ელინა ვალტონენის საპასუხოდ “რადიო სივრცე” ჰელსინკიში აქციის დაშლის ვიდეოს უკონტექსტოდ ავრცელებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ჰელსინკი
115
VIEWS

16 ოქტომბერს “რადიო სივრცის” ფეისბუქ-გვერდზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ფინეთის პოლიცია ჰელსინკიში გამართულ აქციაზე დემონსტრანტებს სახეში, სავარაუდოდ, წაწაკის სპრეის ასხამს. მედია ვიდეოს გავრცელებისას ასევე წერს: “ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, ფინეთში მიმდინარე  დემონსტრაციებზე დაკვირვების მიზნით ეპატიჟება.”  მედია ყურადღებას ამახვილებს ფინეთის პოლიციის ძალადობრივ ქმედებაზე და ელინა ვალტონენის განცხადებაზე მიანიშნებს.  

ჰელსინკი

ფინეთის პოლიციის მიერ ჰელსინკიში დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების ამსახველი ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება. “რადიო სივრცე” ვიდეოს არ ურთავს ინფორმაციას, რომ პოლიციელების წინააღმდეგ სასამართლო დავა წარმოებდა და მათი ხელმძღვანელი ძალის გადამეტების გამო დააჯარიმეს.  

უკონტექსტოდ გავრცელებული ვიდეო ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოზე ნაჩვენები ფინეთში საპროტესტო აქციების დაშლის სტანდარტს შეესაბამება და კანონიერია. 

კადრები ფინეთში, ჰელსკინკიშია გადაღებული და გარემოსდაცვითი მოძრაობის, Elokapina-ს პროტესტს ასახავს. 2020 წლის 3 ოქტომბერს ფინეთში ეკო-აქტივისტებმა ერთ-ერთი ქუჩა გადაკეტეს შემდეგი მოთხოვნებით: ფინეთის მთავრობას გამოეცხადებინა კლიმატის საგანგებო მდგომარეობა და შეესრულებინა პარიზის შეთანხმება. ორგანიზაციის ცნობით, პროტესტისას 51 აქტივისტი დააკავეს. 

Elokapina-ის წევრები და აქტივისტები ძირს ისხდნენ და ამ ფორმით კეტავდნენ გზას. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, გზა გაეხსნათ. რის შემდეგაც, სამართალდამცავებმა აქტივისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. 

დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეის გამოყენების კანონიერებით ფინეთში პროკურატურა დაინტერესდა. გამოძიება დაიწყო 7 პოლიციის ოფიცრის წინააღმდეგ, რომლებმაც წიწაკის სპრეი გამოიყენეს ან პროტესტის მართვაში მონაწილეობდნენ. პოლიციის ოფიცრები წიწაკის სპრეის გამოყენებას კანონსაწინააღმდეგო ქმედებად არ მიიჩნევდნენ. 2023 წელს ჰესლინკის ოლქის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო დაეჯარიმებინა ერთი ოფიცერი, რომელიც შუა დღეს აქციის მართვაზე იყო პასუხისმგებელი და დანარჩენებს მითითებას აძლევდა. ექვსი პოლიციელი კი, რომელბმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალება გამოიყენეს, სასჯელისგან გაათავისუფლა. 

პროკურატურის პოზიციით, ჰელსინკიში გამართული აქცია მშვიდობიანი იყო და პოლიციას არ ჰქონდა ვალდებულება, დემონსტრანტებისთვის გზის გახსნა მოეთხოვა ან გამოეყენებინა ტკივილის გამომწვევი საშუალებები. 

პროკურატურამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, რომლის განხილვაც 2025 წლის 28 აგვისტოს დაიწყო. პროკურატურის წარმომადგენლები მოითხოვენ იმ 6 პოლიციის ოფიცრის დასჯასაც, ვინც უშუალოდ მოქმედებდა და წიწაკის სპრეი გამოიყენა Elokapina-ის აქტივისტების წინააღმდეგ. ამდენად, ვიდეოს განმარტების გარეშე გავრცელება, რომ პოლიციელებისა და მათი ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა დადგა, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ფინეთში დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება, ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი. ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქემთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს და მოგვიანებით, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზეც მივიდა. მომდევნო დღეს, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო” მან ვალტონენთან შეხვედრა გააუქმა. ფინეთის საგარეო საქემთა მინისტრმა აღნიშნული ფინურ გამოცემასთან უარყო და თქვა, რომ შეხვედრა თავად გააუქმა გეგმების ცვლილების გამო. მან ასევე X-ზე ირაკლი კობახიძეს მიმართა და დაწერა, რომ კობახიძეს ფინეთში იწვევს, რათა შეხვდეს დამოუკიდებელ მედიას და დააკვირდეს მისთვის სასურველ დემონსტრაციას. 

“რადიო სივრცის” მიერ ფინეთში გადაღებული ვიდეოს მსგავსი აღწერით გავრცელება მიანიშნებს, რომ პოლიციელები ევროპულ ქვეყნებშიც ძალადობენ და მათ ქმედებაზე სახელმწიფოს პასუხი არ აქვს. “მითების დეტექტორმა” წარსულშიც გადაამოწმა ევროპულ ქვეყნებში პოლიციელების ძალადობის ამსახველი ვიდეოები. მათი ნაწილი დასავლურ ქვეყნებში გადაღებული არ იყო. ვრცლად წაიკითხავთ მასალაში: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
ქვეყანა/ორგანიზაცია: ფინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist