რეალურად რას აჩვენებს ISSA-ს კვლევა “ქართული ოცნების” რეიტინგის და ლეგიტიმაციის საკითზე?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

ISSA-ს კვლევა
2.2k
VIEWS

13 თებერვალს პროსახელისუფლებო ტელევიზია “იმედის” გადაცემა “იმედი LIVE”-ის, წამყვანმა, გიორგი ფუტკარაძემ “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” – ISSA-ს კვლევაზე ისაუბრა და თქვა, რომ კვლევის შედეგები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ემთხვევა. კერძოდ, ხელისუფლებას ლეგიტიმურად მიიჩნევს გამოკითხულთა იმდენივე პროცენტი, რამდენიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დასკვნით, 26 ოქტომბრის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო. 

გიორგი ფუტკარაძე (47:15): “იქ ერთი საინტერესო კითხვა იყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და საბოლოო მონაცემი, როცა დათვლი, მათ შორის, ცდომილების ზღვრის გათვალისწინებით, დაახლოებით ის პროპორციებია, რაც არჩევნებში მივიღეთ და თუკი ეს ადამიანები, ეს გამოკითხული ადამიანები, დაახლოებით ისე ფიქრობენ, როგორც არჩევნების შედეგი იყო, მაშინ, არ ვიცი, საკამათო საერთოდ რა არის ამ პროცესში”. 

 ISSA-ს კვლევა

ISSA-ს კვლევასა და ცესკო-ს მონაცემების თანხვედრის შესახებ “იმედი LIVE-ის” წამყვანის მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, კვლევის მიხედვით, “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმურ ხელისუფლებად გამოკითხულთა 39.2% მიიჩნევს, ხოლო მას ხმა, დაახლოებით, 41%-მა მისცა (დამატებულია “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურად განწყობილი რესპონდენტები, რომელთაც შეკითხვას არ უპასუხეს). აღსანიშნავია, რომ კვლევის ცდომილების ზღვრის (±2.2%) გათვალისწინებითაც, ეს მონაცემი არჩევნების დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგს მეტად უახლოვდება, ვიდრე ცესკო-ს საბოლოო მონაცემებს (54%).

გიორგი ფუტკარაძე რესპონდენტისთვის, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის შეკითხვის დასმისას სოციოლოგიური კვლევების შესახებ საუბრობს და ახსენებს ერთ-ერთ მათგანს, რომელიც “რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა”. ჟურნალისტმა ისაუბრა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ცდილობენ, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არ შეიმჩნიონ და “ძველი აჯენდით გააგრძელონ პროცესი”, ხოლო სხვადასხვა კვლევის შედეგით სურთ ამომრჩევლები დაარწმუნონ, რომ რასაც ისინი ამბობენ სიმართლეა. აღსანიშნავია, რომ ISSA-ს კვლევა 10 თებერვალს გამოქვეყნდა. თებერვალში სხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევა არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად, ფუტკარაძე სწორედ მასზე საუბრობს. 

  • რა წერია ISSA-ს კვლევაში “ქართული ოცნების” მხარდაჭერასა და ლეგიტიმაციაზე? 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდისა და საქართველოს გაეროს ასოციაციის დონორობით, ISSA-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. პირისპირ ინტერვიუს პრინციპით 2000-მდე რესპონდენტი გამოიკითხა, კვლევა ჩატარდა 18-30 იანვრის შუალედში. ცდომილების ზღვრად განსაზღვრულია ±2.2%. შეკითხვები მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა: არჩევნების შედეგებსა და მისადმი ნდობას, პროტესტში მონაწილეობასა და მოთხოვნებისადმი დამოკიდებულებას, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პრიორიტეტებს. 

ერთ-ერთი შეკითხვა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაციის საკითხს შეეხება (გვ. 16). 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასების მიზნით, რესპონდენტებს ჰკითხეს, მათი აზრით, “ქართული ოცნება” ლეგიტიმურ ხელისუფლებაა თუ არა. გამოკითხულთა უმრავლესობამ, 47.8%-მა შეკითხვას უარყოფითი პასუხი გასცა და თქვა, რომ “ქართული ოცნება” ლეგიტიმური/კანონიერი ხელისუფალი არ არის. 39.2%-ის აზრით, “ქართული ოცნება” ლეგიტიმური მმართველია. თუ ცდომილების ზღვარს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გამოვიყენებთ, მათ კანონიერ ხელისუფლად გამოკითხულთა 41.4% მიიჩნევს, რაც ასევე დიდად განსხვავდება რეიტინგისგან, რაც ცესკო-ს დასკვნით პარტიამ არჩევნებში მოიპოვა (53.9%). რასაკვირველია, ამ მონაცემების შედარება მართებული არ არის, თუმცა მცდარია ტვ იმედში გაჟღერებული დასკვნა, თითქოს ახალმა კვლევამ “ქართული ოცნების” საარჩევნო შედეგები დაადასტურა.

 ISSA-ს კვლევა
წყარო: ISSA

საპარლამენტო არჩევნების შეფასების თავში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის რეიტინგიცაა მოცემული (გვ. 13). გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51.3%) ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, ხოლო “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმის მიცემაზე ღიად ისაუბრა გამოკითხულთა 32%-მა. რესპონდენტების დარჩენილმა ნაწილმა შეკითხვას არ უპასუხა. კვლევის ავტორები იქვე აღნიშნავენ, რომ იმ 17%-დან, ვინც არ გაამხილა, ვის მისცა ხმა, 9% “ქართული ოცნების” მიმართ ლოალურობით გამოირჩეოდა. თუ ამ მონაცემით ვიხელმძღვანელებთ და 32%-ს დავუმატებთ “ქართული ოცნების” მიმართ ლოიალურად განწყობილ 9%-ს, რომლებმაც შეკითხვაზე არ უპასუხეს, მათი სრული რაოდენობა 41% იქნება. ამასთანავე, თუ ცდომილების ზღვარს “ქართული ოცნების” სასარგებლოდ გამოვიყენებთ, მაქსიმალური რიცხვი, რაც შეიძლება ამ მონაცემებით მივიღოთ, 43.2%-ია.

  • ახლოსაა თუ არა თუ არა ცესკო-სა და ISSA-ს მონაცემები “ქართული ოცნების” რეიტინგთან დაკავშირებით? 

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ დღეებში ცესკო-ს ოფიციალური შედეგებსა და ეგზიტპოლებს შორის ცდომილების საფუძველი აქტიურად განიხილებოდა. კომისიის შედეგთან ახლოს იყო ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით, ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა. ცდომილებას ხშირად იყენებენ საარჩევნო მანიპულაციებისა და ხელისუფლების არალეგიტიმურობის ერთ-ერთ არგუმენტადაც. ტელევიზიების დაკვეთით, არჩევნების დღეს ეგზიტპოლი სამმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა: Edison Research (ფორმულა), Harris X (მთავარი არხი), GORBI (იმედი). ეგზიტპოლებისა და ცესკო-ს მონაცემებში “ქართული ოცნების” რეიტინგი განსხვავებულია: 

Harris X Edison Research GORBI ცესკო
42%  40.9%  56.1% 53.93% 

ISSA-ს კვლევაში, გამოკითხულების პასუხები თუ რომელ პარტიას მისცეს ხმა და ასევე რამდენად მიიჩნევენ “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმურად, Harris X-სა და Edison Research-ის მონაცემებს მეტად უახლოვდება, ვიდრე ცესკო-სა და GORBI-ს. შესაბამისად, არ არის მართებული მტკიცება, რომ ISSA-ს კვლევა ცესკო-ს მონაცემებს იმეორებს და ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმეტესობა “ქართულ ოცნებას” ლეგიტიმურ ხელისუფლად მიიჩნევს. 

პროსახელისუფლებო მედია და სხვა აქტორები საარჩევნო პერიოდში ხშირად მანიპულირებდნენ ეგზიტპოლის შედეგებით. აქტიური დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობა ამერიკული კომპანია Edison Research-ის წინააღმდეგ, რაც ამერიკაში არჩევნების პერიოდშიც გაგრძელდა. ისინი ცდილობდნენ კომპანიის რეპუტაციის დაზიანებას და მის მიმართ უნდობლობის გაზრდას.  


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო
წყარო არ მოიძებნა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist