2 მაისს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ დაშლის ფონზე, სოციალურ ქსელში ანგარიშმა Eduard Jishkariani გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ფორმიანი მამაკაცები ქალს სცემენ. აღწერის მიხედვით, ვიდეო ევროკავშირში, კონკრეტულად საფრანგეთში, გადაიღეს და მასში ასახულია, როგორ სცემენ პოლიციელები საპროტესტო აქციის მონაწილე ქალს.
გავრცელებული ვიდეოს აღწერა ყალბია. რეალურად, ვიდეოში ასახული ქალი არა აქციის მონაწილე, არამედ ტრანსგენდერია, რომელიც სკოლის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა და დაკავებამდე პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ამასთანავე, დაკავებაში მონაწილე, ვიდეოში ასახული, პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ვიდეო 2023 წლის 24 მაისს მილანის ერთ-ერთ უბანში, ბოკონშია გადაღებული. ვიდეოში ასახული პოლიციელები ტრანსგენდერ ქალს სცემენ. გასულ წელს აღნიშნული ინციდენტი ადგილობრივმა და საერთაშორისო მედიამ ფართოდ გააშუქა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიდეოში ასახულია ბრაზილიელი ტრანსგენდერი ქალი მეტსახელად ბრუნა, რომელიც პოლიციის გამოძახებამდე სკოლასთან ახლოს ნახევრად შიშველი იდგა და არასრულწლოვნებს ავიწროებდა, ასევე აცხადებდა, რომ აივ ინფექსიის მატარებელი იყო. შემთხვევის ადგილზე პოლიციის გამოძახების შემდეგ კი ბრუნამ მათ წინაარმდეგობა გაუწია.
აღსანიშნავია, რომ პოლიციის მიერ ტრანსგენდერ ქალზე ძალადობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 2023 წლის 4 ოქტომბრის მონაცემებით, პროკურატურა აღნიშნულ საქმეში ჩართული 7 პოლიციელის საქმიანობას იძიებდა.
რაც შეეხება “უცხოური გავლენის განჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს თბილისში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (სსს) ცნობით, 30 აპრილსა და 1-ელ მაისს გამართული აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია. აქციებზე არაერთი მოქლაქე დაშავდა, მათ შორის ერთ-ერთმა ტრავმა მარჯვენა თვალის არეში მიიღო. სსს-ს ცნობით, აპრილსა და მაისში გამართული აქციების დროს სამართალდამცავების მიერ ჩადენილ სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე 80 შეტყობინება შევიდა.
წყაროს შესახებ
ფეისბუქ ანგარიში “Eduard Jishkariani” ანტიდასავლური და ანტიუკრაინული შინაარსის პოსტებს ხშირად აქვეყნებს. მის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციები “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა (1, 2, 3, 4).
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.