27 მაისს “ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ქართველიშვილმა გადაცემაში ,,“გონიერი” სოსო მანჯავიძესთან ერთად” უკრაინის შექმნისა და რასა იუკნევიჩიენეს შესახებ შემდეგი მტკიცებები გააჟღერა:
- უკრაინა გარკვეული მიზნებით საბჭოთა კავშირის დროს ლენინმა, სტალინმა და ხრუშჩოვმა შექმნეს, მანამდე ამ ფორმით და ამ სახელით არ არსებობდა;
- რასა იუკნევიჩიანე 1987 წელს კგბ-ს მიერ შექმნილი პარტიის რეგიონალური უფროსი იყო;
გარდა ამისა, ქართველიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რომ უკრაინაში ერთ დღეში, ყოველგვარი საპარლამენტო კომისიების დასკვნის და არგუმენტაციის გარეშე, 14 პარტია გააუქმეს და 5 ცენტრალური ტელევიზია კი დახურეს.
- 1987 წელს რასა იუკნევიჩიენე მუშაობდა პედიატრად პასვალის საავადმყოფოში, 1988 წელს კი შეუერთდა ლიტვის დამოუკიდებლობის მოძრაობას – „საიუდისს“, რომელსაც თავად კგბ საფრთხედ აღიქვამდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ იუკნევიჩიენე კგბ-სთან იყო დაკავშირებული.
- მტკიცება, თითქოს უკრაინა საბჭოთა პერიოდში შეიქმნა და მანამდე ამ ფორმით არ არსებობდა, მანიპულაციურია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რეჟიმმა გარკვეული როლი ითამაშა თანამედროვე უკრაინის საზღვრების და ადმინისტრაციული სისტემის ჩამოყალიბებაში, უკრაინა როგორც ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული ერთეული საბჭოთა კავშირის შექმნამდე გაცილებით ადრე არსებობდა.
- საომარი მდგომარეობის ფარგლებში უკრაინამ დროებით შეწყვიტა მხოლოდ იმ პოლიტიკური პარტიების და მედიის საქმიანობა, რომლებიც რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდნენ და პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებდნენ. გადაწყვეტილებები მიღებული იყო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, რასაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა.
-
რას საქმიანობდა რასა იუკნევიჩიენე 1980-იან წლებში?
დავით ქართველიშვილმა სოსო მანჯავიძის გადაცემაში განაცხადა, რომ რასა იუკნევიჩიენე 1987 წელს ლიეტუვის კგბ-ს მიერ შექმნილი პარტიის რეგიონული უფროსი იყო, თუმცა, რეალურად, 1987 წელს იუკნევიჩიენე, ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა, ერთი წლის შემდეგ, 1988 წელს კი, ის ლიეტუვის დამოუკიდებლობის მოძრაობაში ჩაერთო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საბჭოთა კავშირიდან ლიეტუვის გამოსვლის პროცესში.
რასა იუკნევიჩიენე 1977-1983 წლებში კაუნასის მედიცინის ინსტიტუტში სწავლობდა. 1983 წელს იუკნევიჩიენემ პანევეჟისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა, 1984 წლიდან 1990 წლამდე კი პედიატრად პასვალის საავადმყოფოში მუშაობდა. 1988 წელს რასა იუკნევიჩიენე ლიეტუვის რეფორმების მოძრაობაში (Sąjūdis) ჩაერთო, 1989 წელს კი პასვალის რაიონის საბჭოს თავმჯდომარე გახდა.
ლიეტუვის რეფორმების მოძრაობა 1988 წლის 3 ივნისს ვილნიუსში დაარსდა. მოძრაობა წარმოიშვა როგორც სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ლიეტუვის ინტელექტუალები, ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები. თავდაპირველად მისი მიზანი გორბაჩოვის პერესტროიკის მხარდაჭერა იყო, თუმცა მალევე მოძრაობამ დაიწყო ლიეტუვის სუვერენიტეტისა და საბოლოოდ – დამოუკიდებლობის მოთხოვნა. საიუდისის საინიციატივო ჯგუფი 1988 წლის 3 ივნისს შეიკრიბა ვილნიუსში, ლიეტუვის მეცნიერებათა აკადემიაში. ამ კრებას 500 ადამიანი ესწრებოდა, შეხვედრის ოფიციალური თემა იყო ლიეტუვის სსრ-ს რეფორმების განხილვა, მაგრამ მონაწილეები გადადიოდნენ უფრო ღია, პოლიტიკურ თემებზე, როგორიც იყო სტალინიზმის მსხვერპლთა ხსენება და 1940-1941 წლების არქივების გამოქვეყნების მოთხოვნა. მოძრაობის გამორჩეული ფიგურები იყვნენ მუსიკათმცოდნე ვიტაუტას ლანდსბერგისი (შემდგომში საიუდისის ლიდერი და დამოუკიდებელი ლიეტუვის პირველი მეთაური) და კულტურის მკვლევარი მეილე ლუკშენე.
კგბ საიუდისს როგორც საბჭოთა წყობილებისთვის საფრთხეს ისე აღიქვამდა. 1988-1990 წლების კგბ-ს დოკუმენტები აჩვენებს, რომ საბჭოთა უშიშროებამ გააძლიერა მოძრაობის მეთვალყურეობა, ცდილობდა მისი ლიდერების დისკრედიტაციასა და საქმიანობის შერყევას. კგბ-ს მოქმედებები მოიცავდა აგენტების ჩანერგვას მოძრაობაში, დეზინფორმაციის გავრცელებას და მოძრაობის ლიდერების დისკრედიტაციას. მაგალითად, კგბ ცდილობდა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, რათა შეენარჩუნებინა საბჭოთა კავშირის გავლენა ლიეტუვაში. მიუხედავად ამისა, საიუდისმა დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვა და გადამწყვეტი როლი შეასრულა ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღდგენაში. 1990 წლის 11 მარტს, ლიეტუვამ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან. ამასთან, არცერთი არქივური დოკუმენტი და არც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში გამოქვეყნებული კგბ-ს მასალები არ მოწმობს იმას, რომ რასა იუკნევიჩიენე ოდესმე დაკავშირებული იყო კგბ-ს ან მის მიერ კონტროლირებულ პოლიტიკურ პროექტებთან. უფრო მეტიც, 1990 წელს რასა იუკნევიჩიენე გახდა სეიმის დეპუტატი და 1990 წლის 11 მარტის დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა.
“მითების დეტექტორმა” წარსულში ასევე გადაამოწმა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი გორბაჩოვის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. გარდა ამისა, კრემლი 2015 წლიდან გაყალბებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს დეზინფორმაციას, თითქოს ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი, დალია გრიბაუსკაიტე KGB-ს აგენტი იყო. 2020 წელს “მითების დეტექტორმა” “ქართული მარშის” დამფუძნებლის, ერმილე ნემსაძის მიერ გავრცელებული იდენტური მტკიცება გადაამოწმა.
-
მითი, თითქოს უკრაინა საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა
უკრაინის ისტორია იწყება არა ლენინის, სტალინისა და ხრუშჩოვის დროს, არამედ ბევრად ადრე, შუა საუკუნეებიდან. ამ მიწებზე სლავური ტომები IV საუკუნის შემდეგ დასახლდნენ. IX საუკუნიდან XIII საუკუნემდე კიევი იყო კიევის რუსის – აღმოსავლეთ სლავების სახელმწიფოს პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური ცენტრი. სწორედ კიევის რუსი ითვლება უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის საერთო ისტორიულ წინაპრად. XIII საუკუნეში ეს ტერიტორია მონღოლებმა დაიპყრეს.
XVII საუკუნეში უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა კაზაკთა ჰეტმანატი, ნახევრადავტონომიური სახელმწიფო, რომელიც ხმელნიცკის აჯანყების შედეგად შეიქმნა პოლონეთის წინააღმდეგ. ის დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, მანამ, სანამ რუსული იმპერიის გავლენაში მოექცეოდა.
უკრაინული მიწები მეზობელი იმპერიების გავლენის ქვეშ არაერთხელ აღმოჩნდა, მათ შორის იყო პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა, ჰაბსბურგთა იმპერია, ოსმალეთი და რუსეთი – რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის რეალიზაციას აფერხებდა. ეროვნული იდენტობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომი პერიოდი, როდესაც უკრაინელებმა მიიღეს შესაძლებლობა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობისკენ ნაბიჯები გადაედგათ. სწორედ ამ პერიოდში კიევში დაარსდა ცენტრალური რადა – წარმომადგენლობითი ორგანო, რომელსაც ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე მიხეილ გრუშევსკი ხელმძღვანელობდა. გრუშევსკი უკრაინისთვის უფრო მეტ ავტონომიას და საბოლოოდ დამოუკიდებლობას მოითხოვდა. ამავე პერიოდში უკრაინელმა ჯარისკაცებმაც შექმნეს ეროვნული ნაწილები, რომლებიც ეროვნული არმიის საფუძვლად შეიძლებოდა ქცეულიყო, თუმცა თუმცა, უკრაინის ჩანასახოვანი სახელმწიფოებრიობა საფრთხის ქვეშ დადგა, როდესაც ბოლშევიკებმა, ლენინის ხელმძღვანელობით ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. 1918 წლის იანვარში კიევში ოფიციალურად გამოცხადდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა – ეს იყო ცენტრალური უკრაინის, ანუ იმ ნაწილების სახელმწიფო, რომელიც რუსეთის იმპერიის გავლენისგან გამოდიოდა. იმავე წელს, 1918 წლის იანვარში დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა, რომელიც იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორია. 1919 წლის იანვარში ორივე რესპუბლიკამ გამოაცხადა ერთიანობის აქტი (Злука), რაც იყო ერთგვარი სიმბოლური მცდელობა უკრაინის ტერიტორიული ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გამოხატვისთვის.
ამავე პერიოდში ლენინის ხელმძღვანელობით ბოლშევიკებმა უკრაინაში შეიარაღებული ინტერვენცია დაიწყეს. 1918 წლის თებერვალში წითელმა არმიამ აიღო კიევი და სამხედრო ძალით გააუქმა დამოუკიდებელი უკრაინული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ბოლშევიკურმა მთავრობამ უკრაინის დამოუკიდებლობა აღიარა, ფაქტობრივად, მანვე დაასრულა მისი არსებობა. ასე რომ, უკრაინის სახელმწიფოებრიობა არამც თუ შეიქმნა ლენინის მიერ, არამედ ის შეეწინააღმდეგა ამ პროცესს და ძალადობრივად დაასრულა უკრაინის დამოუკიდებლობის პირველი ეტაპი.
საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებისას უკრაინული მიწები საბჭოთა კავშირის ნაწილი გახდა, ჩამოყალიბდა უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საბჭოთა უკრაინა ნაწილობრივ ინარჩუნებდა ფორმალურ ავტონომიას, მაგრამ რეალურად ექვემდებარებოდა მოსკოვიდან მართულ ცენტრალიზებულ სისტემას. ლენინის მიერ შემუშავებული ე.წ. ეროვნული პოლიტიკა, რომელიც ზოგჯერ მცირედ ადგილობრივ ინიციატივებს აღიარებდა, მხოლოდ დროებითი სტრატეგია იყო, რათა გარეგნულად შეენარჩუნებინა ყოფილი იმპერიის ერთიანობა.
ამ პერიოდიდან მოყოლებული, უკრაინამ მრავალი ტრაგედია გადაიტანა. სტალინის პოლიტიკა განსაკუთრებით დამანგრეველი იყო უკრაინული იდენტობისთვის. ყველაზე ტრაგიკული მოვლენა იყო ჰოლოდომორი – 1932-1933 წლებში შექმნილი ხელოვნური შიმშილობა, რომელმაც მილიონობით უკრაინელი იმსხვერპლა და გენოციდად არის შეფასებული.
1954 წლის 19 თებერვალს, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა ოფიციალურად გამოსცა დეკრეტი, რომლითაც ყირიმი, რომელიც 1783 წლიდან რუსეთის შემადგენლობაში იყო, უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ნიკიტა ხრუშჩოვის ინიციატივით მიიღეს, რომელიც იმ დროისთვის იყო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი იყო. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავდა უკრაინის „შექმნას“. უკრაინის სსრ უკვე არსებობდა 1919 წლიდან, როგორც საბჭოთა რესპუბლიკა, ყირიმის გადაცემა კი არ ცვლიდა უკრაინის სტატუსს, ის კვლავ რჩებოდა საბჭოთა რესპუბლიკად, ხოლო ყირიმი მის შემადგენლობაში მოქცეული რეგიონი გახდა.
როდესაც 1990-91 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო, უკრაინის საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ 1990 წლის 16 ივლისს სუვერენიტეტი გამოაცხადა. 1991 წლის აგვისტოში ჩატარებულ რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 84%-მა მიიღო, მათმა 90%-მა ხმა მისცა დამოუკიდებელ უკრაინას. 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის საბოლოო დაშლის შემდეგ, უკრაინამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც რუსეთის მხრიდანაც იყო აღიარებული, მაშინდელი პრეზიდენტის, ბორის ელცინის, მიერ.
მითი, თითქოს უკრაინა საბჭოთა კავშირის დროს შეიქმნა და მანამდე არ არსებობდა, კრემლის პროპაგანდის ნაწილია. ამ ნარატივს უკვე წლებია ავრცელებს რუსეთის ხელისუფლება, განსაკუთრებით აქტუალური კი 2022 წლის თებერვალში გახდა, როცა ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინა შეიქმნა ბოლშევიკების, კერძოდ კი ვლადიმერ ლენინის მიერ. მისივე სიტყვებით, ეს იყო ისტორიული რუსეთის მიწების ხელოვნური გაყოფა და თანამედროვე უკრაინა – „ლენინის უკრაინა“ იყო.
ამ გზით კრემლი ცდილობს უკრაინის, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული ერისა და პოლიტიკური ერთეულის, დელეგიტიმაციას. თუმცა ისტორიული რეალობა სრულიად სხვაგვარ სურათს აჩვენებს: უკრაინას სახელმწიფოებრივი მისწრაფებები და იდენტობა იმაზე უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი შეიქმნებოდა.
-
რა ვიცით უკრაინაში ოპოზიციური პარტიებისა და მედიების აკრძალვის შესახებ?
რაც შეეხება უკრაინაში ოპოზიციური პარტიების და მედიების აკრძალვას, რეალურად, უკრაინაში შეჩერდა მხოლოდ იმ პარტიებისა და არხების საქმიანობა, რომლებიც რუსეთთან იყვნენ დაკავშირებულნი ან ხელს უწყობდნენ პრორუსულ პროპაგანდას. 2022 წლის 20 მარტს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, საომარი მდგომარეობის პერიოდში 11 პარტიის საქმიანობა შეჩერდა, მათ შორის იყო “ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის” (ОПЗЖ), რომელიც რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ვიქტორ მედვედჩუკის პარტიაა.
უკრაინაში პრორუსული არხების წინააღმდეგ მოქმედებები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს. 2021 წელს, ოლიგარქ ტარას კოზაკის მფლობელობაში მყოფ სამ არხს (ZIK, NewsOne, 112 Ukraine) მაუწყებლობა 5 წლით აეკრძალა, რადგან ისინი პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებდნენ და არსებობდა მტკიცებულება, რომ ფინანსდებოდნენ რუსეთიდან. აღსანიშნავია ისიც, რომ Freedom House-ის შეფასებით, უკრაინაში ომის მედია გარემო მეტად ცენტრალიზებული გახდა და მთავრობის კონტროლის ქვეშ მოექცა, რაც გარკვეულ შეშფოთებას იწვევს მედიის დამოუკიდებლობასთან და პლურალიზმთან დაკავშირებით.
ამ თემაზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული მასალები:
- რა ვიცით პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით უკრაინაში, მოლდოვაში, საფრანგეთსა და გერმანიაში?
- ვინ აკრძალა ზელენსკიმ – ოპოზიცია თუ პრორუსული პარტიები და მედიები?
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.