მეორე მხრივ, კრიტიკის გამო ევროკავშირის ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს. 

ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში პარლამენტის წევრმა “ქართული ოცნებიდან” მაია ბითაძემ თქვა, რომ საქართველომ ევროკავშირის წარმომადგნელისგან მიიღო წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საქართველომ შთამბეჭდავი და ძალიან წარმატებული სასანქციო პოლიტიკა გაატარა. დევიდ ო’სალივანის წერილს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. მისი შეფასებით: “ბრიუსელის „ერთი მე“ აქებს საქართველოს ხელისუფლებას სანქციების დაცვის მხრივ, „მეორე მე“ აფინანსებს დეზინფორმაციას, ეს აჩვენებს ბიპოლარულ აშლილობას ბრიუსელში.” იდენტური წერილი გაავრცელა სამთავრობო ექსპერტმა გია აბაშიძემაც და დაწერა, რომ “სანქციების სპეცწარმომადგენელი” საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის ევროპული სანქციების შესრულებისთვის და “ევრობიუროკრატიაში აშკარა დისონანსია”. “მადლობის წერილის” შესახებ საინფორმაციო ბარათები გამოაქვეყნეს ფეისბუქ-მომხმარებლებმაც (1;2). 

დევიდ ო’სალივანი

მთავრობის წარმომადგენლები, პროსახელისუფლებო  ექსპერტები და ფეისბუქ-ანგარიშები მანიპულაციურად წერილის მხოლოდ იმ ნაწილს უსვამენ ხაზს, რომელშიც დევიდ ო’სალივანი საქართველოს მთავრობას თანამშრობლობის გამო მადლობას უხდის. დოკუმენტში, რომელსაც ისინი “მადლობის წერილს” უწოდებენ, ო’სალივანი მთავრობას ასევე სთხოვს, აკრძალოს ევროკავშირში წარმოებული ყველა ნივთის რეექსპორტი, რომელიც რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება. 

  • რა წერია წერილში? 

წერილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ “მითების დეტექტორს” მიაწოდა, 9 ოქტომბერსაა დაწერილი. ო’სალივანი სრულ წერილში საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის იმ ნაბიჯების გამო, რომლებიც მათ რუსეთისთვის სანქციებისთვის გვერდის ავლის შეზღუდვის მიზნით გადადგეს. წერილში შეხსენებულია EU-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მნიშვნელობა და ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტის საფრთხეები. სალივანმა მინისტრებს მადლობა გადაუხადა მსგავსი ტვირთის რუსეთში რეექსპორტის შესაჩერებლად გაწეული ძალისხმევის გამო. 

აღსანიშნავია, რომ მაკა ბოჭორიშვილი და “ქართული ოცნების” სხვა წევრები წერილის მხოლოდ ამ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას. თუმცა, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ხელისუფლებას სთხოვს, აკრძალოს ევროკავშირში წარმოებული ყველა ნივთის რეექსპორტი, რომელიც იდენტიფიცირებულია ჰარმონიზებული სისტემის კოდებით (HS) რუსეთისათვის ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის სიაში და რუსეთს უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ეხმარება. ო’სალივანი განმარტავს, რომ მართალია, საქართველო არაა მსგავსი ტვირთების მთავარი რეექსპორტიორი, თუმცა არსებობს რისკები, რომ ქვეყანა საქონლის უკანონო ვაჭრობის ალტერნატიული მარშრუტი გახდეს.  

დევიდ ო’სალივანი
დევიდ ო’სალივანის წერილი მაკა ბოჭორიშვილს და მარიამ ქვრივიშვილს.  

გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას, სადაც საუბარია ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე, ასევე შეიცავს საქართველოს მთავრობის მიმართ მადლობას სანქციების პოლიტიკის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გამო და გამოთქმულია სურვილი, ქვეყანამ სრუალიად აკრძალოს ევროკავშირში წარმოებული ორმაგი დანიშნულების საქონლის რეექსპორტი: 

“ძვირფასო მინისტრებო, 
მადლობას გიხდით უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და იმ ნაბიჯების გამო, რომელიც გადაიდგა, რათა არ დაეშვა რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა, ისევე როგორც თქვენი ხელმძღვანელობის მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის უპასუხონ სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვას.  
ადრე გაგიზიარეთ საერთი მაღალი პრიოტიტეტის მქონე ნივთების სია (50 ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდები), რომელიც ევროკავშირმა პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მოამზადა. ეს სია შეიცავს ორმაგი დანიშნულების საქონელსა და მოწინავე ტექნოლოგიებს, რომლებიც ექსპორტის შეზღუდვების ქვეშაა და აღმოჩენილია რუსეთის სამხედრო სისტემებში, რომლებიც ნაპოვნია უკრაინაში ბრძოლის ველზე, ან კრიტიკულად მნიშვნელოვანია რუსული სამხედრო სისტემების განვითარების, წარმოების ან გამოყენებისთვის. მადლობას გიხდით ამ ნივთების რეექსპორტის შესაჩერებლად თქვენი ძალისხმევისთვის. 
დამატებით, ევროკომისიამ იდენტიფიცირება მოახდინა ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის სიისა (ECG), რომლის მოძიებასაც რუსეთი სასოწარკვეთით ცდილობს თავისი საომარი მოქმედებების მხარდასაჭერად. აქ შედის სანქცირებული ნივთები, რომელსაც რუსეთის ინდუსტრიული ბაზის მხარდაჭერა შეეძლო. თუნდაც ამ პროდუქტების უმეტესობა არ არის ტრადიციული ორმაგი დანიშნულების საქონელი, მისი რეექსპორტი მხარს უჭერს რუსეთის ეკონომიკის საკვანძო სექტორებს. მაგალითად, მილებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალური ფოლადის კონსტრუქციები რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვისაა საჭირო. ეს სექტორი არის ერთ-ერთი მთავარი სექტორული “კონტრიბუტორი” რუსეთის ბიუჯეტში. ამიტომ, პატივისცემით გთხოვთ, აკრძალოთ ევროკავშირში წარმოებული ყველა ნივთის რეექსპორტი, რომელიც იდენტიფიცირებულია ჰარმონიზებული სისტემის კოდებით (HS) რუსეთისათვის ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის სიაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ საქონლის მთავარი რეექსპორტიორი არ არის, რეგიონის ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზა ამ პრობლემის მოსაგვარებლად და არსებობს რისკი, რომ საქართველო ამ საქონლის უკანონო ვაჭრობის ალტერნატიულ მარშრუტი გახდება. 
იმედი გვაქვს, ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება შესაბამისი მმართველებისთვის, რომ გააგრძელონ შესაბამისი ქმედებები, რათა არ მოხდეს სანქცირებული საქონლის რეექსპორტი რუსეთში, სადაც ისინი გამოყენებულია ომის ეკონომიკის მხარდასაჭერად. 
მადლობას გიხდით ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის და მოუთმენლად ველი თქვენს პასუხს.” 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist