2020 წლის 8 ნოემბერს პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.
სადავო გახდა აქციაზე მისული მოქალაქეების რაოდენობა. „ქართული ოცნების“ წევრები აქციის შეფასებისას მიუთითებდნენ, რომ პარლამენტის წინ საკმაოდ ცოტა ადამიანი შეიკრიბა და ოპოზიციამ ვერ მოახერხა მოქალაქეების მობილიზება. ირაკლი კობახიძის თქმით, აქციაზე დაახლოებით 7 000 ადამიანი იყო, გიორგი კახიანის თქმით კი 6 000.
იმავე ნარატივს ავრცელებდნენ პრო-სახელისუფლებო, ანტი-ოპოზიციური ფეისბუქ-გვერდები და ანტილიბერალური ჯგუფები.
„მითების დეტექტორმა“ mapchecking.com-ის ხელსაწყოს გამოყენებით 8 ნოემბრის აქციის მონაწილეთა დაახლოებითი რაოდენობა გამოთვალა. დრონის კადრებზე დაყრდნობით და აქციაზე შეკრებილების სიმჭიდროვის განსაზღვრით მომიტინგეების რიცხვმა მიახლოებით 21,546 ადამიანი შეადგინა.
როგორ აფასებენ 8 ნოემბრის აქციას სახელისუფლებო აქტორები და ანტილიბერალური ჯგუფები?
8 ნოემბრის აქციაზე შეკრებილების რაოდენობის შესახებ ერთი და იგივე ფოტო გამოაქვეყნეს პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციურმა ფეისბუქ გვერდებმა „ლიდერი 41“, „სექტა“ და „მიხეილ უკრაინოლოგი“.
ფოტოზე სრულად არ ჩანს ის ტერიტორია, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, ასევე უცნობია თუ რომელ საათზეა ფოტო გადაღებული.
მიხეილ უკრაინოლოგმა აქციის მონაწილეების სიმცირეს კიდევ ერთი პოსტით გაუსვა ხაზი.
„ქართული ოცნებიდან“ 8 ნოემბრის აქციაზე მისულთა რაოდენობა ირაკლი კობახიძემ და გიორგი კახიანმა შეაფასეს.
8 ნოემბერს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას აქციაზე 12 000 ადამიანის მიყვანა სურდა, თუმცა გაცილებით ნაკლების მობილიზება მოახერხა. მისი თქმით, აქციაზე მხოლოდ 7 000 ადამიანი მივიდა. მსგავსი რიცხვი დაასახელა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმაც, მისი თქმით, აქციაზე 6 000 ადამიანი იყო.
გარდა „ქართული ოცნების“ წევრებისა, 8 ნოემბრის აქციაზე მისულების რაოდენობაზე სოციალურ ქსელში დაწერა “უფლებადამცველთა გაერთიანების” ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძემ, მან აღნიშნა, რომ აქციაზე „4 ათასი 200 ლარიანი ნაცია“. მჟავანაძეს ატვირთული აქვს ფოტო, რომელიც საღამოს უკვე დაშლილ აქციას ასახავს.
სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა პარტია „ქართულმა იდეამაც“, პოსტი გიორგი კახიანის განცხადებას ეხმაურებოდა და „ქართულ ოცნებას“ საყვედურობდა იმასთან დაკავშირებით, რომ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნებზე მილიონი ხმა “დაუწერეს”, მაშინ როდესაც მათ აქციაზე 10 000 ადამიანიც ვერ გამოიყვანეს.
დაახლოებით რამდენი ადამიანი მივიდა 8 ნოემბრის აქციაზე?
8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მისული მოქალაქეების მიახლოებითი რაოდენობის გამოსათვლელად შეკრებილი ხალხის რაოდენობის მთვლელი ონლაინ ხელსაწყო mapchecking.com გამოვიყენეთ. Mapchecking-ი საშუალებას გვაძლევს გეოლოკაციით ვიპოვოთ კონკრეტული ადგილი, მოვნიშნოთ არეალი, სადაც შეკრებილი ადამიანები იდგნენ და მათი სიმჭიდროვის მაჩვენებელი მივუსადაგოთ. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნული ხელსაწყო მიახლოებულ რაოდენობას ითვლის.
8 ნოემბრის აქცია 15:00 საათზე იყო დაანონსებული. „პირველი არხის“ ეთერში 15:29 საათზე გასული დრონის კადრებიდან ჩანს, რომ მოქალაქეები რუსთაველზე როგორც პარლამენტის წინ ტერიტორიას, ასევე ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის ნაწილს და თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ ტერიტორიასაც იკავებდნენ, თუმცა მონაწილეები აქ შედარებით ნაკლები სიმჭიდროვით იყვნენ განთავსებული.
„მთავარი არხის“ ეთერში დრონის კადრები მხოლოდ 16:45 საათზე გავიდა, ამ კადრებში მომიტინგეების მიერ დაკავებული კიდევ უფრო დიდი ტერიტორია ჩანს, კერძოდ დამატებით 9 აპრილის ქუჩის ნაწილი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წინ ტერიტორია.
“მთავარი არხისა” და “პირველი არხის” ეთერში გასული კადრებზე დაყრდნობით რუკაზე მოვნიშნეთ ის არეალი, რომელიც 8 ნოემბრის აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული.
იმის გათვალისწინებით, რომ შეკრებილების სიმჭიდროვე არეალის მიხედვით განსხვავებულია, მეტი სიზუსტისთვის, გადავწყვიტეთ, მათ მიერ დაფარული ტერიტორია 2 ნაწილად გაგვეყო – პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ ტერიტორია და დანარჩენი ტერიტორია – რუსთაველის ქუჩა პარლამენტის წინ, 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩების ნაწილი და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინა არეალი. ორივე ნაწილში ცალ-ცალკე გამოვთვალეთ შეკრებილების მიახლოებითი რაოდენობა, შემდეგ კი დავაჯამეთ. სიმჭიდროვის შესაფასებლად გამოვიყენეთ Mapchecking-ის ვებ-გვერდზე მითითებული რესურსი, რომელზეც სიმჭიდროვის ვიზუალური გამოსახულებებია მოცემული.
პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ ტერიტორიაზე სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 1.5 ადამიანით შევაფასეთ, Mapchecking-ს მიხედვით, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 5 337 ადამიანი იყო შეკრებილი.
მომიტინგეები ყველაზე მჭიდროდ რუსთაველზე უშუალოდ პარლამენტის წინ ტერიტორიაზე, ზაქარია ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ ტერიტორიაზე იდგნენ. ამიტომ ამ არეალში სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 2 ადამიანით განვსაზღვრეთ, რამაც მოგვცა არეალში შეკრებილი 16 209 ადამიანი.
ორივე არეალში გამოთვლის შემდეგ შეკრებილების რაოდენობების დაჯამებით აქციის მონაწილეთა რიცხვმა 21, 546 შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ მიღებული რიცხვი 8 ნოემბრის აქციაზე მისული მოქალაქეების რაოდენობის ზუსტი მაჩვენებელი არაა და Mapchecking-ის ხელსაწყო ცდომილებას არ გვიჩვენებს, თუმცა დრონის კადრების გამოყენებით და სიმჭიდროვის განსაზღვრით მივიღეთ მიახლოებული რაოდენობა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 8 ნოემბერს რუსთაველზე დაახლოებით 7 ათასი ადამიანი იყო, გიორგი კახიანის თქმით კი 6 ათასი. მათ მიერ დასახელებული რიცხვები რეალური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე სიმჭიდროვე 1 კვადრატულ მეტრზე 0.5 ან 0.6 ადამიანი იქნებოდა. 8 ნოემბრის აქციასთან მიმართებით ეს სიმჭიდროვე არარეალისტურია.